სირიის დედაქალაქ დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად, 1300 ადამიანი დაიღუპა. მომწამვლელმა გაზმა მძინარე ქალაქს შეუტია და მოქალაქეები დედაქალაქის გარეუბანში ძილში გაგუდა. სირიელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ რაიონის დასაბომბად ტოქსიკური ნივთიერების შემცველი რაკეტები გამოიყენა. აქტივისტების თქმით, ქიმიური რაკეტები დამასკოს გარეუბნებში, აინ ტარმაში, ზამალკასა და ჯობარში გამთენიისას აფეთქდა. ბრიტანულმა გამოცემა Daily Mail-მა სპეციალური ნებართვის შემდეგ გაავრცელა შემზარავი კადრები, სადაც თეთრ სუდარებში გახვეული მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების ცხედრებია ნაჩვენები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტერიტორიაზე, სადაც დაბომბვა მოხდა, ძირითადად საცხოვრებელი სახლებია განლაგებული. მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში დაგმეს მშვიდობიანი მოსახლეების სასტიკი დახოცვა. მსოფლიო ლიდერებმა ინციდენტის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვეს. მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.