"ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმანი დანაშაულის მიმართ! ამ დანაშაულებზე პირობითი სასჯელი უნდა გაუქმდეს - ყველა ციხეში!" - ამ სიტყვებით წარდგა მიხეილ სააკაშვილი 2006 წლის თებერვალში პარლამენტის წინაშე და იქვე დაამატა: "ჰუმანურობის ნიადაგზე ვერანაირი მოსამართლე ვერავის ვეღარ გაუშვებს. ამისთვის 3000-კაციან საგამოძიებო იზოლატორს ვაშენებთ, მზად ვართ, ბანდიტებს პირობები შევუქმნათ, ოღონდ მოგვშორდნენ!" წელს კი, პრეზიდენტმა ფერი იცვალა და გამოვიდა ინიციატივით, ნასამართლეობა და პირობითი მსჯავრი მოეხსნას გარკვეული კატეგორიის პირებს, გარდა ზოგიერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებულებისა. სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ დაიბარა პრეზიდენტმა სასახლეში ჟურნალისტები და ამასობაში არაერთ სხვა თემასაც შეეხო. უკვე ვწერდით, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს აკეთებს პოლიტიკურ სივრცეში აქტუალობის შესანარჩუნებლად, ამას ის ხშირად სრულიად გაუგებარი განცხადებებითაც ცდილობს. წესით, მისთვის ნამდვილად არ უნდა იყოს მომგებიანი სასჯელაღსრულების სისტემაში დღეს არსებული ვითარების კრიტიკა და პატიმრის გარდაცვალებაზე ლაპარაკი, რადგან ის ვითარება, რაც მისი ხელისუფლების დროს ციხეებში იყო, ის საკითხია, რომელმაც მის ხელისუფლებას საბოლოოდ გამოუთხარა ძირი და "ნაციონალურ მოძრაობას" დამარცხება აწვნევინა. ასევე სრულიად გაუგებარია მისი ნთქვამი ქვეყანაში მედიის შეზღუდვის თაობაზეც. ალბათ ის მარწუხები, რაშიც სააკაშვილის მმართველობამ მოაქცია მედია, კიდევ კარგა ხანს იქნება დასაძლევი. ანუ წესით, ეს ის თემებია, რომელიც მას უფრო მეტად აზარალებს, თუმცა მაინც ჯიუტად აპელირებს ამ საკითხებზე. "მე-9 არხი" იყო ერთი კონკრეტული რეჟისორის, ვლადიმერ ბედუკაძის გადაღებული ფილმის გასაშვებად შექმნილი არხი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და იქვე ლამის ნიანგის ცრემლები ღვარა "მე-9 არხის" დახურვის გამო. ამ შემთხვევაში ყველას ბუნებრივად გვახსენდება 2007 წლის 7 ნოემბერი და "იმედის" დარბევა, ეს მშვენივრად ახსოვს მიხეილ სააკაშვილსაც. ამჯერად, ამ საკითხისგანაც იოლად სცადა თავის დაძვრენა: "იმედი" ვინ დახურა, ხომ არ გახსოვთ? ჩვენ რომ დავხურეთ, მერე გავხსენით, სახელი და გვარი იმისი, ვინც "იმედი" დახურა, გიორგი თარგამაძეა" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
გიორგი თარგამაძე პრეზიდენტს პასუხობს და აცხადებს: "პრეზიდენტის უნამუსობას საზღვარი არ აქვს, ეს არის სრულიად ამორალური განცხადება იმის გათვალისწინებით, რომ ტელეკომპანია "იმედში" 2007 წლის ნოემბერში განხორციელდა სამხედრო ოპერაცია სწორედ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელობით. შედეგად კი ტელეკომპანია არა მხოლოდ დახურეს, არამედ დაარბიეს, რის შედეგადაც ფიზიკურად დაზიანდა არაერთი თანამშრომელი. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმჟამინდელ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. ეს არის ჩვენი საზოგადოების სირცხვილი, რომ დღეს ეს კაცი ბედავს და ასე უნამუსოდ იტყუება". რის მიღწევას ცდილობს მიხეილ სააკაშვილი ამგვარი განცხადებებით? - ერთი შეხედვით შეიძლება იფიქრო კიდეც, რომ ის პოსტსაპრეზიდენტო პერიოდისა და ოპოზიციაში ყოფნისთვის ემზადება, წარმატების მიღწევის გზაზე კი ჩვენი საზოგადოების მოკლე პოლიტიკური მეხსიერებისა და ხელისუფლების შეცდომების იმედი აქვს. ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამ აზრს არ იზიარებს და აცხადებს, რომ სააკაშვილი პოლიტიკური გარდაცვალებისწინა ეიფორიაშია. "მან იცის, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ მისი პოლიტიკური ცხოვრება სრულდება, ჰოდა, ეს აზრი აგიჟებს. მისი ბოლოდროინდელი განცხადებები, გარდა ამ სიგიჟის ჩვენებისა, სამწუხაროდ, ქვეყანასაც აზარალებს, თუმცა ეს მას სულ არ ადარდებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ გაუთავებელი ვითომრეფორმების შედეგად ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა ისე გაჩანაგდა, რომ ერთი ნამუსიანი და გაბედული ექიმი არ გამოჩნდა, რომელიც გამოვიდოდა და ხმამაღლა იტყოდა მის კლინიკურ დიაგნოზს. ისევე, როგორც სხვა არაერთი მმართველი, სააკაშვილიც დიდწილად თავისმა, პოლიტიკურმა შლეიფმა დაღუპა".თუმცა აშკარაა, რომ სააკაშვილი პოლიტიკურ პენსიაზე გასვლას არ აპირებს, ეს მისი ბოლო განცხადებიდანაც გამოჩნდა: "ყველა რეგიონში ვივლი არჩევნებამდეც, არჩევნების შემდეგაც და გავაკეთებ ჩემს საქმეს. მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი. საეჭვო სუბიექტები, რომლებიც შემთხვევით მოხვდნენ პარლამენტში, რაღაც ტალღისა და ბედუკაძის გადაღებული სერიალების გამო, ჩემსა და ჩემს ხალხს შორის ვერ ჩადგებიან". კიდევ ერთიც: შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შს მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს №644 ბრძანებით, პირდაპირ დადგენილია თვისებრივად ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლებულ პირთა წრის მიმართ, მითითებული თარიღიდან, ვრცელდება ნასამართლეობის მოხსნის რეჟიმი. ანუ გამოდის, რომ პრეზიდენტმა აქაც მორიგი ბლეფი გაითამაშა. ისე, მედიცინის ერთ-ერთ მიმდინარეობაში დაახლოებით ისეთ განცხადებებს, როგორიც სააკაშვილმა გააკეთა, პინოქიოს სინდრომს უწოდებენ.
ანა გიორგაძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)