ბიზნესმენმა და პოლიტოლოგმა მერაბ რატიშვილმა რომანების წერა ციხეში დაიწყო, მაგრამ ციხის პერიოდზე არაფრის დაწერას არ აპირებს. ის, რაც ციხეში ნახა, ქართველი კაცის დეგრადაციის მაგალითად მიაჩნია. ამჟამად ფილმის სცენარზე მუშაობს, რომელსაც ჰოლივუდში გადაიღებენ. მართალია, საპყრობილე უკან დარჩა, მაგრამ ყოფილი პატიმრის დღევანდელი ყოფიდან მისი კვალი მაინც ძნელად იშლება.
საკანში გამოხდილი არაყი
- შვეიცარიის კლინიკაში გამოკვლევა ჩავიტარე. შვეიცარიელმა მედიკოსებმა სკანირება ჩამიტარეს და როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის იანვარში (ციხეში ყოფნისას) C ჰეპატიტითა და ტუბერკულოზით ჩემი ინფიცირების მცდელობა ყოფილა. მათ დამისახელეს დროც და ეს დაემთხვა გლდანის დაწესებულებაში ჩემი ყოფნის პერიოდს. კარანტინის დროს გარედან საკვების მოწოდება აკრძალული გვქონდა. საჭმელს დაწესებულების ადმინისტრაცია გვაძლევდა. დღეში 4-ჯერ სიგარეტს გვაძლევდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემს საკანში მყოფი 10 პატიმრიდან 2 ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული. ეტყობა, მაშინ სცადეს ჩემი დაინფიცირება. კარანტინის დროს სიგარეტს კი გვაძლევდნენ, მაგრამ არ გვაძლევდნენ ასანთს.
საკანში რადიოს ხაზი შემოდიოდა, სადენს მავთულს ვაცლიდით, ბალიშიდან ავიღებდით ცოტაოდენ ბამბას და ვახვევდით სადენის შუა ნაწილზე. სადენის ბოლოებს ვაერთებდით დენის წყაროში და მაგრად რომ დაიბუთქუნებდა, ბამბას ცეცხლი ეკიდებოდა. ამ გზით ვუკიდებდით სიგარეტს. ჩ ჰეპატიტით ჩემი დაავადება, ალბათ, იმიტომ უნდოდათ, რომ ამით უფრო ადვილად დაემტკიცებინათ ჩემი ნარკომანობა (მერაბ რატიშვილი სასჯელს ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარებისთვის იხდიდა), მაგრამ ძლიერი ორგანიზმი აღმომაჩნდა. ერთხელ ადვოკატთან რომ გამიყვანეს, დერეფანში სისხლის გუბე დავინახე. ამ დროს დერეფანში ციხის დირექტორმა თამაზ მელაძემ გამოიარა, თამაზ, ეს რა არის-მეთქი. ვიღაც გიჟია და ვერაფრით ვერ დავაწყნარეთ, სანამ არ სცემესო. თუ გიჟია, აქ რატომ გყავთ, სხვაგან გადაიყვანეთ-მეთქი. ვითხოვ, მაგრამ არ გადაჰყავთო.
გლდანის დაწესებულებას ცხვრების საპარსი ფაბრიკა დავარქვი. იქ ადამიანებზე ისეთი ზეწოლა ხდებოდა, იძულებული იყვნენ, ყველაფერზე მოეწერათ ხელი, რასაც მათგან ითხოვდნენ. თუ ვინმეს ხატს უპოვიდნენ, სცემდნენ და ხატებს ფეხით თელავდნენ. პატიმარზე ზეწოლის ერთ-ერთი მეთოდი იყო მუქარა, შიდსიანის ნემსს გაგიკეთებთო. რადგან ამას ვაპროტესტებდი, იმიტომ გაითამაშეს სპექტაკლი, ვითომ საკანი დაშალეს. სინამდვილეში კი შუაღამისას მხოლოდ მე გადამიყვანეს ორთაჭალის ციხეში. ციხის უფროსმა მელაძემ მითხრა, "პალაჟენიას" მიფუჭებდი და ამიტომ გადაგიყვანეთო. ორთაჭალიდან რუს¬თავის მე-6 დაწესებულებაში გადამიყვანეს. სწორედ იქ ბრაგისგან გამოვხადეთ არაყი. არყის გამოსახდელად გამოვიყენე ვედრო და მადუღარას დეტალი ბრაგის ასადუღებლად. ვედროს ზემოდან ცელოფანი გადავაფარეთ, მის ქვემოთ კი მოვათავსეთ ჯამი, სადაც არაყი წვეთავდა. თუ წაგვასწრებდნენ, ყველაფერს ჩემს თავზე ვიღებდი. ჩემი თანასაკნელები მაგარი ბიჭები აღმოჩნდნენ, არ გამყიდეს.
როდესაც ხალხს მოლოდინს შეუქმნი და მერე იმედს წაართმევ, არ გაპატიებს. რატომ ეზიზღებათ დღეს სააკაშვილი? იმიტომ, რომ შექმნა მოლოდინი, რომ საქართველოში სამართლიანობა და ქვეყნის აღმშენებლობა იქნებოდა, ყველაფერი კი პირიქით მოხდა. "ნაციონალურ ჯოჯოხეთში" 350 ათასმა კაცმა გაიარა სხვადასხვა სახის სამართლებრივი დევნა. 200-ზე მეტი ადამიანი პოლიტპატიმრად იქცა. ვსვამ კითხვას: ის პროკურორები, გამომძიებლები და მოსამართლეები, ვინც XXI საუკუნეში ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრად აქცია, არ უნდა დაისაჯონ? ჩემი პროკურორი ისევ თანამდებობაზეა. მოსამართლე ჯორბენაძე, რომელმაც 9 წელი სიცილ-სიცილით მომისაჯა, ისევ მოსამართლეა. მხოლოდ ჩემი საქმის შეკერვაში 22 სხვადასხვა თანამდებობის პირი მონაწილეობდა. ჩემი კუთვნილი ლიცენზიები ოქროსა და სპილენძის მოპოვებაზე სააკაშვილის ოჯახის ახლობლების ხელშია. ჩემს ცოლს და პარტნიორს დაემუქრნენ, თუ გინდათ, მერაბს ციხეში არაფერი მოუვიდეს, ქონება დათმეთო და გადაიფორმეს ლიცენზიები. წამართვეს მიწა მცხეთაში, სადაც გოლფის მოედანს ვაშენებდი. ამ მიწას ბეჟუაშვილებს სთავაზობდნენ, მაგრამ მათ ჭკუა ეყოთ და არ იყიდეს. ეს მიწა დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაა. "ქართული ოცნების" ღირსების საქმეა წართმეული ქონების დაბრუნება. ოფიციალური ინფორმაციით, 7 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ქონებაა წართმეული, მაგრამ რეალურად 10 მილიარდზე მეტიც იქნება.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია