ჩვენი რესპონდენტი, მომღერალი მარკუს მეტრეველი ცოტა ხანში მაყურებლის წინაშე ტელეწამყვანის ამპლუაში წარდგება. რომელი არხის ეთერში გავა მისი გადაცემა, ამას მარკუსი ჯერჯერობით საიდუმლოდ ტოვებს.
- სულ მალე მაყურებლის წინაშე ტელეწამყვანის ამპლუაში წარვდგები. ჩემი მეწყვილე იქნება ხატია სიჭინავა. ორივე პირდაპირი ადამიანები ვართ, მაგრამ ვეცდებით გადაცემაში ეს დავაბალანსოთ. ყოველთვის მინდოდა ტელეწამყვანის ამპლუაში მომესინჯა ძალები და ახლა სწორედ ამის განხორციელების ეტაპია ჩემს ცხოვრებაში. შემოთავაზება რუსეთიდანაც მაქვს, მაგრამ არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა. ჯერ ეს გადაცემა დაიწყოს, შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები და მერე გადავწყვეტ, რა გავაკეთო.
- საკუთარი იმიჯის გამო ხშირად ხდებით კრიტიკის ობიექტი...
- საქართველოში ადამიანს შეხედავენ თუ არა, იწყებენ ლანძღვას, რა მახინჯია, რა ცუდია და ა.შ. კარგს ვერც ხედავენ და არც უნდათ ამის დანახვა. ადამიანზე, რომელსაც არ იცნობ, როგორ უნდა თქვა, რომ გეზიზღება? ჩემზე ხომ უამრავ ტყუილს ლაპარაკობენ, მცდარი წარმოდგენა აქვთ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ სტუდიაში მივედი დედასთან ერთად, გავიგონე, მეორე ოთახში როგორ თქვეს: "ფუ, ამ ქალის დედა, ახალგაზრდა ბიჭი ნახა და თავს აწეწინებსო". შევედი და ვუთხარი, ეს ქალი დედაჩემია, ნუ შეურაცხყოფთ-მეთქი. ოღონდ გაგლანძღონ და მეტი არაფერი უნდათ.
- საყურეც გიყვართ...
- დიახ, მიყვარს. ქართველები ამბობენ, "თუ მამაკაცს ყური აქვს გახვრეტილი, სხვა რაღაცაც ექნება გახვრეტილიო"... დაე, ასე ეგონოთ. ველოდები, როდის დამაკვირდებიან გამადიდებელი შუშით, რა მაქვს გახვრეტილი და რა არა (იცინის).
- სალონში ხშირად დადიხართ?
- როცა გრძელი თმა მქონდა, ხშირად მიწევდა სალონში სიარული. ახლა დავისვენე. მხოლოდ ფრჩხილების მოსაწესრიგებლად, კანის გასაწმენდად და მასაჟისთვის დავდივარ სალონში. ბავშვობიდან ვვარჯიშობ. ყველას ვურჩევ, ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვროს. ბევრ ღიპიან ახალგაზრდას ვხედავ შოუბიზნესში, არადა, როცა პრეტენზია გაქვს, რომ მაგარი შემსრულებელი ხარ, სცენიდან კი ღიპს მირტყამ თავში და ლოყები გითანთალებს, ეს შეურაცხმყოფელია.
- როგორც ფიქრობთ, თქვენს პოპულარობას რეპერტუარი განაპირობებს თუ იმიჯი?
- მადლობა ყველას, ვისაც უყვარს ჩემი სიმღერები. მსმენელების 50 პროცენტს ალბათ მოსწონს ჩემი განსხვავებული და დახვეწილი იმიჯი, მეორე ნაწილს კი - რეპერტუარი. მომღერალი დაშტამპული არ უნდა იყოს. გამოვარჩევ დუეტ "ჯორჯიას", ლელა წურწუმიას, ნანი ბრეგვაძეს, თამრიკო გვერდწითელს... ძალიან ბევრი არ მომწონს. არიან ნიჭიერები, რომლებიც "ტორმუზს" აჭერენ ამ ნიჭს. არ ვარ ისეთი ბოროტი, გვარები დავასახელო. თუ ვინმეს რჩევა დასჭირდება იმიჯთან დაკავშირებით, ვურჩევ როგორც პროფესიონალი და არა როგორც შეთითხნილი დიზაინერი. 3-4 ნიჭიერი დიზაინერი გვყავს, დანარჩენები ძონძებით კერავენ სამოსს, რომელიც ჩაცმისთანავე იხევა. სასაცილოა, ხარისხიანს უხარისხოდ რომ გთავაზობენ. რატომ აქვთ ასეთ დიზაინერებს წარბი კეფამდე აწეული, არ ვიცი. ყველა მოდის კვირეულზე დავდივარ, მაგრამ იქ საინტერესოს ვერაფერს ვხედავ.
