შობლიური ენის სიყვარული მამისაგან ისწავლა. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე იმ სამყაროში გაიზარდა, სადაც პოეზია, ლიტერატურა უპირველეს საუნჯედ მიაჩნდათ, მის მამას, ირაკლი აბაშიძეს კი მთელი საქართველო იცნობდა. ბატონი ზურაბი დიდი სიყვარულით იხსენებს დიდ მწერლებსა და პოეტებს, რომლებიც მის ოჯახს სტუმრობდნენ და ასეთივე სიყვარულით საუბრობს მისთვის საყვარელი წიგნების შესახებ:
- მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომლისთვისაც წიგნი გაცილებით ძვირფასი და ახლობელი იყო, ვიდრე ინტერნეტი. წიგნის კითხვა აუცილებელი იყო, ახალგაზრდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ და თუ რომელიმე ცნობილი მწერლის შემოქმედებას არ იცნობდი, ეს ცუდ ტონად იყო მიჩნეული. წიგნებს ერთმანეთს ვუცვლიდით, მერე კი შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით. თუ რომელიმე პოპულარული ნაწარმოების წაკითხვას ვინმეს დაასწრებდი, ყველა ფიქრობდა, რომ მაგარი იყავი. ერთი სიტყვით, ჩვენს თაობას წიგნის სიყვარული ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი. მიხარია, რომ ეს სიყვარული დღემდე არ გამნელებია. ბავშვობაში ჩემი თანატოლების მსგავსად მეც ძირითადად სათავგადასავლო ლიტერატურას ვკითხულობდი, ჩემთვის ყველაზე საყვარელი წიგნი კი "სამი მუშკეტერი" იყო. 8-9 წლისა ვიყავი, როცა წავიკითხე და გამოგიტყდებით, დღემდე სიამოვნებით ვკითხულობ, როგორც ჩანს, ბავშვობას მახსენებს და ამის გამოც. არც კი ვიცი, რამდენჯერ მაქვს წაკითხული - ალბათ 50-ჯერ ან ასჯერ, არ დამითვლია.
- თქვენთვის ყველაზე ძვირფასი ქართველი შემოქმედი ვინ არის?
- ალბათ ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ვაჟა-ფშაველა და გალაკტიონი ქართველ პოეტებს შორის ყველაზე მეტად მიყვარს. რომანებს შორის განუმეორებელია "დიდოსტატის მარჯვენა", რომელსაც ახლაც სიამოვნებით წავიკითხავდი, ასევე "დათა თუთაშხიაც". თანამედროვე ქართული მწერლობა ვერ წარმომიდგენია ოთარ ჭილაძის გარეშე. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ეტაპზე მხატვრულ ლიტერატურას ვეღარ ვკითხულობ, უფრო მეტ დროს ვუთმობ ისეთ ლიტერატურას, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტიკას და საერთოდ, ჩემს საქმიანობას შეეხება.
- ბატონო ზურაბ, მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსებს შორის ვის ანიჭებთ უპირატესობას?
- სტუდენტობის პერიოდში ინტენსიურად ვკითხულობდი რუს მწერლებს, არა მარტო მე, არამედ მთელი ჩვენი თაობა. ტოლსტოი, დოსტოევსკი, ჩეხოვი მართლაც რომ შეუდარებელი მწერლები არიან. ძალიან მომწონს მეოცე საუკუნის რუსული პოეზიაც - პასტერნაკი, ესენინი, ცვეტაევა და სხვები. არ დამავიწყდება შეხვედრა ნობელის პრემიის ლაურეატ იოსებ ბროდსკისთან: 1971 თუ 1972 წელი იქნებოდა, როცა მას ჩემს ნაცნობთან, წვეულებაზე შევხვდი, მაშინ სტუდენტი ვიყავი. რამდენად საინტერესო მოვლენა იყო ბროდსკი ლიტერატურაში, ეს მოგვიანებით გავაცნობიერე.
- ცნობილი პოეტის ოჯახში იზრდებოდით. მამა თუ გირჩევდათ, რა უნდა წაგეკითხათ, ან თუ ერეოდა თქვენი ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში?
