საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ქართლოს ღარიბაშვილის გარეშე უკვე ფაქტიურად წარმოუდგენელია. ოდიოზურმა ქართველმა ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ წლევანდელ არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ამიტომ საუბარიც მისი საპრეზიდენტო პროგრამის ძირითადი ნაწილის გაცნობით დავიწყეთ:
- ეს ის პროგრამაა, რომელიც მთელმა საქართველომ ძალიან კარგად იცის. აუცილებელია სასამრათლო სისტემის რეფორმა, რაც გამოიწვევს სამართლიანობის აღდგენას. ბურჯანაძე-ბაქრაძის მიერ მიღებულ კანონებში ცვლილებების შეტანა. მე ჯერ კიდევ 2009 წელს გავაკეთე პროგრამა "ადვოკატის მანიფესტი" და იქ ყველაფერი გარკვევით წერია. საქართველო პროკურორების ქვეყანა იყო და უნდა გახდეს ადვოკატების ქვეყნა.
- თქვენ ყველა საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდით მონაწილეობას, როგორ ფიქრობთ, ადრე რატომ არ აგირჩიათ ხალხმა?
- მე მოვლენებს გავასწარი და ჯერ კიდევ 1995 წელს პროგრამაში მეწერა სტუდენტურ სესხებზე, სხვაზე რომ არაფერი ვთქვა. ერთ ფაქტს დავაფიქსირებ - რა გზით წავიდა საქართველო 1995 წლის მერე, ხომ ყველამ ვნახეთ? მე პირდაპირ ვამბობ: ჩემი გზით რომ წავსულიყავით ყველაფერი უკეთ იქნებოდა. ისე, მე ამ არჩევნებში არ ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, მაგრამ "სუპერმენმა" (ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ) დღემდე რასაც დაგვპირდა, ყველაფერი შეასრულა, ის დემოკრატიულ არჩევნების ჩატარებას დაგვპირდა და ამიტომ გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება. წინა არცერთი არჩევნები არ ჩატარდა დემოკრატიულად, ამიტომაც დავმარცხდი, თორემ ხალხმა მე დამიჭირა მხარი. ერთხელ დედაჩემთან მივიდნენ ინტერვიუზე და მან უთხრა - ქართლოსი არ აირჩიოთ პრეზიდენტადო, ჟურნალისტს გაუკვირდა - რატომო, მან უპასუხა - მუშაობით დაგხოცავთო.
- 2008 წელს ცესკომ უარი გითხრათ რეგისტრაციაზე, როგორ ფიქრობთ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ თქვენ იყავით სააკაშვილის ერთადერთი რეალური კონკურენტი?
- დიახ, მე ვფიქრობ, სწორედ ასე იყო, დამბლოკეს, იმიტომ რომ მათ ჩემში დაინახეს ის, ვინც შეძლებდა სააკაშვილის დამარცხებას.
- თქვენ განაცხადეთ, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში ივანიშვილს დატოვებთ პრემიერად. მიმართეთ ამ წინადადებით პრემიერს?
- ალბათ მომიწევს ივანიშვილთან შეხვედრა. მე მას წარვუდგენ ჩემს პროგრამას, ეჭვი არ მეპარება, შევთანხმდებით, რომ მან მიხედოს იმ სფეროს, სადაც ის "სუპერმენია" და ეს სფეროა ეკონომიკა და მე კიდევ მივხედავ სასამართლო სისტემას, სადაც მე ვარ "სუპერმენი". შეიძლება ითქვას, რომ ის გაიჭედა სამართლიანობის საკითხში.