"ამერიკის ხმა" - მიხეილ სააკაშვილი წასასვლელად ემზადება, პროექტები კი ფერხდება

 "ამერიკის ხმა" - მიხეილ სააკაშვილი წასასვლელად ემზადება, პროექტები კი ფერხდება

"საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წასასვლელად ემზადება, პროექტები კი ფერხდება", - ამ სათაურით აქვეყნებს "ამერიკის ხმა" ჯეიმს ბრუკის სტატიას საქართველოზე.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ორი წლის წინ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ანაკლიაში სასტუმროები გახსნა, ეს საკურორტო ქალაქი შავი ზღვის მარგალიტი უნდა გამხდარიყო.

"სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში კი ლაზიკას მშენებლობა დაიწყო, ახალი ამბიციური ქალაქის, რომელიც ნახევარი მილიონი ადამიანის საცხოვრებელი უნდა გამხდარიყო. ანაკლიაში ერთ-ერთი ტურისას კი სააკაშვილმა ჟურნალისტებს განგვიცხადა, რომ ისე უყვარდა შავი ზღვის კურორტი, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ფერფლის აქ მიმობნევა სურდა", - წერს ჯეიმს ბრუკი და დასძენს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლების შეცვლის შემდეგ პრეზიდენტის საყვარელი პროექტი სტაგნაციას განიცდის.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ანაკლიის დაგეგმილი იახტების ნავსადგურები შლამით დაიფარა, ტურისტების სამეთვალყურეო კოშკები არ გაიხსნა, სარეველათია სავსე ადგილი, რომელიც ხელისუფლების მიერ დაფინანსებული კვერცხის ფორმის სასტუმრო უნდა ყოფილიყო. მისივე თქმით, დახურულია "აკვა პარკი", რომელიც ორი წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა.

ჯეიმს ბრუკი ასევე ციტირებს ანაკლიაში მყოფი ერთ-ერთი ტურისტის კომენტარს, რომელიც მასთან საუბარში აცხადებს, რომ ანაკლიაში ამინდითა და ცურვით სიამოვნება უნდოდათ, თუმცა ამინდის ცვლილების გამო "აკვა პარკში" წასვლა გადაწყვიტეს, რომელიც კვირა დღეს დაკეტილი დახვდათ.

"საქართველოში ამინდი კი არა, პოლიტიკური ვითარება შეიცვალა. გასული წლის ოქტომბერში პრეზიდენტი სააკაშვილი არჩევნებში დამარცხდა. ამ წლის ოქტომბერში კი ხელისუფლებაში ყოფნიდან თითქმის ათი წლის შემდეგ თანამდებობას დატოვებს. საქართველოს ახალი პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კი პრაგმატული ბიზნმესმენია", - წერს ჯეიმს ბრუკი და ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლანდელი ხელისუფლების პრიორიტეტი ამ სექტორებისა და საზღვრისპირა რეგიონების განვითარებაა, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ზედმეტი თანხების ხარჯვისა და უგუნურად დაგეგმვით. პრემიერისვე თქმით, საქართველო პროფესიონალურად უნდა განვითარდეს და არა მხოლოდ ერთი კაცის თვალსაზრისით.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ანაკლიაში პრეზიდენტის კიდევ ერთი ოცნება - პორტის მშენებლობა შეჩერდა.

"სამწუხაროდ, ახლანდელი ხელისუფლების პოზიცია ყველა იმ პროექტის შეჩერება და დახურვაა, რომელიც წინა მთავრობას უკავშირდება. ვფიქრობ, ეს ცუდია ხელისუფლებისთვის, რომელსაც კარგი უნდა თავისი ქვეყნისთვის", - ციტირებს "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ვაშაძის კომენტარს.

თუმცა, ჯეიმს ბრუკი აღნიშნავს, რომ სასტუმრო "ანაკლიას" დირექტორის, შორენა უჩანეიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება კურორტის ინვესტირებას აგრძელებს.

სტატიის ავტორი ასევე ციტირებს სლოვაკელი ტურისტის, ლადისლავ ჰოლკოს კომენტარს, რომელიც აცხადებს, რომ ანაკლიას აქვს პოტენციალი, მაგრამ ქალაქში სიცარიელეა.

"ასე რომ პრობლემა ისაა, როგორ შეძლებს ხელისუფლება ტურისტების მოზიდვას და მათ აქ გაჩერებას", - აცხადებს სლოვაკელი ტურისტი.

"სანამ ანაკლია ობოლივით მიტოვებულია ახალი ხელისუფლების პირობებში, განათებული, ესპანური დიზაინით აგებული ანაკლიის ხიდი უფუნქციოდ დარჩება", - წერს ჯეიმს ბრუკი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა