სისხლის სამართლის ექსპერტები ბაჩანა ახალაიას პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას ვარაუდობენ. ბოლო დროს მომხდარის გამო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ყოფილ თავდაცვის და შს მინისტრს სასამართლო წამების, ცემის და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებებს მოუხსნის და შედარებით მსუბუქი, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოუტანს გამამტყუნებელ განაჩენს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი ახალაიას ციხეში დიდხანს არ გააჩერებს და გუნავას მსგავსად შეიწყალებს. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ახალაიას პროცესებს უძღვებოდა სამი მოსამართლე, რომლებიც სხვადასხვა რაიონიდან ერთდროულად სასწრაფოდ გადმოიყვანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და სწორედ მათ ანდეს ამ საქმის განხილვა.
ყოფილი მთავარი პროკურორი გია მეფარიშვილი დარწმუნებულია, რომ საქმე ახალაიას სასარგებლოდ გადაწყდება, თუ ხელისუფლება დროზე არ მოძებნის გამოსავალს.
- 2013 წლის 27 ოქტომბერს დანიშნულია საპრეზიდენტო არჩევნები. მესამე კვირა დღემდე, ზუსტად 24 ნოემბრამდე, ანუ ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღემდე, სააკაშვილი ინარჩუნებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. შესაბამისად, ამ დრომდე უფლება აქვს, შეიწყალოს მსჯავრდადებულები. დავუკავშიროთ ეს ამბავი სასამართლოებში მიმდინარე პროცესებს. სამეგრელოს ყოფილი გუბერნატორი გუნავა თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა (რომელიც არ გასაჩივრებულა სააპელაციო სასამართლოში), იგი პრეზიდენტმა შეიწყალა. ახალაია რომ გაამტყუნოს სასამართლომ, პრეზიდენტი მასაც შეიწყალებს.
- ფიქრობთ, ჯალათობაში ბრალდებულ ახალაიას პრეზიდენტი შეიწყალებს და ასე სამარცხვინოდ დაამთავრებს მოღვაწეობას?
- ახალაიას წინააღმდეგ სამი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. პირველი ეხებოდა თავდაცვის მინისტრობის დროს სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების ცემას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. ამ საკითხში სასამართლომ გაამართლა. მეორე სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხვა მოსამართლეს აქვს განსახილველად, ეხება ახალაიას შს მინისტრობის დროს სამინისტროს თანამშრომლების წამებას და არაადამიანურ მოპყრობას. მესამე სისხლის სამართლის საქმე ეხება ე.წ. ციხის ბუნტს. ახალაიას ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. საქმეში ფიგურირებენ კანონიერი ქურდები, რომელთა მიმართ ძალადობა განხორციელდა. ამ საქმეზე ახალაიას დაცვას პროკურატურის პოზიცია სადავო არ გაუხდია, უცნაურად დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას და ყველა მტკიცებულებას, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო ამ ბრალდებაში ახალაიას დამნაშავედ ცნობს, პრეზიდენტი კი მოასწრებს და მას შეიწყალებს. საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში პროცესი გაგრძელდებოდა და შეწყალება ვერ მოესწრებოდა. პროკურატურის მტკიცებულებებსა და ბრალდებებს უპირობოდ სწორედ დროის მოგების მიზნით იზიარებენ.
თუ ახალაიას, როგორც წამებაში დამნაშავეს, მსჯავრს დაადებს სასამართლო, მისი შეწყალება პრეზიდენტს ხელს არ აძლევს.
წამებაში მსჯავრდადებული პირის შეწყალება მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ამიტომ არის დაგეგმილი ახალაიას გამართლება წამების საქმეებზე, ხოლო ციხის ბუნტის საქმეზე ახალაიას შეწყალებას სააკაშვილი პიარით შეფუთავს.
ამ ეპიზოდში ქურდები ფიგურირებენ, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად სწორედ მათ მიმართ არის გამოყენებული, რასაც სააკაშვილი ახალაიას ღირსებად მონათლავს და შეეცდება, ის ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მებრძოლ რაინდად შერაცხოს, რაც არაერთხელ გაუკეთებია. ამის საილუსტრაციოდ გუნავას მაგალითიც კმარა.
- საგამოძიებო ორგანოების წარმოდგენილი მასალები ისეთი სუსტია, რომ სასამართლო შეძლებს, უმძიმეს ბრალდებაზე გამამართლებელი განაჩენი გამოუტანოს ახალაიას?
- ქმედებები, რასაც შს სამინისტროს თანამშრომლები ყოფილ მინისტრს ბრალად უყენებენ, უმძიმესი და არაადამიანურია. საქმეში უამრავი მოწმე და 7 დაზარალებულია. ყველა მათგანმა სასამართლოში დაადასტურა, რომ ახალაიას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უმძიმესი ფაქტები აქვს ჩადენილი. მიუხედავად ამისა, ნაციონალები ეცდებიან, ახალაიას საკითხს პოლიტიკური ელფერი მიეცეს. პრეზიდენტი შეიწყალებს და მის გმირად გამოცხადებას არ იკმარებს - განაცხადებს, რომ სასამართლომ აღმასრულებელი ხელისუფლების ზეწოლით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. მოსამართლეებიც მკერდზე მუშტს დაიბაგუნებენ, ხელები შორს ჩვენი დამოუკიდებლობისგანო. არადა, ჩნდება ეჭვი, რომ ისინი ხელისუფლებისგან თავისუფალი, მაგრამ პოლიტიკურ თამაშში ნებსით თუ უნებლიეთ ჩართული არიან.