სამხედრო საქმესა თუ კრიმინალისტიკაში მოწინააღმდეგის, დამნაშავის მარშრუტის დადგენას, ანუ პოპულარულ ენაზე, კვალის მიგნებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ერთი პოპულარული ქართული ფილმისა არ იყოს, აქტუალურია კითხვა: "აქეთ ჯარს ხომ არ ჩამოუვლია?!" იურისტ კახა კობერიძის დამაინტრიგებელი გამოგონება მეტად საინტერესოა.
- ერთ მშვენიერ დღეს ლანჩაშებრუნებული ფეხსაცმლის, უფრო სწორად, ყელიანი ფეხსაცმლის შექმნის იდეა დამებადა... ჯერ პლასტილინი ავიღე და შეძლებისდაგვარად გამოვძერწე ფეხსაცმლის შებრუნებული ძირი, რომელსაც ქუსლი წვერის ადგილზე ჰქონდა და პირიქით... ერთ-ერთ სამკერვალო ფირმას წარვუდგინე, რის შემდეგაც მათ ასეთი ფეხსაცმელი შეკერეს, დავამზადეთ მისი ცალიც ჩვეულებრივი ძირით. როცა ადამიანს ცალ ფეხზე შებრუნებულძირიანი ფეხსაცმელი აცვია, ხოლო მეორეზე - ჩვეულებრივი, მისი კვალის მიგნებას, ამოცნობას დიდი დრო სჭირდება, დრო კი სამხედრო მოქმედებებისას გადამწყვეტია. ფეხსაცმელი მზვერავებსაც ძალზე დაეხმარებათ. როცა ამგვარი ფეხსაცმლით რამდენიმე სამხედრო ერთად გადაადგილდება, კვალი კიდევ უფრო ირევა. ჩავატარეთ ექსპერიმენტი, როცა რამდენიმე ადამიანს სხვადასხვა წყვილი ფეხსაცმელი - შებრუნებულლანჩიანიც და ჩვეულებრივიც - აცვია, ქვიშაში რვა კვალია: ოთხი ერთი მიმართულებით, 4 - სხვა მიმართულებით, იმის დადგენა, კვალი რა მიმართულებით მიდის, ძალზე ძნელია. ასეთი ხერხი სამხედრო დაჯგუფების გადაადგილებისას ეფექტიანი იქნება: ტყეში ბრძოლის ტაქტიკა 21-ე საუკუნეშიც არ შეცვლილა, ქვეითები კვლავ ჩექმებით დადიან.
ვმუშაობ ახალ გამოგონებაზეც, რომელიც დანაღმულ ველზე გადაადგილებას გააადვილებს და საშიშროებას თითქმის 90%-ით შეამცირებს, ნაღმის აფეთქების შემთხვევაშიც კი ჯარისკაცი ფეხის მოგლეჯას გადარჩება, მით უმეტეს, რომ ამჟამად ჩვენი სამხედროები იბრძვიან ავღანეთში, ერაყში, სადაც დიდი ტერიტორიებია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით დანაღმული.
- სამეგრელოში, კვალის არევის მიზნით, მოპარულ ცხენებს ნალს უკუღმა აჭედებდნენ...
- ნალის შებრუნებული დაჭედება ძველი ინდოელებისგან მოდის; სამეგრელოს გარდა, საქართველოს მთიანეთში - ხევსურეთში, თუშეთშიც ფართოდ იყენებდნენ. როცა ხერხი ერთ სფეროში ამართლებს, რატომ არ შეიძლება მეორეში გამოიყენო?
ჩემი გამოგონება ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტში" დავაპატენტე, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც იციან, ახლა უნდა გადაწყვიტონ, ჩაეშვება თუ არა წარმოებაში, პრაქტიკულ გამოყენებაში.
ოფიციალური წერილით მივმართე პენტაგონს, კვალის არევის ფოტოებიც თან დავურთე. აშშ-ის თავდაცვის უწყებაში იდეა მოიწონეს და პენტაგონის კონტრაქტორთა სიაში დარეგისტრირება შემომთავაზეს, რასაც თავისი პროცედურა აქვს, ამის შემდგომი ეტაპი შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდებაა. ცხადია, ამ დროისათვის წარმოება უკვე აწყობილი უნდა გქონდეს, ფეხსაცმლის გამოშვება საკმაოდ ძვირია, ამოტომ პენტაგონის კონტრაქტორ კომპანიებს მივმართე, მათ შორის, მსოფლიოში იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის დამამზადებელ ერთ-ერთ უდიდეს კომპანია "სმიტ ვესონს", რომელიც ჩემი გამოგონებით დაინტერესდა, თუმცა, მართალი გითხრათ, მინდა ჯერ ქართველმა ჯარისკაცებმა ჩაიცვან ეს ფეხსაცმელი.
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)