ჯაზის შემსრულებელი მშვენიერი ქალბატონი, მაია ბარათაშვილი თავისი საინტერესო მოგზაურობების, შთაბეჭდილებებისა და ემოციების შესახებ გვიამბობს. მისი აზრით, ადამიანისთვის მოგზაურობა განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და ყოველგვარი სიმდიდრის მოხვეჭას, იმ ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერებას გვირჩევს, რომლებიც "მეხსიერების უჯრებში" უძვირფასეს განძად შეინახება.
შემოქმედებითი სიახლეები
- მოლაპარაკებები მიმდინარეობს ბულგარეთთან, სადაც ნოემბერში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. შესაბამისად, ბულგარელებიც ჩამოვლენ ჩვენთან. ბურგასსა და სოფიაში საქმიანი ვიზიტით მივდივარ, მაგრამ დასვენებასაც მოვახერხებ. სხვათა შორის, ბულგარელი ინვესტორები ქართული ბაზრის ათვისებითაც დაინტერესდნენ და ცოტა ხნის წინ, ქართულ მხარესთან საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრაც შედგა. მე კი იმისთვის მივდივარ, რომ სამომავლო გეგმები დავსახოთ. გარდა ამისა, თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრთან ერთად, მსმენელს განახლებულ პროგრამასაც შევთავაზებთ. ვინაიდან ზაფხული გადატვირთული სეზონი არ გახლავთ, ვისვენებ, სექტემბრიდან კი ალბათ ავმოძრავდებით.
მოგზაურობა და ჭეშმარიტი ხელოვნება - სულიერების ასამაღლებლად
- მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ბევრია ისეთი, რომელიც ჯერ არ მინახავს და დიდი სიამოვნებით ვესტუმრებოდი. დღეს მოგზაურობა ძვირი სიამოვნება და ფუფუნებაა, მაგრამ არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც ხუთვარსკვლავიან სასტუმროში იცხოვრო და მაღალი კლასით იფრინო. განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოვუწოდებ მოგზაურობისკენ, ოღონდ ის დრო აზრიანად გაატარონ. იდეალური მოგზაურობა მე ასე წარმომიდგენია: უნდა იყოს კულტურის, განათლების, შემეცნების ელემენტი. თუ ბიზნესიც იქნება, ხომ იდეალურია და ამავდროულად, თუ ისვენებთ კიდეც, აზრიანი გართობის ელემენტებიც აუცილებელია. სულ არ არის აუცილებელი, კლუბში დაბოლდე და ისე გამოხვიდე. გართობა მშვიდ გარემოშიც შეიძლება, კარგ კლუბებში, სადაც გემოვნებიან მუსიკას მოისმენ. აუცილებელია, ადამიანებთან კომუნიკაცია, მუზეუმების, ხელოვნების ნიმუშები ნახვა, კონცერტებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე წასვლა, ტრადიციების გაცნობა და ა.შ. მოგზაურობის პლუსი ისაა, რომ ადამიანის თვალსაწიერი ფართოვდება, გამოცდილება უმდიდრდება, რაც არა მარტო შემოქმედებისთვის, ზოგადად პიროვნების განვითარებისა და წინსვლისთვისაა აუცილებელი. ბევრ ნაცნობს, ზოგჯერ - მეგობარსაც კი იძენ და ა.შ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებდი, თუ არჩევანი ძვირფასეულობასა და მოგზაურობას შორის დადგება, პრიორიტეტი ამ უკანასკნელს მიანიჭონ. ერთხელ, ჩემმა ძალიან ახლო მეგობარმა - ბესო დანელიამ ერთი საინტერესო რამ მითხრა: შეიძლება ადამიანს კარგი შემოსავალი, ძვირფასი სახლი, აგარაკი და ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ მირჩევნია, ჩემს შვილს თვალებში მაშინ ჩავხედო, როდესაც ის მიქელანჯელოს "დავითს" უყურებსო. გესმით? რადგან ეს ემოცია არასოდეს ამოიშლება ტვინიდან და გულიდან. ხელოვნება ხომ უკეთესობისკენ ცვლის ადამიანს, აკეთილშობილებს (თანამედროვე პოპკულტურის უაზრო პროდუქტებს არ ვგულისხმობ, რომლებიც ადამიანში აგრესიას უფრო ჰბადებს). ძველი ცივილიზაციების მიერ დანატოვარი კულტურა, შუმერების ხნიდან დაწყებული, თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით დამთავრებული ხომ ადამიანის განვითარების გზას, მის ევოლუციას გვიჩვენებს და როდესაც ჭეშმარიტ ხელოვნებას ვეზიარებით, მთავარია, ის ღირებულებები, სილამაზე, სიყვარული ადამიანის გულში დარჩეს.
სიშიშვლე ხელოვნებაში, სექსუალურობა და მედიის გავლენა სტერეოტიპების მსხვრევაზე
- ხელოვნების ნიმუშები ადამიანმა აუცილებლად უნდა ნახოს, რადგან ამით ვხვდებით, როგორები იყვნენ ამა თუ იმ ქვეყნის ადამიანები კონკრეტულ პერიოდში, რა იყო მაშინ აქტუალური და ა.შ. მაგალითად, მე მომწონს აღორძინების ხანის ხელოვნება. სხვათა შორის, მაშინ იტალიაში, ისევე, როგორც 21-ე საუკუნეში, ადამიანის სხეულის სიშიშვლის აღზევების ხანა იყო. ჩვენს დროში ამან უტიფრობისა და უხამსობის სახე შეიძინა, მაშინ კი ეს ამაღლებული განცდა იყო. არ შეიძლება ტიციანის "დანაიას" უყურებდე შიშველს ან როდენის სკულპტურებს და თავში გარყვნილი, ბიწიერი აზრები მოგივიდეს. დღეს სამწუხაროდ წინ წამოვიდა ისეთი ცნება, როგორიცაა სექსუალურობა და ამან ბევრი რამ დაჩრდილა. მეორე პლანზე გადავიდა ისეთი მუდმივი ღირებულებები, როგორიცაა - სიყვარული, ჭეშმარიტი გრძნობა და დღეს წამყვანი რატომღაც სექსუალურობაა. მაგალითად, შოუბიზნესში, ეს ყველაფერი 1953 წელს დაიწყო, როდესაც მუსიკაში როკ-ენ-როლი დამკვიდრდა და გარკვეული ბარიერები, თავშეკავებული ქცევის სტერეოტიპები დაიმსხვრა, სწორედ მაშინ ჩაისახა ის ტენდენცია, თუ ადამიანი სექსუალურად არ გამოიყურება, ის ლამაზად არ მიიჩნევა. ეს აბსოლუტური აბსურდია. საერთოდ, მუსიკა და მედია ძალიან ძლიერი ინსტრუმენტებია. მათი საშუალებით ხდება ბევრი რამის პროპაგანდა.
საყვარელი ქალაქი
- ლონდონი არის ქალაქი, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. რომაელების მიერ აშენებულ ამ ფანტასტიკურ ქალაქში, რომელსაც მაშინ ლონდინიუმი ერქვა, საოცრად შთამბეჭდავი მონუმენტური არქიტექტურაა - მოკირწყლული პატარ-პატარა ქუჩები და უზარმაზარი გამზირები, თავისი ულამაზესი შენობებით. ერთხელ, მეგონა, მუზეუმის წინ ვიდექი და თურმე, პოლიკლინიკა იყო. წარმოიდგინეთ, როგორ აშენებდნენ მაშინ, რომ ლუქსუსის ელემენტი ყველა შენობაშია. გამიმართლა და ლონდონში "კოვერ გარდენის" ოპერის თეატრში მოვხვდი რიჰარდ სტრაუსის "ელექტრას" მოვუსმინეთ. ბილეთები ძალიან ძვირია. შეიძლება ზოგს ოპერა არ უყვარდეს, მაგრამ წასვლას მაინც ვურჩევ, რადგან იქ იკრიბება ლონდონის ძალიან მაღალი საზოგადოება და თუ გინდა ინგლისის ძვირფასი საიუველირო ნაკეთობების კოლექცია ნახო, უნდა მიხვიდე. ყველა ადგილს თავისი დრეს-კოდი აქვს. არის თეატრები, სადაც "დემოკრატიულად" ჩაცმულებიც დადიან. ბევრი ადგილია, სადაც ხელმეორედაც სიამოვნებით წავიდოდი, არდადეგებსაც გავატარებდი და ვიმუშავებდი კიდეც. ძალიან მომწონს მაგალითად, აშშ, რამდენიმეჯერ ვიყავი და შესანიშნავი მუზეუმები დავათვალიერე.
აზია
- სამწუხაროდ, აზიის თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ ვარ ნამყოფი. მხოლოდ თურქეთში - რამდენჯერმე. არც ინდოეთსა და ეგვიპტეში მიმოგზაურია, მაგრამ იმედია, მომავალში აუცილებლად მოვხვდები, რადგან განათლებით არქიტექტორი ვარ, ეგვიპტის არქიტექტურა თავის დროზე ვისწავლე და რა თქმა უნდა, მისი ნახვის დიდი სურვილი მაქვს. თბილისში წლების განმავლობაში ვმუშაობდი ლიბანელთან და მასთან ურთიერთობით იმ ხალხის ტრადიცია და მენტალიტეტი კარგად გავიცანი. ის კათოლიკე იყო, ხელგაშლილი, ინტერესიანი ადამიანი, კარგი იუმორის გრძნობით. ლიბანური მონეტები მაჩუქა, რომლებიც ძალიან ჰგავდა ძველებურ ქართულ მონეტებს.
თურქეთი
- სტამბოლი ძალიან მიყვარს. ის აზიისა და ევროპის გადაკვეთაზეა და მისი ევროპული ნაწილი ძალიან საინტერესოა. შეძლებისდაგვარად, ვნახე ლურჯი მონასტერი, აია სოფია, მიწისქვეშა წყლის სასახლე, სადაც 300 კოლონაზე მეტია და თითოეულ კოლონას თავისი გამოსახულება აქვს. სწორედ ამ სასახლეში გადაიღეს "ჯეიმს ბონდის" სულ პირველი სერია, შონ კონერისთან ერთად. სხვათა შორის, თურქებს კარგი იუმორის გრძნობაც აქვთ. თურქეთში, იქაურ ცნობილ ჯაზმენთან - სელჩუკ სუნთან ერთად გამოვდიოდი.
კულინარია და პირველი კათხა ლუდი
- მოგზაურობის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი გასტრონომიაა. ქვეყანას ვერ გაიცნობ, თუ მისი სამზარეულო არ გასინჯე. აუცილებელი არ არის, ძვირფას რესტორანს ესტუმრო, ელემენტარულ ტავერნებში შეიძლება შეხვიდე და ადგილობრივი საკვები დააგემოვნო. გერმანიაში ხშირად დავდივარ. იქ ჩემი არქიტექტორი მეგობარი ცხოვრობს - თამარა ქესელი და ხშირად ვმოგზაურობთ ხოლმე. სხვათა შორის, როდესაც "შინთან" ერთად მქონდა კონცერტი, ლუდი პირველად დავაგემოვნე 100 წლის ბრევერიაში, რომელიც ფაქტობრივად, ლუდის სამშობლოა. მანამდე გასინჯული არც კი მქონდა. მოკლედ, არ არის მთავარი, ბევრი ფული დახარჯო და ძვირი გადაიხადო. მთავარია, იმ ქვეყნის გემო შეიგრძნო.
საფრანგეთი
- შამპანში მოვხვდი, სადაც ნოტრდამ დიუს ტაძარია და სადაც ყველა მეფის კორონაცია მოხდა. იქ ჟანა დ"არკის სკულპტურა დგას. შამპანურის ქარხანაშიც ვიყავით, სადაც სულ პირველად ჩამოსხმული ბოთლიც კი ვნახეთ. საინტერესო ისაა, რომ შამპანურის ბიზნესი, ფაქტობრივად, ქალმა წამოიწყო - როდესაც მისი ქმარი გარდაიცვალა, საქმეს ჩაუდგა სათავეში. "ქორფ ოფენინგ"-ს დავესწარით, ანუ საცობის მოხსნის რიტუალს და თუ ისე ხსნიდი, როგორც საჭიროა, მერე გასაჩუქრებდნენ, დეგუსტაციაც მიდიოდა და ა.შ. ძალიან საინტერესო იყო.