- მამაჩემს ჩემთან ძალიან თავისებური დამოკიდებულება ჰქონდა - მას ჩემთვის არასოდეს არაფერი დაუვალებია. რაღაცაზე რომ ვიტყოდი, ეს არ ვიცი, ან არ წამიკითხავს-მეთქი, გაიკვირვებდა და წამოიძახებდა - ნამდვილად არ მჯერაო. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში "ხონურ დიპლომატიას" მიმართავდა: დამანამუსებდა და ძალაუნებურად იძულებული ვიყავი, რომ წამეკითხა. მახსოვს, ბავშვობაში ხშირად ვეკითხებოდი ხოლმე, რომელი უფრო დიდია, ილია თუ აკაკი, ან ვაჟა თუ გალაკტიონი-მეთქი, საყვედურნარევი ტონით მეუბნებოდა - კი მაგრამ, მწერალი მანქანა ხომ არ არის, რომ მეორე მანქანას შევადაროთო? სხვათა შორის, ახლა მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, ვის რომელი პოეტი ან მწერალი მოსწონს, ეს უფრო ინდივიდუალურია. ცნობილია, მაგალითად, რომ ლევ ტოლტოის საშინლად არ მოსწონდა შექსპირი, მაგრამ ეს შექსპირს სულაც არ აკნინებს. ამბობენ, გემოვნებაზე არ დაობენო და ჩემი აზრით, ეს გამონათქვამი ლიტერატურასაც მიესადაგება.
- ალბათ, თქვენს ოჯახს ბევრი ცნობილი შემოქმედი სტუმრობდა.
- რასაკვირველია. მამაჩემთან ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი მწერლები. მახსოვს, როგორ მოდიოდა კონსტანტინე გამსახურდია, გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, ბუნდოვნად გალაკტიონიც მახსოვს. უცხოელი მწერლებიდან არტურ მილერის სტუმრობა მახსენდება, ჩვენი ოჯახის სტუმარი იყო სტეინბეკი, რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახლდათ. კარგად მახსოვს მიხეილ შოლოხოვი, რომელთან ერთად ფოტოც მაქვს გადაღებული. მოსკოვში როცა ვსწავლობდი და მამა ჩემთან ჩამოდიოდა, ხშირად მივყავდი ისეთ ადგილებში, სადაც ცნობილი მწერლები იკრიბებოდნენ. მეც ინტენსიური ურთიერთობა მქონდა რუს პოეტებთან და მწერლებთან, მაშინაც და მოგვიანებითაც, როდესაც რუსეთში ელჩი ვიყავი. მაშინ ლიტერატურაც უფრო დიდ როლს ასრულებდა ქვეყნის ცხოვრებაში. ამასთან, რთული იყო მწერალს სიმართლე ეთქვა, საბჭოთა სინამდვილისთვისაც უნდა გაეწია ანგარიში, მაგალითად, სტალინის პერიოდში სტალინზე ან ლენინზე ლექსი რომ არ დაგეწერა, ეს სასიცოცხლო საფრთხესთან იყო დაკავშირებული. დღეს კი რეალობა შეიცვალა - ლიტერატურა უფრო თავისუფალია, მაგრამ მისი ფუნქციები აშკარად შეზღუდულია. ადრე ხელოვნებას უფრო მნიშვნელოვანი როლი და დატვირთვა ჰქონდა.
- ბატონო ზურაბ, მამის შემოქმედებიდან ყველაზე მეტად რა მოგწონთ?
- ძალიან მიყვარს "პალესტინა, პალესტინა", რადგან ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებული წიგნია. ლექსებს შორის კი ყველაზე მეტად "ხმა კატამონთან" მომწონს.
- მწერლებსა და პოეტებს შორის გაიზარდეთ, მაგრამ დიპლომატიური კარიერა აირჩიეთ. საინტერესოა, რამ განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი?
- ბავშვობაში ალბათ სათავგადასავლო ლიტერატურამ, რომელიც განსაკუთრებით მიყვარდა. მერე უკვე სხვა ინტერესებიც გამიჩნდა, მაგრამ ყოველთვის ძალიან მიყვარდა გეოგრაფია: ჩემი მეგობრები სულ იცინოდნენ იმაზე, რომ მსოფლიოს ყველა ქვეყნის დედაქალაქის, პრეზიდენტისა თუ პრემიერის სახელი ვიცოდი. ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესი მქონდა მოგზაურობის, სხვა სამყაროს მიმართ. საბჭოთა პერიოდის ჩაკეტილობა ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებდა და ამის გამო ავირჩიე პროფესია, რომელიც განსხვავებულ ქვეყნებთან, სხვა სამყაროსთან შეხვედრის საშუალებას მომცემდა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)