ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა ღლონტი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლების ნაწილი ახალი მეთოდებით, ძველი ხელისუფლების პოლიტიკის გატარებას ცდილობს.
როგორც ღლონტმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ხელისუფლების გარკვეული ფრთა "მაესტროში" გავლენის მოპოვებას ცდილობდა. მას შემდეგ, რაც ეს ვერ შესძლეს, "მაესტროს" მიმართ წვრილმანი ხელის შეშლის პირობები გახშირდა, რაც ბოლო დროს, ძალიან გამსხვილმანდა. ამაზე უფრო კონკრეტულ განცხადებას "მაესტრო" რამდენიმე დღეში გააკეთებს.
რაც შეეხება ტელეკომპანიიდან ნინო ჟიჟილაშვილისა და თეა სიჭინავას წასვლას, ღლონტმა აღნიშნა: "ამას ვერ დაგიდასტურებთ. ამ თემაზე საუბარს თავს ვარიდებ".
ფინანსური პორბლემების გამო ტელევიზიიდან თანამშრომლების წასვლის თემაზე კი, მამუკა ღლონტი შემდეგ განმარტებას აკეთებს - "წინა ხელისუფლებამ ბევრი მილიონი აპატია "რუსთავი 2"-ს, "იმედს" და "პირველ არხს. "იმედს", პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაცემამდე რამდენიმე ხნით ადრე, 16 მილიონი აპატიეს ბიუჯეტიდან". ღლონტი ამბობს, რომ ახალი ხელისუფლება ამ მიმართულებით არანაირ ზომებს არ იღებს.
"აქედან გამომდინარე, დაზოგილი 16 მილიონი და 24 მილიონი, რომელიც ბიუჯეტში არ გადაიხადეს "იმედმა" და "რუსთავი 2"-მა, ჩვენ რომ გვქონდეს, მთელს "რუსთავი2"-ს და "იმედს" ვიყიდდით. ახალი ხელსუფლება არ ცდილობს, მედია საშუალებები კონკურენტულ გარემოში ჩააყენოს და ტელეკომპანიებს ბიუჯეტიდან მოპარული ფული დააბრუნებინოს", - აცხადებს მამუკა ღლონტი.
ამასთან, მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სარეკლამო ბაზარი გათავისუფლდა, "მაესტრო" ცდილობს, იყოს ბიზნესორგანიზაცია, კომპანიას ბანკიდან აღებული აქვს დიდი კრედიტი და ცდილობს, სარეკლამო შემოსავლებით იცხოვროს.
"არ შეიძლება, მედია ორგანიზაცია, თუ მას დამოუკიდებლობა სურს, ვინმეს ფინანსებზე იყოს დამოკიდებული. ჩვენი ფინანსები ჯანსაღდება. მიმდინარეობს ფინანსური რეორგანიზაცია, რადგან ვცდილობთ, თავად შევინახით თავი", - აღნიშნა მამუკა ღლონტმა.