საქართველო რომ ულამაზესი ქვეყანაა, ეს არც მითია და არც მოგონილი. წელიწადის ყველა სეზონზე შეიძლება, ბუნებაში გახვიდე, მისი მშვენიერებით დატკბე, ნაკლებით იფიქრო წვრილმან პრობლემებზე, რომელიც მაინც არასდროს სრულდება... მთავარია, ამის სურვილი და მონდომება გქონდეთ. ლაშქრობის კლუბის ორგანიზატორი დათო ცაბოშვილი უკვე წლებია ამ საქმით არის დაკავებული. მთის სიყვარულით პირველად ორი წლის ასაკში ''მოიწამლა'' და მას შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხეს რეგულარულად სტუმრობს.
- ჯერ სამხედრო სამსახურში ვიყავი, შემდეგ პოლიციაში წავედი... დედა ფშავიდან მყავს და ჩემი სტიქია ყოველთვის მთები იყო. კვირაში ერთხელ თუ არა, ორ კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ მთაში. თავიდან მეგობრები დავდიოდით და ჩვენთვის ვერთობოდით. რამდენიმე დღით ავიდოდით და ღამე კარვებში ვრჩებოდით. მაშინ არ არსებობდა კლუბი ან ორგანიზაცია, რომელიც ასეთ რამეებს აკეთებდა, ამიტომ თავად ვგეგმავდით ყველაფერს. შემდეგ უკვე მსურველების აყვანაც დავიწყეთ, ოღონდ მხოლოდ ახლობლების, მეგობრებისა და ნაცნობების... თანდათან კი კლუბად ჩამოვყალიბდით. პირველად ლომისობას წავიყვანეთ ხალხი, ეს საკმაოდ რთული იყო, რადგან 38 მოლაშქრე გვყავდა. მთავარი სირთულე ის გახლდათ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და ყველასთან უნდა იპოვო საერთო ენა. ამის გამოცდილება არ გვქონდა, მაგრამ გაგვიმართლა და პირველი ჯგუფი ძალიან მეგობრული შეგვხვდა. ყველაფერი დაგვიჯერეს... შემდეგ სხვებიც მიჰყვა. ახლა ტრადიციად დავამკვიდრეთ და ლაშქრობების სეზონს ლომისაზე ასვლით ვხსნით და ვხურავთ... სხვა, ნაკლებად უცნობ ადგილებში წინასწარ ვსწავლობთ მარშრუტებს, ვკითხულობთ იმ ადგილების შესახებ ამბებსა და ლეგენდებს და რაც მთავარია, განვსაზღვრავთ სირთულეებს. ყველა დეტალი უნდა გათვალო, მით უმეტეს, თუ ქართველები მიგყავს, ისინი ყოველთვის გვერდზე მიძვრებიან, რაც არ შეიძლება.
- რა არის მოლაშქრისთვის აუცილებელი?
- გააჩნია მარშრუტს... ადამიანს ფიზიკური მომზადება უნდა ჰქონდეს, ფეხით სიარული უნდა შეეძლოს. აღმართზე სიარული ფეხის კუნთებს ძალიან ტვირთავს და თუ ნავარჯიშევი არ არის, იღლება და სიარულს ვეღარ აგრძელებს. მეორე აუცილებელი პირობაა მოხერხებული ფეხსაცმელი. ზოგი ლაშქრობისთვის ახალ ფეხსაცმელს ყიდულობს, რაც არასწორია. ასევე აუცილებელია ქუდი და საწვიმარი. გაუთვალისწინებელი შემთხვევისთვის, ორგანიზატორს ცალკე მიაქვს საჭირო ნივთები, საძილე ტომრები, კარვები... მოკლევადიან და გრძელვადიან ლაშქრობას სხვადასხვანაირი მომზადება სჭირდება. ჩვენ გვაქვს როგორც ერთდღიანი, ისე 12-დღიანი ლაშქრობები და ყველას ვეუბნებით, საკუთარი ძალები შეაფასონ. თუ ადამიანს ფიზიკურად არ შეუძლია, ის გრძელვადიან ლაშქრობაზე არ უნდა წამოვიდეს. ეს ექსკურსია არ არის, თავის გამოცდაა. ადამიანის ორგანიზმი მაქსიმუმზე მუშაობს, ანუ ბოლომდე უნდა ამოწურო თავი.
- როგორც წესი, გოგონები წუწუნებენ?
- როგორც წესი, ბიჭები წუწუნებენ, რომ დაიღალნენ, დასვენება უნდათ, სუნთქვა არ ჰყოფნით, მოწევა უნდათ. სიგარეტი ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის, ამიტომ ყველას ვურჩევ, ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს. ეს ნახევრად ხუმრობით... ისე კი, როდესაც ერთი წუწუნებს, ეს მთელ ჯგუფს გადაედება და ყველა ერთად იწყებს წუწუნს, დავიღალეთო. ჩვენც იძულებული ვხდებით, გავჩერდეთ. შესვენების შემდეგ კი უფრო მეტად უჭირთ ადგომა... ასეთი ადამიანები ჯგუფს აფერხებენ. მახსოვს ურჩი გოგონებიც, რომლებსაც არ დაუჯერებიათ და წამოუღიათ ძალიან ბევრი უაზრო ნივთი, რომელთა თრევა შემდეგ მე მომიხდა.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია