"თორნიკუნა" - ასე ეძახიან რაჭველები თავიანთ "რაჭის ბურჯს", "რაჭველების სიამაყეს" - თორნიკე სხიერელს. თორნიკე წარმოშობით ონის რაიონის სოფელ სხიერიდანაა. რაჭული ფოლკლორული ნიმუშების ჩაწერა-შეგროვება 7 წლის ასაკიდან დაიწყო. მოგვიანებით კი ეს სამოყვარულო საქმიანობა პროფესიად აქცია და უკვე 4 წელია, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დახმარებით ექსპედიციებს ახორციელებს... მის მიერ თავმოყრილი საარქივო მასალაც ცენტრის არქივში ინახება. თორნიკე მღერის, უკრავს ხალხურ საკრავებზე და ამას სხვებსაც ასწავლის. რაჭველების თქმით, საშვილიშვილო საქმეს აკეთებს...
თორნიკე სხიერელი:
- ოჯახში ყველა მღეროდა: ბაბუები, ბებიები, მათი და-ძმები, მშობლები. ასე რომ, ამ საქმით ჩემი დაინტერესება პირველ რიგში, ოჯახურმა გარემომ განაპირობა. ძირითადად, ონის რაიონის სოფელ სხიერში, ბებიასთან ვიზრდებოდი. ვხედავდი შრომის ან დასვენებისას მომღერალ მოხუცებს. ზოგჯერ სანახაობასაც აწყობდნენ. ინტერესი გამიჩნდა და ტექსტებს, ამბებს, ძველ მონათხრობებს, შაირებსა და ლექსებს ვიწერდი. მომავალი პროფესიაც ჩემს ინტერესს დავუკავშირე - თბილისის სასულიერო აკადემიასთან არსებული, გიორგი მთაწმინდელის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. ვგალობდი, დიდუბის საკათედრო ტაძრის რეგენტი ვიყავი, მაგრამ ჯანმრთელობის გამო ეს საქმიანობა დროებით შევწყვიტე.
- ერთია შენი მონდომება და ინტერესი, აღმოაჩინო და ჩაიწერო ფოლკლორული ნიმუშები, მაგრამ რთულია ხალხთან კონტაქტის დამყარება, ნდობის მოპოვება...
- ნამდვილად ასეა. მაგრამ რადგან ამ ადამიანების თვალწინ გავიზარდე და მათთვის უცხო არ ვიყავი, ამ პრობლემის წინაშე არ დავმდგარვარ. დღემდე ცდილობენ, მაქსიმალურად დამეხმარონ. პერიოდულად მიკავშირდებიან, თუ ვინმემ რაიმე ახალი გაიხსენა.
- რაჭის გარდა რომელი კუთხის შესწავლას აპირებ?
- წელს სვანეთში მინდოდა წასვლა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემის გამო ვერ შევძელი. სვანეთი და რაჭა საოცრად უკავშირდება ერთმანეთს მუსიკალური თვალსაზრისით. სვანეთის ფოლკლორული ნიმუშები არაერთხელაა ჩაწერილი, მაგრამ მინდა მოვახდინო მათი შედარება სამეცნიერო კვლევისთვის. ეს მხოლოდ სიმღერებს არ ეხება: ქართულ ფოლკლორში მუსიკა, ზეპირსიტყვიერება და ქორეოგრაფია ერთმანეთისგან განუყოფელია, ისინი ყოველთვის ერთად, სინკრეტულად სრულდებოდა.
- ზოგიერთი სპეციალისტის თქმით, ქართული ფოლკლორი გარკვეული საფრთხეების წინაშე დგას. თქვენი დაკვირვებითაც ასეა?
- უამრავი ანსამბლი და ფოლკლორული ჯგუფია ჩვენს დედაქალაქში, მაგრამ მათი შესრულება ყოფას მოკლებულია, სცენაზე გადმოტანილი სიმღერა კი, თავისთავად, არაბუნებრივად სრულდება. განსაკუთრებული ყურადღება რაიონებისთვისაა მისაქცევი. რამდენი დისკიც უნდა გამოიცეს, აზრს მოკლებული იქნება, თუკი ეს სიმღერები ყოფაში არ დარჩება, დაიკარგება. ამა თუ იმ ნიმუშის მახასიათებლები, საშემსრულებლო მანერა, ფუნქცია დაცული და სათანადო ფორმაში უნდა იყოს მოქცეული. ფოლკლორი გვაძლევს გარკვეულ ფარგლებში იმპროვიზაციის საშუალებას, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ სიმღერას სახე შეეცვალოს. ქართული ფოლკლორი არ არის კონკრეტული პიროვნებების მონაპოვარი, არამედ - ერის განძია. ის ჩვენით არ დაწყებულა და არც დამთავრდება, მასში ჩვენი გენეტიკური კოდია ჩადებული და ცოტა მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო.