ყველაზე სიმპათიური მამაკაცები
- ...ალბათ ინგლისში შემხვედრია. ერთხელ ლორდთა პალატის სხდომაზე მოვხვდი, სადაც ლორდები სიტყვით გამოვიდნენ. საკმაოდ სიმპათიურები იყვნენ. საერთოდ, ჩრდილოეთის ხალხი ძირითადად, ღია ფერისაა. სიმპათიურ მამაკაცებს ნორვეგიაშიც შეხვდებით, თუმცა ჰეტეროსექსუალსაც შეიძლება გადააწყდებით, რადგან იქ ძირითადად, ჰომოსექსუალები ჭარბობენ. საფრანგეთშიც ნორმალური გარეგნობის მამაკაცები იყვნენ, მაგრამ არა - გამორჩეულები. ორი წლის განმავლობაში, "ევროვიზიის" დელეგაციის უფროსი ვიყავი და საინტერესო ადგილები მოვიარეთ, იქაურ ტელევიზიებთანაც მქონდა ურთიერთობა და იმ ადამიანებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.
მონტე-კარლო
- საინტერესო არქიტექტურით გამოირჩევა მონტე-კარლო, მონაკო, მთის მწვერვალებზე ლამაზი სოფლებია გაშენებული, საიდანაც მთლიანად რივიერა ჩანს. აკვარიუმი, საზღვაო ისტორიის მუზეუმია, სადაც ყველაფერია, ცხოველების ფიტულებით დაწყებული, საზღვაო ტექნიკის ბოლო მოდელებით დამთავრებული. მონტე-კარლოში მთაგორიანი რელიეფია. პრინც რენიეს სასახლეც ვნახე და მისი მანქანების კოლექციაც, რომელიც ძალიან ლამაზია. შესანიშნავი ბუნებაა და სულ რომ არსად წახვიდეთ, უბრალოდ ბუნებაში დაჯდეთ, საოცარი რომანტიულ-სენტიმენტალური განწყობილება დაგეუფლებათ.
ისრაელი და მაცხოვრის საფლავზე გატარებული მარტოობის 4 წუთი
- ისრაელში კონცერტი საოცარ ადგილას მქონდა - მაღალსართულიანი შენობის სახურავზე, სადაც ამფითეატრია, შესაბამისი განათებაა და როცა ბნელდება, ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ჰაერში ხარ გამოკიდებული. სხვათა შორის, ჩვენი მენეჯერი ებრაელი ქალი, მართლმადიდებლურად მოინათლა. ძალიან მომეწონა ჯვრის მონასტერი, სადაც შოთა რუსთაველი იღვწოდა. მართალია, ის ადგილები მოუვლელია, მაგრამ ტაძრის წინა ნაწილი მაინც მოხატულია და ზედ რუსთაველის გამოსახულებებია. იერუსალიმში ისეთ დროს ვიყავით, როცა პილიგრიმების ნაკადი არ იყო. სამწუხაროდ, ვია დოლოროზა, სადაც იესო ქრისტემ ყველაზე მტკივნეული გზა გაიარა, ახლა ყველაზე ძვირიან სავაჭრო ადგილადაა ქცეული... როდესაც ქრისტეს საფლავზე შევედით, სადაც გამუდმებით ტურისტების ნაკადია და ყოველ ორ წუთში იცვლება, მოხდა ისე, რომ 3-4 წუთის განმავლობაში საფლავთან მარტო აღმოვჩნდი... ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მხოლოდ მე და სამყაროს შემქმნელი ვიყავით... ეს საოცარი შეგრძნება და შთაბეჭდილებაა. გგონია, რომ ქვეყანაზე ვერაფერი დაგამარცხებს! აი, ამიტომაა ადამიანისთვის მოგზაურობა მნიშვნელოვანი, ეს ყველაფერი ილექება, გადის დრო და სხვა რა დაგრჩება? ბრილიანტი და ოქრო არაფერია. როდესაც საკუთარ თავთან მარტო რჩები, ყველაზე ძვირფასი შენი მოგონებებია. ადამიანი ღვთის მიერ შექმნილი საოცარი მანქანაა, მოგონებები თითქოს უჯრებშია ჩალაგებული, საჭირო დროს შეგიძლია ღილაკს თითი დააჭირო და ამოტივტივდება...
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)