ქართველმა საზოგადოებამ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლება აღარ ინდომა, ამით უარი უთხრა მისი მმართველობის დროს დამკვიდრებულ უსამართლობას და იმედი გაუჩნდა, სამართლიანობა იზეიმებსო. თუმცა სამართლიანობის აღდგენაზე ნაოცნებარ ხალხს სასამართლომ გამოუცხადა, ბაჩანა ახალაიაც კი მართალიაო. რაკი მის გამართლებას სამართლიანობის აღდგენის გაჭიანურებაც დაერთო, ეჭვი აფუთფუთდა - ეგებ თავიდანვე ასე (მხოლოდ მიშას მოცილება) იყო დაგეგმილი. "ოცნებამ" გამოგვიყენა, ახლა "ნაციონალებთან" გარიგდა და ჩვენს ტკივილსადა ბოღმაში ჩასახარშად გაგვიმეტაო. რა შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებაში გაჩენილ ასეთ განწყობას, ფსიქოლოგიის პროფესორი ნოდარ სარჯველაძე გვესაუბრა:
- საკითხავია, რა უნდა ხალხს - სამართლიან სახელმწიფოში ცხოვრება თუ ის, რომ უსამართლობა არ იყოს? ცალკეული დანაშაულის გამოძიებას დრო სჭირდება, მაგრამ ადამიანებს უნდათ უსამართლობა დღესვე აღმოიფხვრას. უფრო მეტიც, ხალხის შეკვეთაა აღვირახსნილი უსამართლობა იმით აღმოიფხვრას, რომ დამნაშავენი დაისაჯონ, ხოლო ნაციონალური მოძრაობა თავისი ლიდერებითურთ პოლიტიკური სარბიელიდან გაქრეს. უსამართლობის აღმოფხვრა მოსახლეობას დასჯის მომენტამდე დაჰყავდა. ხელისუფლებასაც სურდა იგივე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ სურვილის თუ ოცნების განხორციელება არ არის ადვილი. სამართლიანობის დამყარება და უსამართლობის სწრაფი ალაგვმა სხვადასხვა ტემპს მოითხოვს. სამართლიანობის დამყარებას (რაც ახალმა ხელისუფლებამ დაისახა მიზნად) შეიძლება ათწლეულები დასჭირდეს. მოსახლეობას კი სურს უკვე ახლა იყვნენ დასჯილნი დასასჯელები. მოსახლეობისა და ხელისუფლების სურვილები და მიზნები ერთმანეთისგან აცდენილი რომ არის, იმითაც დადასტურდა, რომ როდესაც სასამართლომ ახალაიას ვერაფერი მოუძებნა და ამდენად იგი გაამართლეს, ხელისუფლებამ თქვა, დემოკრატიამ გაიმარჯვა, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ჩავერიეთო. ხალხს, რომელსაც უსამართლობის აღკვეთა დამნაშავეთა დასჯით სურს, ხელისუფლება სასამართლოს ზეგავლენისაგან დაცულობაზე ელაპარაკება, რაც გამწარებულ მოქალაქეს სულაც არ აინტერესებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ლაპარაკი არ პასუხობს მოსახლეობის შეკვეთას. მათ ამის გამო არ მიუციათ ხმა "ქართული ოცნებისთვის". ხელისუფლების რეიტინგი უკვე დაბლა მოცოცავს. ხალხისგან მსმენია, ერთი გახმაურებული საქმეც ვერ გახსნესო. შეიძლება გახსნეს კიდეც, მაგრამ სამართლიანი სახელმწიფო ისეთ ფაქტებს ითხოვს მტკიცებულებად, რომელთაც წყალი არ გაუვა. სანამ წყალგაუვალ ფაქტებს არ მოიძიებენ, დანაშაულს ვერავის დაუმტკიცებენ.
- ბაჩანა ახალაიას დანაშაულზე წყალგაუვალი ფაქტების მოძიება გაუჭირდა პროკურატურას?
- სააკაშვილი და მისი გუნდი იმდენად გაწვრთნილი გაიძვერები არიან, რამეს რომ აფუჭებდნენ, ადვილად კვალს არ ტოვებდნენ. ხელისუფლებამ კვალი შეიძლება დატოვოს ისეთ სახელმწიფოში, როგორიც გერმანიაა. გერმანელები იმდენად პედანტები არიან, ჰიტლერის მთავრობა საკუთარდანაშაულსაც გულდასმით აღნუსხავდა და უამრავი კვალი დატოვა. საქართველოში კი ყველაფერი მალვასა და უკანონობაზე იყო აგებული. როდესაც დანაშაულს სჩადიოდნენ, ხელისუფლებაში იყო ხალხი, ვინც ამ კვალს შლიდა. ამიტომაც გახდა ახალაიას საქმეში მატერიალური მტკიცებულებები ძნელი მოსაძებნი. ახალაიას ვინმესთვის ფიზიკური ზიანიც რომ მიეყენებინა, თვეების მერე ეს აღარ ჩანს. ახლა ხუთასმა მოწმემაც რომ თქვას, ახალაია ჩვენზე ზეწოლას ახდენდაო, ეს მხოლოდ სიტყვებია.
- რადგან სასამართლოში ახალაიას დანაშაულიც კი ვერ მტკიცდება, საზოგადოებაში ეჭვი გაჩნდა, ხომ არ იყო თავიდანვე შეთანხმებული გეგმა "ოცნებასა"და "ნაციონალებს" შორისო.
- ასე ისინი ფიქრობენ, ვისაც მოლოდინი გაუცრუვდა. შესაძლოა, ახალ ხელისუფლებას მოსწყინდა კონფრონტაცია ძველთან და ერთმანეთისკენ ხიდებს დებენ. უსუფაშვილსა და ბაქრაძეს ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა აქვთ. შეიძლება ყოფილი ხელისუფლებიდან ვინმემ ისიც კი თქვას, "ოცნებაში" ვინც ჩემზე უდანაშაულოა, ქვა იმან მესროლოსო. "ოცნების" წარმომადგენლები მორალურად რით არიან "ნაციონალებზე" უკეთესები? იქ ბევრი ისეთი ადამიანია, ვინც თავის დროზე შევარდნაძესთანაც იყო და სააკაშვილთანაც.
- ბიძინა ივანიშვილი არ ყოფილა პოლიტიკაში.
- დიახ, მაგრამ ბიზნესში იმდენად დაუნდობელი იყო, "მახრჩობელას" ეძახდნენ და მისი წმინდანად გამოყვანა სიბრმავეა. თუ ხელისუფლება მიჰყვა ადამიანების ნებას და დაიწყო დაჭერები, კაცი უნდა დაიჭირონ - 300-400?