ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიაში, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო უბნების დასაკომპლექტებლად საკუთარი წარმომადგენლები ამ დრომდე არ წარუდგენიათ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო უბნებში წევრების წარდგენის უფლება მხოლოდ 7 პოლიტიკურ პარტიას, 3 სექტემბრამდე აქვს. ესენია: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პოლიტიკური სუბიექტები "რესპუბლიკური პარტია", "კონსერვატიული პარტია", "ეროვნული ფორუმი", "თავისუფალი დემოკრატები" და "მრეწველები".
პოლიტიკური პარტიების ქუთაისის ოფისებში განმარტავენ, რომ მათთვის აუცილებლია საარჩევნო უბნებში ერთგული წარმომადგენლები ჰყავდეთ. "მთავარია, ერთგული ადამიანი იყოს. სხვა დანარჩენს კი ეშველება და ისწავლის. თუმცა, ის რომ კოალიციის ათობით წარმომადგენელი სხვა პოლიტიკურ გუნდში გადავიდა, ეს ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია", - ამბობს კოალიცია "ქართული ოცნების" ქუთაისის შტაბის უფროსი, მანანა მიქაძე.