ლოკარნოს ფესტივალზე ინდუსტრიულ სექციაში Open Doors სამმა ქართულმა პროექტმა ოთხი პრიზი მოიგო. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, Open Doors 2013 - ის ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ფესტივალის ინდუსტრიის განყოფილებასთან ერთად და ასევე ACE (Ateliers du Cinéma Européen), EAVE (European Audiovisual Entrepreneurs) და Producers Network Marché du Film (კანის ფესტივალი), მიეძღვნა სამხრეთ კავკასიის ფილმებს.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ძირითადი აქცენტი გაკეთდა სომხეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე. 100 განაცხადიდან 12 პროექტი იქნა შერჩეული, რომელიც მონაწილეობდა 2013 წლის კოპროდუქციის ლაბორატორია Open Doors-ში.
ფესტივალის დროს ორგანიზებული ოთხდღიანი სემინარი მიზნად ისახავდა მხარი დაუჭიროს შერჩეულ რეჟისორებსა და პროდიუსერებს ფინანსური პარტნიორების მოძიებაში, რომ დაასრულონ თავიანთი ფილმების წარმოება.
დაჯილდოების ცერემონიისათვის Open Doors - ის ჟიურიმ შეარჩია შემდეგი პროექტები, შეთავაზებული შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს, ბელინზონას რაიონის, Visions Sud Est, the CNC (Centre national du cinéma et de l'image animée) და ARTE -ს მიერ: Open Doors წარმოების პრემია 20 000 შვეიცარული ფრანკი - ალექსანდრე კვატაშიძეს - "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი", Open Doors-ის განვითარების პრემია 15 000 შვეიცარული ფრანკი - ოკსანა მირზოიანის " Abysm", Open Doors პოსტ პროდუქციის პრემია 15 000 შვეიცარული ფრანკი- ნინო გოგუას "მადონა", ARTE Open Doors პრემია 6,000 ევრო ალექსანდრე კვატაშიძეს "ჩეჩნეთის გზაჯვარედინი". საფრანგეთის კინოცენტრის პრემია 7,000 ევრო - რუსუდან პირველის "ძილის გაკვეთილები".
ასევე, წელს ლოკარნოს ფესტივალმა პატივი მიაგო ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს, რომელსაც გადაეცა სპეციალური პრიზი Pardo alla carriera კინემატოგრაფიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის.