ოზურგეთის რაიონში მოკლული გოჩა გუჯაბიძის მკვლელობის მოტივები ამ დრომდე უცნობია, სამართალდამცავებს ჯერ არც მკვლელი დაუკავებიათ. თვითმხილველები ამბობენ, რომ გუჯაბიძე საკუთარ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. კლინიკაში მიყვანისას ის უკვე გარდაცვლილი იყო. ამ დრომდე უცნობია თავდამსხმელების რაოდენობაც, საქმე სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, გოჩა გუჯაბიძე ამნისტიით იყო გათავისუფლებული. ის 2011 წლის 11 მაისს ოზურგეთში კოსტავას ქუჩაზე დააკავეს და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სპეცოპერაციის თვითმხილველთა მონათხრობით, დაკავებულს პოლიციამ ნარკოტიკი "ჩაუდო". გუჯაბიძის მამა ირწმუნებოდა, რომ მისი შვილი უკანონოდ დაიჭირეს, დაკავების მიზეზად კი პოლიტიკურ აქტიურობას ასახელებდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამჯერად მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ. განცხადების გაკეთებისგან ჯერჯერობით პოლიციაც თავს იკავებს. გუჯაბიძის მკვლელობის სავარუდო მიზეზებზე საჯაროდ საუბარს თავს არიდებენ მისი მეზობლებიც. თუმცა კულუარულად, ვინაობის გამხელის გარეშე გარკვეულ მოსაზრებებს გამოხატავენ.
მ. ნ.:
- საბრალო ბიჭი სულ ახლახანს გამოვიდა ციხიდან. დედის თვალწინ მოკლეს ის უბედური. შინ იყო თავისთვის, დაუძახეს, გამოიყვანეს გარეთ და ჩაცხრილეს.
- ვის შეიძლებოდა მოეკლა?
- არ ვიცი, წარმოდგენაც კი არ მაქვს, ვის შეიძლებოდა ჩაედინა ეს სისასტიკე. საბრალოს საკუთარ სახლში ნორმალურადაც კი არ გაათევინეს.
ლ. ნ.:
- საერთოდ მიცვალებულზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ამ ბიჭსა და მამამისს კარგი სახელი არ აქვთ. მე როგორც ვიცი, გოჩას ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული და ვიღაცეები მოსაკლავადაც დასდევდნენ. როგორც ჩანს, ერთ-ერთმა გამწარებულმა შური იძია.
- რამდენად მართალია გავრცეებული აზრი იმის შესახებ, რომ გოჩას პოლიციამ წამალი ჩაუდო და ისე დააკავა?
- ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება, პოლიციამ მისი ფაქტზე დაკავება ვერ მოახერხა და წამალი იმიტომ ჩაუდო.