დიმიტრი ტატიშვილი ყველაზე მოწესრიგებული მსახიობი და რესპონდენტია, რომელიც ჟურნალისტობის მრავალწლიან პრაქტიკაში შემხვედრია. მასზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ, პოპულარობის მიუხედავად, არანაირი "ვარსკვლავური" დაავადება არ შეჰყრია. ინტერვიუზეც სიამოვნებით გვესტუმრა რედაქციაში და მოგზაურობის შესახებ საინტერესო ამბებიც გაიხსენა.
- ბავშვობიდან ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. ალბათ ჩემზე ითქმის, ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანიაო. პატარაობისას მხოლოდ საქართველოს მასშტაბით დავდიოდი. ხელს მიწყობდა ის, რომ მშობლები მსახიობები გახლდნენ და დამტოვებელი არავინ ჰყავდათ, გასვლითი სპექტაკლების დროს ძირითადად თან ვახლდი ხოლმე. ალბათ 4-5- წლის ვიქნებოდი, პირველად რომ წავყევი მშობლებს გასტროლებზე. საზღვრებს გარეთ პეტერბურგში გახლდით, როდესაც მარჯანიშვილის თეატრი გასტროლით იყო წასული. ვერავის "შეტენეს" ჩემი თავი, ბებიაჩემს მეგობრები ჰყავდა პეტერბურგში, ბებიაც წამოვიდა ჩემს ძიძად, თან მეგობარსაც სტუმრობდა. რუსულად ლაპარაკი არ მიჭირდა, ამიტომ დისკომფორტი არ მქონია. უჩვეულო ის იყო, როცა მითხრეს, ონკანიდან წყალი არ დალიოო. ბებიაჩემს რომ გაეჩერებინა ჩემი შეკითხვების დიდი ნაკადი, აბაზანაში წყალს მისხამდა და გემებსა და სხვა სათამაშოებს მიყრიდა. ნახევარი საათი მაინც მაჩერებდა.
- ნამდვილი გემით გიმოგზაურიათ?
- სამწუხაროდ, არასდროს მიმგზავრია გემით და ძალიან ვნანობ. კარგად რაც დამამახსოვრდა, პირველად ჩემი ნებით საზღვრები უნგრეთში საქორწინო მოგზაურობისთვის გადავკვეთე. ძალიან ლამაზი ქვეყანაა და ბუდაპეშტიც ულამაზესია. მაშინ ტურისტული სააგენტოები ზრუნავდნენ საზღვრებს გარეთ გასვლაზე, თუმცა, თუ არ ვცდები, ეს სააგენტოები სახელმწიფოსი იყო. ბუდაპეშტის გარდა სხვა ქალაქებიც მოვინახულეთ. 1989 წლის შემოდგომა იყო... მანამდე ჯარში ვიყავი 2 წელი და ბელორუსიის საზღვრებს ვიცავდი. ისევ უნგრეთს რომ დავუბრუნდეთ, ის ორი კვირა ჯადოსნურ ფერებში მახსოვს. ერთია, როცა ტელევიზიით უყურებ, რა ხდება საზღვარგარეთ, მეორეა, როცა თავად ნახავ, როგორ რაციონალურად არის მოწყობილი ინფრასტრუქტურა. მაგალითად, მაღაზიაში რომ დავინახე, ლუდის ბოთლებს მტვერი ედო, გამიკვირდა, ესენი გიჟები არიან, ჩვენთან რომ ასეთი კარგი ლუდი დადო, ასე ვინ გააჩერებს-მეთქი. მეჩვენებოდა, რომ ყველა ჩუმად იყო, წყნარად მიდი-მოდიოდა მანქანები. ნელ-ნელა დავიწყე იმის მიხვედრა, რომ საბჭოთა კავშირი მართლა არ იყო კარგი ქვეყანა (იღიმის).
- უნგრელებზე ამბობენ, რომ საუკეთესო სამზარეულო აქვთ.
- უამრავი რამ გავსინჯე, ხორცს ძალიან კარგად ამზადებენ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩვენსას სჯობს. უყვართ გემრიელად ჭამა, სანელებლებით. ჩვენ, მგონი, უფრო კარგი სამზარეულო გვაქვს. თანაც, მე მხოლოდ უნგრული სამზარეულო არ მინახავს, ბევრგან ვარ ნამყოფი და ბევრი რამ მაქვს გასინჯული. ეგზოტიკისთვის კარგია, მაგრამ მერე მაინც შენი გენატრება, მაგალითად, კარგი კახური მწვადი.
- ყველაზე საინტერესო რა გაგისინჯავთ და სად?
- ტოკიოში გახლავართ ნამყოფი. მოლუსკებს აქ ვერ ვჭამ, მაგრამ ბლომად ვჭამე ზღვის ათასნაირი პროდუქტი. გეახელით რვაფეხას, კიდევ რაღაცის კვერცხებს (იცინის), ტკბილი ლობიო გავსინჯე, დესერტივით არის, არის რა, დიდი არაფერია. თევზი ძალიან გემრიელი აქვთ, უმიც აქვთ, არა მხოლოდ სუშის სახით. უბრალოდ, რაღაცებით კმაზავენ, არც მოხარშულია, არც შემწვარი, თერმული დამუშავების გარეშე. რესტორნების უმეტესობაში იქვე ირჩევ, რა გინდა და იქვე წვავენ. ძაღლის, კატის ხორცი და ტარაკნები არ გამისინჯავს. ღმერთმა ამდენი კარგი საჭმელი მოგვცა და რაღა ტარაკნებს დავეძგეროთ?!. არ გამისინჯავს გველის ხორცი, სუფთა ქვეწარმავალია, მაგრამ რატომღაც არ მიზიდავს.
- ტოკიოში როგორ აღმოჩნდით?
- "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დოკუმენტური ციკლი "ოკუპაცია" მიმყავდა. სულ 17 ფილმი გავაკეთეთ, მე წამყვანი გახლდით და სხვადასხვა ქვეყანაში გვიწევდა მოგზაურობა. გახლდით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ასევე იაპონიასა და აზერბაიჯანში, ისრაელში. ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა მოვიარეთ, ასევე ფინეთიც, მოლდოვეთიც, ვიყავი ჩემს "მშობლიურ" ბელორუსიაშიც, უკრაინაში, რუმინეთში, სადაც ვნახეთ ყველაზე დიდი შენობა ევროპაში, ჩაუშესკუს დროს აშენებული უზარმაზარი სასახლე. მართლა უდიდესი შენობაა, მანქანით დიდხანს ვუვლიდით წრეს. ტიპური კომუნისტური არქიტექტურაა. პატარა გორაკზეა აღმართული და იქიდან უყურებს რამდენიმეკილომეტრიან შადრევნების ხეივანს. საინტერესო სანახავია, მაგრამ ცოტა დამთრგუნველი. მე მივიჩნევ, რომ ფაშიზმზე მეტი ბოროტება დედამიწაზე კომუნიზმმა დატოვა. შეიძლება, თამამი ნათქვამია. ორჯერ-სამჯერ მეტი ადამიანი კომუნიზმმა შეიწირა.