ინფორმაცია ამ ქალბატონის შესახებ ძნელი მოსაპოვებელია. იგი არ იყო სახელგანთქმული ფოტოგრაფი. სიცოცხლეში არც ერთი მისი ნამუშევარი არ გამოუქვეყნებიათ, მაგრამ მასზე მოყვარული ფოტოგრაფის თქმაც არ შეიძლება. უცნობს ვივიენ მაიერი ჰქვია და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც 2009 წელს უძრავი ქონების აგენტმა ჯორჯ მალოფმა შესანახი საწყობიდან რამდენიმე ყუთი იყიდა, რომელიც არავინ იცის ვის ეკუთვნოდა.
აღმოჩენა
ახალმა მფლობელმა ამ ყუთებში დაახლოებით 10 ათასი ნეგატივი, გაუმჟღავნებელი ფირები აღმოაჩინა. როდესაც ფირების გამჟღავნება დაიწყო, აღფრთოვანებისგან სუნთქვა შეეკრა.
ნეგატივები ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრის შესანიშნავ სურათებად გადაიქცა, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იყო გადაღებული. მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც ჯორჯ მალოფმა ფოტოები ინტერნეტში განათავსა, 200-ზე მეტი შეთავაზება მიიღო - გადაეღოთ ფილმი ან მოეწყოთ გამოფენა ვივიენ მაიერის შესახებ.
ვივიენი მთელი ცხოვრების განმავლობაში ფოტოგრაფობდა, მაგრამ თავის ნამუშევრებს არავის ანახვებდა. წელიწადში 200 ფირის გადაღების შემდეგ, ქალი მათ საკუთარ ოთახში ამჟღავნებდა, რომელიც ფოტოლაბორატორიად ჰქონდა გადაქცეული. მაიერს არასოდეს გასჩენია სურვილი, თავისი ნამუშევრები გამოექვეყნებინა. მისი არქივი დაახლოებით 100 ათას ნეგატივს იტევდა, რომლებსაც ყოველთვის საგულდაგულოდ ინახავდა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ვივიენი თავისი გატაცებით არასოდეს ირჩენდა თავს, უფრო მეტიც, ნაცნობების წრეში არავინ უწყოდა მისი ფოტოგრაფიისადმი სიყვარული. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ, სრულიად შემთხვევით, ეს კადრები ისტორიის ნაწილი გახდა. ამჟამად თანამედროვე ლექტორები ამ ფოტოების მიხედვით სტუდენტებს იმ ეპოქის მოდასა და ცხოვრების შესახებ უყვებიან.