- ფოლკლორული ნიმუშებით რომელი კუთხეებია უფრო მდიდარი?
- 20 ჯგუფი რომ გაუშვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ნიმუშების ჩასაწერად და მოგვიანებით ეს გაიმეორო, აბსოლუტურად განსხვავებულ ვარიანტებს შეხვდებიან. ზოგადად, ფოლკლორი იმდენად იმპროვიზებულია, ვერასოდეს ვიტყვით, რომ ამოვწურეთ, ყველაფერი ამოვკრიბეთ. გურული ფოლკლორი დღეს ძალიან პოპულარულია, რადგან თავის დროზე ამ მხარეს პატრონი გამოუჩნდა და მუსიკალურ ფოლკლორს ყურადღება მიექცა. მაგალითად, ქართლური ფოლკლორი მწირადაა დაფიქსირებული. ვფიქრობ, ამის მიზეზად ის ფაქტი შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს მხარე ქალაქთან ახლოს იყო, ექსპედიტორებს კი უფრო მთაზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი. ამიტომ, ქართლი თითქოს უფრო უყურადღებოდ დაგვრჩა...
- ფოლკლორის შესწავლა დიდ ძალისხმევასა და შესაძლებლობებს მოითხოვს, არა?
- რასაკვირველია. საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო ექსპედიციების მოსაწყობად, საველე სამუშაოებისა და სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად. აუცილებელია ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობა, ახალგაზრდების სასწავლებლად წასვლა, რათა მეცნიერული მუშაობა გამდიდრდეს. ქართული სიმღერა ხომ მსოფლიო მონაპოვარია - ეს გენიოსებმა აღიარეს...
- ზოგადად, ახალგაზრდები რამდენად არიან დაინტერესებული ფოლკლორით?
- აღსანიშნავია, რომ ჩვენი თაობა ძალიანაა დაინტერესებული, უბრალოდ, ეს ინტერესი მხოლოდ ენთუზიაზმზეა დამოკიდებული. ამის გამო, დიდი პოტენციალის მქონე ბევრი ახალგაზრდა ადრე თუ გვიან, თავს ანებებს ამ საქმიანობას და სხვა საქმეს ჰკიდებს ხელს, რადგან მოგეხსენებათ, დღევანდელ რეალობაში მხოლოდ ენთუზიაზმით თავის გატანა შეუძლებელია.
- რამდენად დაინტერესებული არიან უცხოელები ქართული ფოლკლორით?
- ახლახან გამოხატეს დაინტერესება ამერიკიდან და მალე გაირკვევა ჩაფიქრებული პროექტის ბედი: საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დიდი ექსპედიცია უნდა ჩატარდეს. დაფინანსება და აღჭურვილობა მათი იქნება, მე გზამკვლევობასა და კოორდინაციას გავუწევ.
- ხშირად ამბობენ, რომ ქართული ფოლკლორული მუსიკა "გაყიდვადი" არ არის... იქნებ უბრალოდ არ ვიცით, როგორ უნდა "შევფუთოთ"?
- სწორედაც! საჭიროა კარგი მენეჯმენტი და ცოდნა, თუ როგორ უნდა მივაწოდოთ ფოლკლორული მუსიკა საზოგადოებას, მსოფლიოს. არ შეიძლება, მხოლოდ "შენთვის" იმღერო. ამ საქმისადმი პრაქტიკული მიდგომაა საჭირო. მსოფლიომ უნდა გაიგოს, რა ღირებულებების მატარებელი ერი ვართ. საფრანგეთი, იაპონია, გერმანია, ჩინეთი - დაინტერესებული არიან ჩვენი ფოლკლორით. ახლახან ლონდონში იყო რამდენიმე ქართული ანსამბლი და იქაც აღფრთოვანებული დარჩნენ. შემიძლია გითხრათ, რომ თითქმის ყველა ქვეყანა გამოხატავს ინტერესს, უბრალოდ, ჩვენ არ ვაქცევთ ამას სათანადო ყურადღებას. ამ სფეროსადმი მთავრობამ, მხედრობამ, ერმა და ბერმა მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ. თუკი გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი გავხდეთ, ამის ერთ-ერთი მთავარი საშუალება - ხალხური შემოქმედებაა, რითაც ჩვენს სიტყვას ვიტყვით მსოფლიო არენაზე...
შორენა ლაბაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)