ზაფხულის ყველაზე აქტუალური სასაუბრო თემა, რა თქმა უნდა, დასვენება, ბათუმი და ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი BATUMI SUMMER SET 2013-ია, რომელზე დასწრებაც, ორგანიზატორების თქმით, 2 კოქტეილის ფასად შეიძლება. ”ეს არის უპრეცედენტო ფასი, 70 ლარად სამდღიან აბონიმენტს ვერცერთ ევროპულ ფესტივალზე შეიძენთ”,-ამბობს პროექტის დირექტორი მირანდა ესაკია.
იმის გამო, რომ ფესტივალი ბათუმობის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ივენთების სერიას ხსნის, ბათუმის საკრებულოს ინიციატივით, ორგანიზატორებს ბილეთების ფასი 1 აგვისტოდან არ გაუძვირებიათ. ბოლო პერიოდია კი ყველა მათგანი შემოსულ სატელეფონო ზარებს ერთი წინადადებით ამთავრებს, რომ ფესტივალს უფასოდ არავინ დაესწრება.
”ყველა ფიქრობს, რომ მაინც და მაინც ის არის ვიაიფი, მას ეკუთვნის უფასოდ მოხვედრა ფესტივალზე, ბილეთის ფული კი სხვებმა უნდა გადაიხადონ.”
- როგორ ფიქრობთ, ეს რისი ბრალია?
- ძალიან ბევრი უფასო შოუ, ფესტივალი და ლაივი იმართებოდა საქართველოში, ამიტომაც მსმენელი მიეჩვია უფასო დასწრებას. ეს დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს. თუ პროექტი არ იქნება კომერციულად მომგებიანი, ის მომდევნო წელს ან საერთოდ არ გაიმართება, ან მასშტაბებს შეიცვლის და ისევ 300-400 ადამიანისთვის გაკეთდება.
- ანუ მომხმარებელმა უნდა გაიაზროს, რომ ნებისმიერი ფესტივალის ”ბედი” მასზეა დამოკიდებული?
- ზუსტად. საქართველოში არასოდეს ენანებათ ფული რესტორნებში. შემდეგ უკვე ამ კანჭებთან და ლუდებთან თუ ყავებთან და კოქტეილებთან ჩამომსხდრები ჭორაობენ, რომ საქართველოში არაფერი ხდება. აი, ჩამოდიან საერთაშორისო დონის არტისტები, მაგრამ თუ შენ გინდა, რომ მომავალ წელსაც მოხდეს მსგავსი რამ, ან მეტიც, კიდევ უფრო გაიზარდოს მასშტაბები, მაშინ ბილეთში ფული უნდა გადაიხადო, რომ ორგანიზატორებს ქონდეთ სტიმული გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა.
- და რაში იხდის მომხმარებელი ფულს?
- მთლიანად ფესტივალში. საფესტივალო ტერიტორია ეს არაა მხოლოდ შემოღობილი და დაცული ადგილი. ამიტომ ვამბობთ, რომ შენდება საფესტივალო ქალაქი, რომელიც ბარისა და სცენის გარდა სხვადასხვა გასართობ ობიექტებს მოიცავს. ყოველ საღამოს 8 საათზე შემოსული მსმენელი შეძლებს მოუსმინოს მუსიკას და სანამ საყვარელ არტისტს ელოდება, გაერთოს, ითამაშოს. მოკლედ, სიურპრიზები იქნება.
- 3 დღის განმავლობაში რამდენ არტისტს ვიხილავთ სცენაზე?
- ჯამში 22 არტისტია, აქედან 12 ქართველი. ყველა, ვინც კი იცის ელექტრონული მუსიკა და უსმენს, უკვე ნაყიდი აქვს ფესტივალის აბონემენეტი. ისინი ჩვენი ლოიალური მსმენელები არიან და ვიცი, რომ ფესტივალს ესწრებიან. წლევანდელი BATUMI SUMMER SET-ის მიზანია, რომ კიდევ უფრო მასშტაბური გახდეს და უფრო მეტი ადამიანი ჩართოს. მეტიც, გვინდა რომ თბილისი და ბათუმი ისევ ამიერკავკასიაში კვლავ იყოს კულტურული ცენტრი და ამკვიდრებდეს თუნდაც მუსიკალურ მოდას.
R