წყალდიდობით დაზარალებული დაბა ურეკის მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და დახმარებას საქართველოს მთავრობას სთხოვს. როგორც მოსახლეობა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, წლებია სანიაღვრე არხების პრობლემა დგას, რაც სახლებისა და სასტუმროების მუდმივად დატბორვას იწვევს. მათივე თქმით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, დამსვენებლები ურეკში ჩასვლას ერიდებიან, გუშინ კი ასობით მათგანმა დაბა სწორედ ამ მიზეზით დატოვა.
"დილის 9 საათზე ჩაალაგეს ბარგი და წავიდა ყველა დამსვენებელი ჩემი, ჩემი მეზობლების სახლებიდან. ერთ მეტრიან წყალში ვინ გაგვიჩერდებოდა. არ დაადგა საშველი არხების გაწმენდას. შემოვარდება სახლებში წყალი, მოვარდებიან გამგეობიდანაც. წავა წყალი და მიდიან ესენიც, პატრონი და საქმის მომგვარებელი კი არავინაა. ყველაფერი გაგვიფუჭდა, ფრინველები დაგვეხოცა. ვინმემ მოგვხედოს, არხების გაწმენდას ვითხოვთ, სახლების აშენებას ხომ არა. რომ იძახიან - ურეკი ასეთი და ისეთი კურორტიაო, რა კურორტზეა საუბარი, როცა ყველა წამოწვიმებაზე ვენეციას ემსგავსება?! ბანკის ვალები გვაქვს ყველას აღებული სეზონს მომზადებული რომ დავხვედროდით, რით გადავიხდით აღარ ვიცი", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას დაბა ურეკში მცხოვრებმა ლუიზა დვალიშვილმა.
მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძე. "არანაირად არ არის აქ საუბარი სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე. არხები, იმ პერიოდში, როდესაც პირველად დაიტბორა ურეკი, შეძლებისდაგვარად გავწმინდეთ, მაგრამ 24 საათიანი წვიმის წყალს ვერც ერთი არხი ვერ გაატარებს",-აცხადებს შარაშენიძე.
ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი ურეკი, დამსვენებლების დიდმა ნაწილმა დატოვა, რის გამოც, ურეკთან მისასვლელ შიდა და ცენტრალურ გზებზე საცობებია.