ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ციხეებში პატიმრების წამებაზე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის კომენტარს ეხმაურება.
"ესენი ნორმალურები არიან?
ამ საოცარ ისტორიებს რომ ყვებით, სამართლებრივი ქმედება რატომ არ მოყვება თქვენს სიტყვებს?
ვინც წინა ხელისუფლებამ დააპატიმრა ადამიანების წამებისთვის - ახალმა ხელისუფლებამ საპროცესო გარიგებებით გაათავისუფლა, ან სასჯელი შეუმსუბუქა.
ვინც ახალმა ხელისუფლებამ დააპატიმრა, მათზე პროკურატურამ მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, მოწმეებად ვინც მოიყვანა, მათმა დიდმა ნაწილმა ჩვენებები შეცვალა.
ვინმე შეაგნებინებს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უაპელაციოდ საშინელებათა ფილმების სიუჟეტების მოყოლა, თუ ამას შესაბამისი სამართლებრივი ნაბიჯები არ მოყვება, მათივე საწინააღმდეგოდ მოქმედებს?", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატ აკაკი მინაშვილის ბრალდებას, ციხეებში კრიმინალის დაბრუნების თაობაზე შემდეგნაირად უპასუხა: "ნაწამები და გაუპატიურებული არაერთი მსჯავრდებულია, მათ შორის, ბავშვები. ბევრი პატიმარი ჰყვება, რომ მათი წამება ხდებოდა პროზექტურაშიც, სადაც მათ მიცვალებულებთან ერთად ათავსებდნენ და სასტიკი წამების შემდეგ მიცვალებულებთან ტოვებდნენ". სწორედ ამ კომენტარს გამოეხმაურა "ტაბულას" მთავარი რედაქტორი.