მკერდის პლასტიკურ ოპერაციაზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში დღითი დღე იზრდება. მანდილოსნები პლასტიკურ ქირურგს მკერდის გადიდებისა და დაპატარავების მიზნით მიმართავენ, ამ ბოლო დროს კი მკერდის დასაპატარავებლად თურმე მამაკაცებიც აკითხავენ. "ყველა სიახლე" პლასტიკურ ქირურგ გია გვარამიას ესაუბრება:
- მკერდის პლასტიკურ ქირურგიაში იგულისხმება მკერდის გადიდება, აწევა და დაპატარავება. ყველაზე დიდი მოთხოვნა მკერდის გადიდებაზეა, თუმცა მისი დაპატარავებაც არანაკლებ აქტუალურია, რადგან ვისაც დიდი მკერდი აქვს, უჭირს მისი ტარება და დაპატარავების თხოვნით მოგვმართავს. მსოფლიოში წელიწადში დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი იზრდის მკერდს. გადიდება ხდება სილიკონის იმპლანტებით, მნიშვნელოვანია, რომ იმპლანტი იყოს ძალიან ხარისხიანი, რათა არ მოჰყვეს გართულება. ერთადერთი გართულება შეიძლება იყოს კაფსულის იმპლანტის, ე.წ. ჩანთის განვითარება. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დეფორმაციაც მივიღოთ. მაღალი ხარისხის იმპლანტის შემთხვევაში ასეთი გართულება 200-დან ერთ პაციენტს აქვს. მკერდის გადიდება-აწევის ოპერაცია 2.500-6.500 ლარამდე ჯდება, სტანდარტული ღირებულება 5.500 ლარია. დაპატარავება უფრო ძვირია - 4.000-დან 6.500 ლარამდე ჯდება. სტატისტიკით დადასტურებულია, რომ სარძევე ჯირკვლის სიმსივნის განვითარების პროცენტი ერთნაირია ნაოპერაციებ და არანაოპერაციებ ქალებში. მკერდის დაპატარავების შემთხვევაში კი ეს პირიქით - კარგია, რადგან სარძევე ჯირკვლის ქსოვილის მასა შემცირებულია და სიმსივნის განვითარების არეალიც პატარაა.
- არსებობს მოსაზრება, რომ ბევრი ყავის სმა მკერდს ზრდის...
- ყველა ინფორმაცია კვლევებით უნდა იყოს დადასტურებული. ეს შეიძლება ვიღაცის აზრია, მაგრამ ოფიციალურად არ არის დადასტურებული.
- რა პროცედურებს მოითხოვს მკერდის აწევისა და დაპატარავების ოპერაცია?
- მკერდის აწევის ოპერაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი ნაწიბური რჩება, მაგრამ ასეთი ოპერაცია, ძირითადად, საკუთარი ქსოვილებით ხდება. ზოგჯერ ერთდროულად საჭიროა აწევა და იმპლანტირება. ეს იმ შემთხვევაში, როცა ძუძუს დვრილი დაშვებულია და მკერდი დაწეული. ამ დროს მარტო იმპლანტირებას აზრი არა აქვს. მკერდის დაპატარავება ყველაზე დიდი ოპერაციაა, 3-4 საათი გრძელდება. ამ ოპერაციას ყველა ქირურგი ვერ აკეთებს. მკერდის დაპატარავება პაციენტს მდგომარეობას უმსუბუქებს. მას აღარ უწევს მძიმე მკერდის ტარება. პაციენტი წინასწარ განსაზღვრავს, რა ზომის მკერდი უნდა. ყველა ითხოვს 3 ზომამდე მკერდს, უფრო დიდი მკერდი იშვიათად უნდათ. როცა პაციენტს 5-6 ზომის მკერდი აქვს, ერთი ოპერაციის გაკეთება საკმარისი არაა.
- დიდი მკერდი მამაკაცების ნაწილსაც აწუხებს, ისინი თუ მოგმართავენ მკერდის დასაპატარავებლად?
- დიდი ზომის მკერდი, ანუ გინეკომასტია, მამაკაცთა 5%-ს უვითარდება. არის ცრუ და ჭეშმარიტი გინეკომასტია. ჭეშმარიტი გინეკომასტიის დროს განვითარებულია სარძევე ჯირკვლის ქსოვილი და მამაკაცს პატარა ზომის ძუძუ აქვს. ცრუ გინეკომასტიას კი იწვევს ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვება ან გასუქება. ამ დროს სარძევე ჯირკვალი უფრო დიდი ჩანს. რაც შეეხება ოპერაციულ მკურნალობას, ცრუ გინეკომასტიის დროს კეთდება მხოლოდ ულტრაბგერითი ლიპოსაქცია, კანის მოჭიმვით. ჭეშმარიტი გინეკომასტიის დროს სასურველია არსებული სარძევე ჯირკვლის მოცილება. წელიწადში, დაახლოებით, 4-5 მამაკაცი მოგვმართავს და მათგან მხოლოდ ნახევარი თუ იკეთებს პლასტიკურ ოპერაციას. ზოგადად, მამაკაცებს ეშინიათ ოპერაციების. ლიპოსაქცია 2.000 ლარი ღირს, სარძევე ჯირკვლის მოცილება კი, დაახლოებით, 4.000 ლარი ჯდება.
თამარ ბოჭორიშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
გამარჯობათ მამაკაცის მკერდთან დაკავშირებით ანალოგიური პრობლემა მაქვს და ვის მივმართო
არგაატაროთ მომწერეთ ვისუნდა მივმართო მკერდზე ქირურგის ჩარევა დამჭირდება სავარაუდოდ