ბრიუსი ძალიან შეიცვალა. როგორც ჩანს, მეორე ქორწინებამ და კიდევ ერთი პატარა გოგონას დაბადებამ უფრო თავაზიან და სასიამოვნო კაცად აქცია. მანამდე ჟურნალისტებთან თავხედობა უფრო ხიბლავდა. დემი მურთან დაშორების შემდეგ რამდენიმე წელში უილისი მოდელსა და მსახიობ ემა ჰემინგზე დაქორწინდა, რომელიც მასზე 23 წლით უმცროსია. წყვილს შარშან გაუჩნდა ქალიშვილი მეიბლ რეი და ბრიუსი ახალგაზრდა დედას სიამოვნებით ეხმარება ბავშვის გაზრდაში.
"მფარველური" ხასიათი მაქვს"
- ერთ დროს მართლა მაგარი ხულიგანი ვიყავი. ჩემთან ურთიერთობა არ იყო დიდად სასიამოვნო... ახლა ცოტა დავბერდი, უფრო მგრძნობიარე გავხდი, მეტადაც ვტირი.
- იოლი იყო სიქველში - "რედ-2"-ში გადაღება?
- როცა მე მსახიობობას ვიწყებდი, არავინ იცოდა ეს სიტყვა - "სიქველი". ჩვენ ვამბობდით: "მოდით, კიდევ ერთი "კერკეტი კაკალი" დავიწყოთ". ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. წინასწარ თუ რამდენიმე სიქველი არ არის გათვალისწინებული, ისე პირველი ფილმის გადაღებასაც კი არ იწყებენ. თუმცა პირველ "რედ"-ში ძალიან სახალისო იყო თამაში. გადაღებებს შორის წელიწად-ნახევარი გავიდა და ისევ რომ შევიკრიბეთ, მართლა სასიამოვნო განცდა დაგვეუფლა. გამიხარდა, რომ თვით ენტონი ჰოპკინსი შემოუერთდა ჩვენს გუნდს. მე მისი დიდი ფანი ვარ.
- მან ძალიან დადებითად დაგახასიათათ, როგორც მეგობრული, მხიარული და სასიამოვნო ადამიანი... ფილმში პენსიაში გასულ დაზვერვის აგენტს თამაშობთ და ძალიან მოხერხებულად იცავთ მეგობარ გოგონას. ალბათ ცხოვრებაშიც საუკეთესო დამცველი ხართ?
- საერთოდ, "მფარველური" ხასიათი მაქვს. ოთხ ქალიშვილთან სხვანაირი ვერ იქნები. უმცროსი წლის და ოთხი თვისაა და დიდი ყურადღება სჭირდება. ვცდილობ, ჩემი მშვენიერი ცოლიც ყველა საფრთხისგან დავიცვა. ბოლო რამდენიმე თვე ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობდი, როგორც იცით, მუდმივად ნიუ-იორკში ვარ დაბანაკებული. ლოს-ანჯელესში კი უამრავი პაპარაცია. სულ არ მინდოდა, რომ მათ ჩემი ოჯახი დაეშინებინათ კამერებით. ასე რომ, სულ მზად ყოფნა მიწევდა.
"ქალები კაცებზე ჭკვიანები არიან"
- ექშენ-ფილმებში ქალებიც იყენებენ ბოლო დროს იარაღს და კაცებს უტოლდებიან. თქვენი აზრით, რა არის ქალის ყველაზე სახიფათო იარაღი?
- იცით რა, მე მჯერა, რომ ქალები კაცებზე გაცილებით ჭკვიანები არიან. მიმაჩნია, რომ ისინი ყველაფრის სათავეში უნდა იყვნენ. ქალი უნდა იყოს ამერიკის პრეზიდენტი და საერთოდაც მთელი მსოფლიოსი. სერიოზულად ვამბობ! ასე რომ, ქალის მთავარი საიდუმლო იარაღი ჭკუა და საზრიანობაა. ვაღიარებ, სიმპათიებით ვარ ინგლისის დედოფლისადმი. მაგარი ქალია. 60 წელია ქვეყანას მართავს.