ამერიკაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, რომან კრიხელისა და მისი ფერწერული ტილოს - "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალის" შესახებ ამჯერად ამერიკული გამოცემა Huffington Post წერს და ხელოვნებათმცოდნე მალკოლმ ჰარისის სტატიას აქვეყნებს.
როგორც მალკოლმ ჰარისი აღნიშნავს, კრიხელის ახალი შედევრის ხელში ჩასაგდებად, რომელსაც ამერიკელი ხელოვნებათმცოდნე "21-ე საუკუნის მონა ლიზას" უწოდებს, რამდენიმე ადამიანი იბრძვის, მათ შორის კვლავ სახელდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სტატიის ავტორს არა საქართველოს პრემიერ- მინისტრად, არამედ რუს მილიარდერად და ხელოვნების მოყვარულად ჰყავს მოხსენებული.
"მართალია, საგამოძიებო ჟურნალისტიკას არ მივეკუთვნები, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ადამიანს შორის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული "21-ე საუკუნის მონა ლიზას" შეაძენად. ამბობენ, რომ კრიხელის ნამუშევრით უკვე დაინტერესდნენ "ფეისბუქის" დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი და YouTube-ის თანადამაარსებელი ჩად ჰარლი. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ ბრძოლაში მათ დიდ კუნკურენციას გაუწევენ ხელოვნების რუსი მოყვარული მილიარდერები – რომან აბრამოვიჩი და ბიძინა ივანიშვილი, რომლებიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფერწერული ნამუშევრების მფლობელები არიან. სავარაუდოდ, ამ ბრძოლაში რუსებს მცირედი უპირატესობა მაინც ექნებათ, რადგან საქმე მათ ეროვნულ სიამაყეს ეხება. ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ კრიხელის ფერწერული ტილოები უკვე ინახება რუსეთისა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებში", - წერს მალკოლმ ჰარისი და დასძენს, რომ თავად ქართველ ხელოვანს არ ჰყავს ფავორიტები და მთელი მისი ყურადღება ჯერ არ გამოფენილი შედევრისკენაა მიმართული.
ქართველი მხატვარი რომან კრიხელი 30 წელზეა მეტია, ნიუ იორკში საქმიანობს. როგორც მალკოლმ ჰარისი აღნიშნავს, ქართველ მხატვარს უკვე წლებია, არ ჰქონია გამოფენები, თუმცა კარგად არის ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის, რომლებიც მოუთმენლად ელიან მისი ახალი შედევრის ხილვას. რომან კრიხელის ნამუშევართა მფლობელებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანია, მათ შორის ლენი კრავიტსი და მადონა.
მალკოლმ ჰარისი ასევე ვარაუდობს, რომ კრიხელის "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", სავარაუდოდ, 1 მილიონ დოლარად გაიყიდება. ჯერჯერობით, უცნობია, კრიხელის ახალი ნამუშევრის გამოფენის კონკრეტული თარიღი, ასევე ის, თუ ვინ არის გამოსახული ფეწერულ ტილოზე.
ერთ-ერთი ვერსიით, მასზე გმოსახულია ცნობილი რუსი დიზაინერი დაშა ჟუკოვა, რომელიც აბრამოვიჩის მეგობარია.
მომზადებულია Huffington Post-ის მიხედვით.