პრეზიდენტის ინციატივის საფუძველზე, შეწყალების სურვილი ამ დრომდე დაფიქსირებული მონაცემებით, 2100 პირმა გამოთქვა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის პრესსამსახურში განუმარტეს.
მათი ინფორმაციით, 2100 ადამიანიდან 1200-მა დარეგისტრირება უკვე მოახერხა, ხოლო დანარჩენები სატელეფონო ზარების მეშვეობით რეგისტრაციის რიგში ჩაეწერნენ. პარალელურ რეჟიმში, როგორც პრესსამსახურში განმარტავენ, პირების რეგისტრაცია ადგილზე მისვლითაც ხდებოდა.
განაცხადების მიღების დრო 10:00-დან 18:00 საათამდეა განსაზღვრული. ამ დრომდე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტელეფონის მეშვეობით რიგის განსაზღვრა ხდება.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, იმ პირებს, რომლებმაც ჩადენილი დანაშაულისათვის უკვე მოიხადეს სასჯელი, ნასამართლეობასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა მოეხსნებათ.