"მე-9 არხის" გენერალური დირექტორის ყოფილი მოადგილე, პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე სააქციო საზოგადოების შექმნისა და "მე-9 არხის" შესყიდვის იდეით გამოდის. პუბლიცისტი ამ თემას რამდენიმე პოსტს უძღვნის.
"პრინციპში, რადგან ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის, ლოგიკურია, ტელევიზიის მოცილების გადაწყვეტილება, მაგრამ იმ უცნაურობას არავინ აქცევს ყურადღებას, რომ ტელევიზიას მესამედ ფასადაც კი მყიდველი არავინ გამოუჩნდა! რატომ?! ეს შეიძლება ბევრ რამეზე მეტყველებდეს!...
"მე-9 არხი" რომ მესამედ ფასადაც არ იყიდება და ამ დროს სხვა ტელევიზიას აფინანსებენ, ისეთ კითხვებს ბადებს, რომლებზეც პასუხის გაცემა ძნელი არ არის? მე-9 არხის არგაყიდვა და საერთოდ დახურვა ძალიანაც აწყობს იმას, ვინც სხვა ტელევიზიაში დებს ფულს! როგორც ჩანს, ვიღაც რეალურად ოცნებობს მთელი ტელესივრცის კონტროლზე და ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს აქეთკენ. სწორედ ამ კონტექსტში არის საინტერესო, რატომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა უარი თავის პროექტზე, რომლის მიხედვითაც "მე-9 არხი" 20 წლით უნდა გადასცემოდა დამოუკიდებელ სამეთვალყურეო საბჭოს? ერთი წლით საჭირო იყო დამოუკიდებელი ტელევიზია და ახლა აღარაა საჭირო, იმდენად კარგი ვითარებაა მედიაბაზარზე?...
არსებობს საწყისი ფასი, რაც გაუგებარია, რას ნიშნავს მესამედი ფასი. როგორ უნდა მივხვდეთ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, როცა ფასს ადგენს ბაზარი, რამდენია ტელევიზიის მესამედი ფასი? ასე ვერაფერი გაიყიდება. ფასი რომ ცნობილი იყოს, შეიძლება ადამიანების რაღაც ჯგუფს ეფიქრა ყიდვაზე?...
თუ მფლობელების ნებაც იქნება, შეიძლება გვეფიქრა "მე-9 არხის" დიდ სააქციო საზოგადოებად გადაკეთებაზე. ეს იქნებოდა სერიოზული წინსვლა დემოკრატიისკენ. ეს ბიძინა ივანიშვილს უხერხულობასაც მოუხსნიდა, არც ჟურნალისტები დარჩებიან უმუშევრები და საზოგადოებაც დამოუკიდებელ ტელევიზიას მიიღებდა. ეს თავად ბიძინა ივანიშვილის იდეა იყო და რატომ უნდა იყოს წინააღმდეგი? ამისთვის კი აუცილებელია, რომ საწყისი ფასი ითქვას...
სრულიად რეალურია სააქციო საზოგადოების შექმნა, რომელიც იყიდის ტელევიზიას და შემდეგ დაინიშნება დირექტორი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საზოგადოების წინაშე. გარდა იმისა, რომ ეს იქნება მომგებიაანი პროექტი, ამავე დროს იქნება გარღვევა დემოკრატიაში. ეს იქნება რეალური ნაბიჯი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ...
ვინაიდან ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა "მე-9 არხის" გაყიდვა და, ამავე დროს, მისი მიზანი არ არის ფინანსური მოგების მიღება და მზად არის დემოკრატიის ხელშეწყობისთვის ტელევიზია შეღავათიან ფასში გადასცეს ახალ მეპატრონეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გამოიყენოს ეს შანსი საზოგადოებრივი ტელევიზიის შესაქმნელად. ასეთი იდეა თავად ბიძინა ივანიშვილმა წამოაყენა ერთი წლის წინ. სააქციო საზოგადოება შეძლებს ტელევიზიის გამოსყიდვას და იმ ხელმძღვანელი ჯგუფის დანიშვნას, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი ტელევიზიის ჩამოყალიბებას, რომელიც რეკლამის ხარჯზე იარსებებდა და ამავე დროს არ იქნებოდა დამოკიდებული რომელიმე პოლიტიკურ ძალაზე. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენად შეძლებს საზოგადოება ორგანიზებას და გულგატეხილობის გადალახვას", - წერს მაღლაფერიძე.
სოციალურ ქსელში უკვე შექმნილია გვერდი "ვყიდულობთ "მე-9 არხს" და ვქმნით სააქციო საზოგადოებას", რომელშიც ამ დროისთვის 1,450 ადამიანია გაწევრიანებული. ჯგუფის შესახებ განმარტებას ვასილ მაღლაფერიძე საკუთარ გვერდზე აკეთებს. ჯგუფის წევრები უახლოეს დღეებში აპირებენ ოფიციალურად მიმართონ არხის მეპატრონეებს, მის შესყიდვასთან დაკავშირებით.
"მეგობრებო, შეიქმნა ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს იდეას, რომ "მე-9 არხი" შეიძინოს სააქციო საზოგადოებამ და ეს არხი იქცეს ნამდვილ საზოგადოებრივ ტელევიზიად, რომლის აქციონერებიც მოქალაქეები იქნებიან. ამჟამად მიმდინარეობს ჯგუფის ჩამოყალიბება. თუ ეთანხმებით ამ აზრს, შეგიძლიათ შემოხვიდეთ ჯგუფში და თქვენი მოსაზრებები გაგვიზიაროთ. უახლოეს დღეებში ვაპირებთ, ოფიციალური წინადადებით მივმართოთ არხის მეპატრონეებს, რომ გვსურს არხის შეძენა...
ცოტა ხანში ჩვენი ჯგუფის ბიძინასადმი მიმართვის პროექტი დაიდება და ვიმსჯელოთ! პროექტს მოეთხოვება ლაკონურობა და ზუსტად რომ მიიტანოს ბიძინამდე ჩვენი სათქმელი და მიზნები! ამ მოთხოვნიდან გამოვიდეთ!", - წერს მაღლაფერიძე.