- ოჯახი სიყვარულით შექმენით?
- პირველად ვამბობ, რომ ჩემი ოჯახი სიყვარულით არ შექმნილა. ამ ურთიერთობამ მოგვიტანა ორი ანგელოზი - ლუკა და ვივიენი. 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, გარკვეული პერიოდის შემდეგ ყოფილი მეუღლის მხრიდან დაიწყო ტყუილები და ჩვენი ოჯახის რღვევა. როცა საქართველოში დავბრუნდით, მივხვდით, ჯობდა, პაუზა აგვეღო ურთიერთობაში და დავშორდით. მან განაცხადა, რომ ჩემს მშობლებთან ერთად ვერ იცხოვრებდა... ძალიან დიდ პატივს ვცემდი ჩემს მეუღლეს, მაგრამ მშობლებს ვერ ვეტყოდი, ამ სახლიდან წადით-მეთქი.
- თქვენმა ყოფილმა მეუღლემ სულ სხვა რამ დაასახელა დაშორების მიზეზად...
- ენას ძვალი არა აქვს, მაგრამ გააჩნია, რას იტყვის ადამიანი. რაც მან თქვა, თითქოს ბიჭს ვკოცნიდი ჩემი შვილის თვალწინ, ასეთი რამ მტერსაც არ უთქვამს ჩემზე. ცოლისთვის არ მიკოცნია შვილის თვალწინ და კაცს როგორ ვაკოცებდი? მას პიარი უნდოდა და გამოუვიდა ანტიპიარი. ვერ
იფიქრა, რომ შვილები როცა გაიზრდებიან, ამას წაიკითხავენ და მიხვდებიან, რა ჭამა დედამისმა, ეს რომ თქვა ეთერში.
- ბავშვებს აქცევთ ყურადღებას?
- ისინი თბილისიდან აორთქლდნენ, საკონტაქტო კოორდინატებიც შეცვალეს. "ფეისბუქზე" რამდენჯერმე მივწერე ყოფილ ცოლს, იქნებ შვილები მაჩვენო, საჩუქრებს გადავცემ-მეთქი, მაგრამ არც კი მიპასუხა. ვიცი, ამას რატომაც აკეთებს, უფროს ვაჟთან, ლუკასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და იცის, რომ შვილებთან ცოტა ხნით თუ მექნება ურთიერთობა, ისინი მამასთან წამოვლენ საცხოვრებლად. ლალი თავზეხელაღებული ადამიანია. როცა გავშორდი, მითხრა, ცხოვრებას დაგინგრევო, ვიცოდი, ამას სიტყვიერად მაინც გააკეთებდა...
- თქვენს შვილებს მოეწონებათ, მათ დედაზე ასე რომ ლაპარაკობ?
- პირველ რიგში მე ვეტყვი ბავშვებს, ვინ არის მათი დედა. მან ხომ არ დამზოგა და ასეთი სისულელე თქვა ჩემზე...
- რამ მისცა ამის თქმის საფუძველი, იქნებ მართლა არსებობდა კაცი, ვისზეც იეჭვიანა?
- რა სისულელეა, ერთგული ადამიანი ვარ. 5 წელი ვიცხოვრეთ ერთად, ისეთ წრეში ვტრიალებდი, სადაც ბევრი არატრადიციული ორიენტაციის მამაკაცი იყო, ყოფილა გამოწვევები მათი მხრიდან. არ მაინტერესებს გეია, ბეია თუ ვინაა ადამიანი. ორი პროდიუსერი მყავდა, ორივე გეი იყო და ეს დაიხვია ხელზე. მე რაც ვარ, არ მეშინია იმის აღიარება. ეს ხალხი მე არ მარჩენს და შესაბამისად, მათ არავინ ეკითხება, რა პოზაში ვიღებ სიამოვნებას საწოლში. ფინანსური მხარეც იყო, სხვა პრობლემებიც, რომლის აღიარებაც არც ჩემთვის არის კარგი, როგორც მამაკაცისთვის, და არც მისთვის. ეს ძალიან პირადულია...
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)