"გამიკვირდებოდა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ასლან აბაშიძეს და მის ვაჟს არ მისცემოდათ საქართველოში დაბრუნების შესაძლებლობა", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ხაბაზმა, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ასლან აბაშიძეს:
- დაბრუნების შანსი მისცეს ყველას, ვინც სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებში იყვნენ მხილებული. მეტიც, ამ ხელისუფლებამ საპატიმროებიდან გამოუშვა ყველა, ვინც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში იყო ბრალდებული. ჯაშუშობის ერთი საქმეც არ გაუხსნიათ. ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე ან ის უნდა ვიფიქროთ, რომ რუსეთს საქართველოში ჯაშუშები არ ჰყავს, ან ისეთი ხელისუფლება მოვიდა, რომელიც ანგარიშვალდებულია რუსეთთან და მხოლოდ ჯაშუშებს კი არ გამოუშვებს, არამედ საქართველოში დააბრუნებს ყველა იმ პირს, ვინც სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებებშია ბრალდებული.
- გიორგი აბაშიძეზე საქმე არ აღძრულა.
- მაშინ ჩამოსულიყო, ვინ უშლიდა?
- რადგან საქართველოში ჩამოსვლით დიანა აბაშიძეს პრობლემები შეექმნა, ჩანს, აღარ გარისკა.
- ე.ი. ჰქონია სამართლებრივი პრობლემები. თუ გიორგიზე საქმეები არ არის აღძრული, ეს ჩვენი ხელისუფლების მინუსია, კარგად ვიცით, ვინ რას აკეთებდა აჭარაში.
- აჭარის რევოლუციამდე გიორგი აბაშიძეს მართლა შესთავაზეს, ასლანი წავიდეს და შენ დარჩი მის ადგილზეო?
- აბსურდია! ხელისუფლებას ასეთი ოფიციალური პოზიცია არ ჰქონია. თუ ვინმე საკუთარი ინიციატივით ცდილობდა გიორგის გამოყენებას, არ ვიცი...
- გიორგი აბაშიძის თქმით, ვიღაცებმა მაგული გოგიტიძის საფლავის ამოთხრა სცადეს.
- ჩვენი ხელისუფლებიდან არავინ აპირებდა აბაშიძის მეუღლის საფლავის ამოთხრას. რომ გვნდომოდა, ვერ მოვახერხებდით? ასლან აბაშიძე ცდილობდა საქართველოს დანაწევრებას. 2002-2003 წლებში ჩოლოქზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის არსებობა ვერანაირად ვეღარ იქნებოდა "მხედრიონისა" და გვარდიის თარეშის გამოძახილი.
- ასლან აბაშიძეც აპირებს დაბრუნებას. თუმცა, რამდენადაც ვიცი, ის დღემდე ძებნილია...
- კიტოვანი თუ ჩამოვიდა და იგორ გიორგაძეც აპირებს ჩამოსვლას, ასლან აბაშიძის დაბრუნება რატომ გამიკვირდება? ბევრი ძებნილი დაბრუნდა, რომელთაც ბრალდებები მოუხსნეს. ასლანი ჩამოვა, თუ წინასწარ მიიღებს გარანტიებს ხელისუფლებისგან. სიმბოლურად შეიძლება დააკავონ, მაგრამ მალევე გაათავისუფლებენ.
- ერთ-ერთი ვერსიით, შეიძლება გიორგი აბაშიძე აჭარის ლიდერადაც მოგვევლინოს.
- თუ საქართველო რუსეთის ჩექმის ქვეშ დაბრუნდება, გიორგი აბაშიძეს მართლაც აქვს შანსი, აჭარის ლიდერი გახდეს.