"ვაშინგტონში ალასანია საქართველოსთვის ახალ, უფრო მოკრძალებულ მიზნებს აყენებს", - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა Eurasianet ჯოშუა კუცერას სტატიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ასალანიას აშშ-ში ვიზიტს.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მისმა ამერიკელმა კოლეგამ ჩაკ ჰეიგელმა ტრადიციული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველო-აშშ-ის მხარეები შეთანხმდნენ მომავალში თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებაზე.
"ივლისში ალასანიამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ჰეიგელთან შეხვედრა ნათელს მოჰფენდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებას ისეთ საკითხში, როგორიც ამერიკული სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენების უზრუნველყოფაა, რომელზეც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა იანვარში ისაუბრეს. თუმცა, ჰეიგელთან შეხვედრის შემდეგ ასალანიამ უარი თქვა ესაუბრა განხილვის დეტალებზე", - წერს ჯოშუა კუცერა. იგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევაზე მხარეები ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და შეთანხმება სრულად შესრულდება, თუმცა ეს არ მოხდება ერთ ღამეში.
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, შეხვედრის შემდეგ ალასანია თავის მთავარ ამოცანად ვაშინგტონის ეჭვების გაფანტვას მიიჩნევდა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კრემლის საიდუმლო მარიონეტია.
"ამიტომ ალასანიამ არა მხოლოდ დაადასტურა თავისი მთავრობის ნატო-ში ინტეგრაციის ერთგულება, არამედ დრო დაუთმო ისეთი საკითხის განხილვას, როგორიც იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის შენარჩუნებაა, რომელიც საქართველოს ახლანდელ ხელისუფლებას სააკაშვილისა და შევარდნაძის მთავრობებისგან ერგო", - წერს ჯოშუა კუცერა და ირაკლი ალასანიას კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლანდელი საქართველო წინა ხელისუფლებაში მყოფი უამრავი ადამიანის რთული შრომის შედეგია.
"საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ქვეყნას დამოუკიდებლობა მოუტანა, ედუარდ შევარდნაძე პირველი ლიდერი იყო, რომლემაც ნატო-სა და ნატო-ში საქართველოს მომავალზე დაიწყო საუბარი. მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი ძალისხმევა არ დაიშურა პროგრესის მისაღწევად და უამრავი ახალი ინიციატივა წამოიწყო საქართველოს მოდერნიზაციისა და ინტეგრაციისთვის. ჩვენ უნდა ვაღიაროთ და დავაფასოთ ეს ყველაფერი და წინა მთავრობების მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე წინსვლა უნდა გავაგრძელოთ", - ციტირებს გამოცემა ირაკლი ასალანიას კომენტარს.
როგორც ჯოშუა კუცერა აღნიშნავს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ასევე შეეხო მისი მთავრობის გარშემო ატეხილ კრიტიკას, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნით არის გამოწვეული და განაცხადა, რომ "ჩვენ დავუშვით შეცდომები. არჩევნების შემდეგ უამრავმა ემოციამ იფეთქა, თუმცა ვფიქრობ, ახლა ყველაფერი ლაგდება".
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ შეხვედრაზე ერთი სახალისო შემთხვევაც მოხდა, როცა ღონისძიების წამყვანმა ფრედ სტარმა, რომელიც ახალი აბრეშუმის გზის მხარდამჭერია და მის პროპაგანდას ეწევა, ალასანიას ჰკითხა, თუ როგორ ხედავს ის საქართველოს როლს ტრანსკონტინენტური სავაჭრო გზების ჩარჩოებში. ამის საპასუხოდ ალასანიამ საქართველოს მიერ თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად განხორციელებულ ინფრასტრუქტრულ პროექტებზე ისაუბრა. თუმცა, სტარი ამით არ დაკმაყოფილდა და წამოჭრა იდეა, რომ კავკასიას შეუძლია ერთგვარი "სუეცის არხი" გახდეს ევროპასა და აზიას შორის და ალასანიას ჰკითხა, მიდის თუ არა საქართველოს სტრატეგია აღმოსავლეთისკენ და არის თუ არა ამ გეგმაში ინდოეთი?
"ამ კითხვამ დამსწრე პუბლიკას ღიმილი მოჰგვარა. ალასანიამ კი უპასუხა, რომ "პირველ რიგში, კავკასიაში გზების მოწესრიგებაა საჭირო, რათა შესაძლებელი იყოს გადაადგილება და ტვირთების გადაზიდვა. მერე კი - ინდოეთშიც წავალთ", - წერს ჯოშუა კუცერა.
სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ივანიშვილის ახალი ხელისუფლების მოლოდინები აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხში მნიშვნელოვნად განსხვავდება საქართველოს წინა ხელისუფლების მოლოდინებისგან.
"სააკაშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ძვირად ღირებული ანტისაჰაერო სისტემებისა და ანიტისატანკო რაკეტების შეძენას მაშინ, როცა ახალი ხელისუფლება უფრო მოკრძალებულ მიზნებს ისახავს. საქმე შესაძლოა, იმაში კი არ იყოს, რომ ივანიშვილსა და ალასანიას მსგავსი შეიარაღების მიღება არ სურთ, არამედ იმაში, როგორ ნაკლები მონდომებით შეხვედნენ სააკაშვილის იმედებს ვაშინგტონში. ვნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება საქართველოს ახალი მოლაპარაკებების სტრატეგია", - წერს ჯოშუა კუცერა.
მომზადებულია Eurasianet-ის მიხედვით.