დაკარგული გოგონა, სავარაუდოდ, ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ნახეს

დაკარგული გოგონა, სავარაუდოდ, ბათუმის ერთ-ერთ ქუჩაზე ნახეს

ბათუმთან ახლომდებარე სოფელ ახალშენში დაკარგული 17 წლის დარეჯან დიასამიძე, სავარაუდოდ, ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენიშნეს.

როგორც დემეტრე თავდადებულის 119 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, გვიან ღამით, დაახლოებით 24.00 საათზე გოგონა დაინახეს, რომელიც წყალს სვამდა და ტელეფონზე საუბრობდა. მათივე თქმით, დაზუსტებით ვერ იტყვიან, გოგონა დარეჯან დიასამიძე იყო თუ არა. მისივე თქმით, პოლიციაში დარეკეს და აცნობეს, რომ დაკარგული გოგონა დაინახეს, თუმცა პატრული არ მივიდა.

"დავინახეთ ეს გოგო და დავურეკეთ პატრულს, მაგრამ არ მოვიდა. პატრულმა გვითხრა, გამომძიებელს ეკუთვნის ეს საქმეო. დავინახე მეზობლის სახლის წინ. იცით როგორ იყო? არ იყო ნორმალურ ჭკუაზე. წყალი ეჭირა ხელში და სვამდა, აბნეული იყო. ნამდვილად არ ვიცი, ის გოგო თუ იყო, გავდა იმ გოგოს. მეზობელი გამოელაპარაკა. თქვა, რომ 31 დეკემბრის ქუჩას ეძებდა. მეზობელმა ასწავლა ქუჩა და წავიდა იქეთკენ. მეტი არაფერი არ ვიცი, ჩვენ ველოდებოდით პოლიციელს", - აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ნათელა დიასამიძემ.

ნათელა დიასამიძის მეზობელი, რომელიც წუხელ გვიან ღამით გოგონას გამოელაპარაკა, ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებს.

ამასთან, როგორც გოგონას დედა ლამზირა მახარაძემ აღნიშნა, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც გოგონას სატელეფონო საუბარს ისმენდა, მას უთხრა: "ტელეფონზე ლაპარაკობდა, რომ მე სახლში არ დავბრუნდები, დედა მყავს თურქეთში და უნდა გადავიპაროო".

"შეუმჩნევიათ აივნიდან, რომ გოგო ლაპარაკობდა ტელეფონზე. ჩაცმულობა არ ეთანხმება ჩემი შვილის ჩაცმულობას, მაგრამ შეიძლება გამოიცვალა. თმაც შეჭრილი აქვს. ჩავიდა, გაესაუბრა. ამხანაგს ველოდები, უნდა მომაკითხოს, მაგრამ ტელეფონი გათიშული აქვსო. გამოიძახეს პატრული, მაგრამ არ იყო პატრული საქმის კურსში. არ იცოდნენ, ვინ იყო დარეჯან დიასამიძე და რატომ იძებნებოდა. მთავრობა გვეუბნება, ვდგავართ ფეხზე და შენს შვილს ვეძებთო. ეს როგორი ძებნაა. დილით შევატყობინეთ პოლიციას, 3 საათი ველოდებოდით, მაგრამ სანამ ვალერი თელიას არ დავურეკეთ, არ მოვიდა პოლიცია", - აღნიშნა ლამზირა მახარაძემ.

დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან დაიკარგა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