დასკვნა ადასტურებს, რომ 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში განხორციელდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განცხადება მისი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს, ჩემი ადვოკატების მიერ გამოქვეყნებული დასკვნა ადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის განკარგულებით 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეთა დაშლა საერთაშორისო ნორმებისა და პრაქტიკის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული დასკვნის მომზადება სამინისტრომ კერძო კომპანიას ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დახმარებით დაუკვეთა.
დასკვნის მომზადების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ამოძრავებდა პოლიტიკური მიზნები, რისი დასტურიც არის ის ფაქტი, რომ აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროს ჰქონდა 2011 წლიდან, თუმცა არასოდეს ყოფილა გამოქვეყნებული და პოლიტიკურად გამოყენებული. ამ დასკვნის ერთადერთი მიზანი იყო მაღალკვალიფიციური ექსპერტიზის ჩატარება და რჩევების მიღება მდიდარი გამოცდილების მქონე ორგანიზაციის მხრიდან. სწორედ ამიტომ, კომპანიის შერჩევა მოხდა ამერიკელი მეგობრების მიერ. მიმაჩნია, რომ არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ამ დასკვნის ობიექტურობაში ეჭვი არ შეეპარება.
მე არასოდეს მიფიქრია, რომ მომიწევდა მსგავს ბრალდებაზე თავის მართლება და შესაბამისად, არც მიფიქრია ამ დოკუმენტის ადრე გამოქვეყნების ან მისი შენახვის თაობაზე. სწორედ ამიტომ, ჩემს ადვოკატებს დასჭირდათ სერიოზული შრომა ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად, რამაც ჩემი დიდი გაკვირვება გამოიწვია. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობდა გაეჭიანურებინა დოკუმენტის გადმოცემის პროცესი და მისი მიღება მხოლოდ ჩვენი უცხოელი მეგობრების ჩარევით მოხერხდა. იმის გამო, რომ მე მოკლებული ვარ საშუალებას თავად მოვიძიო ჩემი დაცვისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, ჩემს ადვოკატებს უწევთ დიდი შრომის გაწევა, რისთვისაც მე დიდ მადლობას ვუხდი მათ. მე ვფიქრობ, რომ დღემდე პროკურატურას არ გააჩნდა აღნიშნული დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული ბრალდება ჩემს წინააღმდეგ წარდგენილი არ იქნებოდა", - ნათქვამია ყოფილი პრემიერის განცხადებაში.
დღეს "თავისუფალმა ზონამ" 2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმამ "დენსუსმა" მოამზადა.
დასკვნაში ნათქვამია, რომ "რუსთაველის გამზირის ბლოკირების მიზნით, მომიტინგეებმა გამოიყენეს მეტალის ბარიერები, რომლებიც მეტალის ტროსით გადააბეს ერთმანეთს და მიამაგრეს ქუჩის ბოძებს. ეს საქცილი შეიძლება გავიგოთ როგორც პირდაპირი პროვოკაცია მომიტინგეთა მხრიდან.
"ოპერაციის დაწყების წინ პოლიციამ მომიტინგეებს შესთავაზა მიტინგის სხვა ადგილას გადატანა. ოპერაცია დაიწყო იმით, რომ პოლიციელთა ერთმა ჯგუფმა გადაჭრა ტროსები და დაშალა ბარიერები პარლამენტის სამხრეთ მხარეს რათა მომიტინგეებს შეძლებოდათ გაცლა. ამის შემდეგ პოლიციის მთავარი ძალები დაიძრნენ ჩრდილოეთიდან. ადგილზე მყოფი 1000 მომიტინგიდან 200-მა წინააღმდეგობა გაუწია. მომიტინგეები შეიარაღებული იყვნენ ფარებითა და ხელკეტებით. არსებობს მტკიცებულებები, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები. არსებობდა ინფორმაცია, რომ მომიტინგეთა შორის ცალკეულ პირებს ლეგალურად ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი.
რამდენიმე მანქანა, რომელიც ეკუთვნოდა პროექტის ორგანიზატორებსა და მათ მცველებს დაიძრა თავისუფლების მოედნისაკენ და შეხვდა საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ დაკავების ჯგუფს, ჯგუფის მიზანი იყო კანონდამრღვევთა დაკავება. მანქანები არ გაჩერდნენ, გაიარეს პოლიციის რიგებში. შედეგად დაშავდა 5 პოლიციელი, გარდაიცვალა 1 პოლიციელი და სამოქალაქო პირი. ოპერაციის ტაქტიკური გეგმა იყო სრულფასოვანი და ის გაცნობილი ჰქონდა დანაყოფების მეთაურებს. არსებობდა გეგმები მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებისთვის. არსებობდა დეესკალაციის გეგმა. ოპერატიული ინფორმაცია სათანადოდ ეცნობებოდა მეთაურებსა და დანაყოფებს და საფუძვლად ედებოდა ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს. თავდაპირველად გამოყენებული რესურსები, მათ შორის არასასიკვდილო და სპეციალური დანიშნულების საშუალებები, იყო თითქმის მთლიანად ადეკვატური მოსალოდნელი საფრთხისა.
არსებობს აშკარა მტკიცებულებები, რომ ოფიცერთა ძალიან მცირე ჯგუფის მიერ ადგილი ჰქონდა ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას. შეშფოთებას იწვევს სოციალური საშუალებების ზედმეტად აგრესიული გამოყენების შემთხვევებიც, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ 26 მაისის ღამეს ოფიცერთა უდიდესი უმრავლესობა მოქმედებდა დისციპლინირებულად, მუდმივად ასრულებდა ბრძანებებს და იყენებდა მიზნის მისაღწევად პროპორციულ და აუცილებელ ძალას. ეს ნათლად დადასტურებულია", - ნათქვამია დასკვნაში.
მერაბიშვილის ადვოკატებს დასკვნა მთავარმა პროკურატურამ გადასცა. სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე ყოფილი პრემიერის დაცვის მხარე მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს.