დამდეგი სასწავლო წლიდან, 16 სექტემბრიდან, საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და კერძო სკოლების მოსწავლეთა გარკვეულ კატეგორიას (აგვისტოს ომში დაღუპულთა შვილები, სოციალურად დაუცველები) სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემათ.
ახლახან განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ბრძანებით განისაზღვრა მოსწავლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სახელმძღვანელოსა და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების წესი და მისი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებიც დამტკიცდა. ამის თაობაზე ხელშეკრულება იდება საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლის მშობელთან ან მის კანონიერ წარმომადგენელთან. აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა-პატრონობა 15-ქულიანი შკალით ფასდება. სახელმძღვანელოს მოვლის შეფასების კრიტერიუმია: ყდის მდგომარეობა, წიგნის სისუფთავე, გვერდების მდგომარეობა - დაუზიანებელი გვერდები 5 ქულით ფასდება, უმნიშვნელოდ დაზიანებული - 4 ქულით, დაზიანებული, მაგრამ გამოსაყენებლად ვარგისი - 3 ქულით, დახეული - 0 ქულით და ა.შ. აქვე ნათქვამია, რომ მოსწავლეს გამოსაყენებლად შეიძლება გადაეცეს არანაკლებ 9 ქულით შეფასებული სახელმძღვანელო. მოსწავლე ვალდებულია: "არ დააზიანოს სახელმძღვანელო, არ ჩაკეცოს ფურცლები, არ გააკეთოს მინაწერები". ამასთან, საჯარო და კერძო სკოლები ვალდებული არიან, სახელმძღვანელოები დადგენილი შკალით შეაფასონ, აწარმოონ სახელმძღვანელოების ყოველწლიური ელექტრონული რეესტრი. წიგნის დაკარგვის ან განადგურების, მისი მესამე პირისთვის გადაცემის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მშობელს ეკისრება, ხოლო თუ მშობელი ამ ვალდებულებას არ ან ვერ შეასრულებს, მან სახელმძღვანელო "იდენტური შინაარსისა და რედაქციის სახელმძღვანელოთი უნდა ჩაანაცვლოს", ანუ ახალი წიგნი იყიდოს. ამ ვალდებულებისგან მშობელი მხოლოდ "ობიექტური გარემოების არსებობისას" თავისუფლდება..
ამ საკითხზე თვალსაზრისის გამოთქმა განათლების ექსპერტს, ასოციაცია "სკოლა-ოჯახი-საზოგადოების" აღმასრულებელ დირექტორ ლაშა მკურნალიძეს ვთხოვეთ:
- რაც შეეხება წიგნის ცვეთას, ჩემი აზრით, კარგად შენახული სახელმძღვანელოების გამოყენება შემდეგ სასწავლო წელსაც შეიძლება, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სოციალური პროექტის ფარგლებში ეს ნორმალურია, მაგრამ, რა ფორმით გამოვლინდება მშობლის პასუხისმგებლობა? ორი საკითხია, რომელიც გარკვევას საჭიროებს: მიუხედავად ზემოაღნიშნული კრიტერიუმებისა, წიგნის ცვეთის ხარისხის დადგენა გაჭირდება, ყველა ცალკეულ შემთხვევაში ექსპერტიზას ხომ ვერ დანიშნავენ? წიგნის ყველა გვერდის დათვლა-დათვალიერება, ვფიქრობ, ძნელი იქნება. ჩნდება მეორე კითხვაც: როგორ უნდა დაამტკიცოს მშობელმა რომ წიგნის დაზიანება საპატიო, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით მოხდა, რა ჩაითვლება "ობიექტურ გარემოებად", რომელზეც სამინისტრო საუბრობს? ყველა ტექნიკური დეტალი გააზრებული უნდა იყოს, რომ მშობელს კითხვები არ დარჩეს. ასევე აუცილებელია სანიტარიული ნორმების დაცვა, წიგნების დეზინფექცია, მით უმეტეს დღეს, როცა უსაფრთხო სკოლაზე, გარემოზე ამდენს ვლაპარაკობთ. და კიდევ, ბავშვთა უფლებებიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ერთ მოსწავლეს ახალი წიგნი ექნება, მეორეს კი - მეორადი?
ნინო კვიტაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)