ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში მოკლული ილო კაპანაძის ოჯახის წევრებმა ცხედრის ექსპერტიზაზე უარი განაცხადეს, რასაც პოლიციასთან მცირე ინციდენტი მოჰყვა. ამის გამო სამართალდამცავებს დამატებითი ძალის გამოძახება დასჭირდათ. მოგვიანებით ცხედარი, სამედიცინო ექსპერტიზაზე, ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს.
ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, ნათესავებთან სტუმრად მყოფი 38 წლის ილო კაპანაძე, მეზობლებმა მდინარე რიონის სანაპიროზე იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილის სახით, პოლიციამ რამდენიმე საათში კაპანაძის ნათესავების მეზობლად მცხოვრები, 18 წლის რევაზ ედიშერაშვილი დააკავა. მეზობლების განცხადებით, ედიშერაშვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს.
"რიონის სანაპიროზე ვიპოვეთ გარდაცვლილი. არავინ არაფერი ვიცით იმის გარდა, რომ დაპატიმრებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ალბათ, გამოძიება დაადგენს, რა მოხდა. ილო სტუმრად იყო ჩამოსული ბებიასთან საჩხერიდან. უკონფლიქტო ადამიანი იყო," - ყვებიან მეზობლები.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას, შსს-ს ხობის მთავარი სამმართველო აწარმოებს.