რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, სოჭში ყველა სახის აქციისა და მანიფესტაციის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება.
პუტინის მიერ გამოცემულ ბრძანებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა ადამიანის უფლებების და ჰომოსექსუალთა უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც სოჭში, ოლიმპიური თამაშების დროს, დემონსტრაციების გამართვას გეგმავდნენ რუსეთის მიერ ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მიღებული კანონის გასაპროტესტებლად.
"ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" ამკრძალავი კანონი რუსეთში ივნისის ბოლოს მიიღეს, რასაც საყოველთაო აღშფოთება მოჰყვა. ზოგიერთმა სპორტსმენმა სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება გადაწყვიტა, თუმცა მათ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს 2014 წლის 7 თებერვალს აიღებს.
მომზადებულია euronews.com-ის მიხედვით.