რას აპირებს შონზო, ცხვარს რომ მოერევა, იმის მერე?

რას აპირებს შონზო, ცხვარს რომ მოერევა, იმის მერე?

საკრებულოს წევრი, ერთ დროს პოპულარული "რადიო 105-ის" მსმენელების საყვარელი წამყვანი, არაერთი არტისა თუ კინოფილმის გამხმოვანებელი შონზო - ზურა გაჩეჩილაძე, ადამიანისთვის ერთ-ერთ ყველაზე საჭირბოროტო საკითხზე - კულინარიაზე გვესაუბრება, რომლის გავლენა, არადიეტური პერიოდების დროს, მის გარეგნობაზეც "მსუყედ" აღინიშნება ხოლმე.

შონზო და კულინარია

- მარტივი კერძების მომზადება თავადაც შემიძლია და სხვათა შორის, კულინარიის საფუძვლიანად შესწავლის დიდი სურვილი მაქვს: ძალიან მინდა, საკუთარი რესტორანი მქონდეს, სადაც შეფ-მზარეული მე თვითონ ვიქნები. მინდა, ყველა დეტალი და ნიუანსი შევისწავლო. თუ ჩემს ცხოვრებაში ამ ყველაფერს გარკვეულ პერიოდს დავუთმობ, მჯერა, შედეგიც შესაბამისი იქნება. ჩემს სამეგობროში ისეთი იმიჯი მაქვს, რომ როცა საქეიფოდ მივდივართ, რჩევებს საჭმელებთან დაკავშირებით ყოველთვის მე მეკითხებიან. მიხარია, რომ მეგობრები მენიუს შერჩევაში მენდობიან. კულინარიაში არასაფუძვლიანი, ზედაპირული ცოდნა მაქვს, ინტერნეტში ბევრ რამეს ვკითხულობ ხოლმე და ინფორმაციები ელექტრონულ ფოსტაზეც მომდის.

"შეფ-მზარეულის" საფირმო კერძი

- ნორმალურ რესტორანში, რომელსაც უნდა, რომ ნორმალური სახელი ჰქონდეს და ბევრი სტუმარი ჰყავდეს, წესით, შეფ-მზარეულის კერძი ყოველდღიურად უნდა იცვლებოდეს. ესეც ერთგვარი პიარია. მეც მინდა, რომ ასეთ დონეზე დავიხვეწო და შემოქმედებითობა საჭმელ-სასმელთან დაკავშირებითაც შევიძინო.

უცხოური სამზარეულო

- ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი - ჩეხეთში, აშშ-ში, ჰოლანდიაში, პორტუგალიაში, ბალტიისპირეთში, რუსეთში "მან-სან-კანის" თამაშების დროს, თურქეთში და ა.შ. როდესაც ტურისტი ხარ, მაინც სტერეოტიპულად აზროვნებ და შენი მასპინძელიც ასევე გხვდება - იმ ქვეყნის ყველაზე ცნობილ კერძსა და ადგილს გთავაზობს. მე კი, როცა წინასწარ მეუბნებიან, რა უნდა გავსინჯო, მრჩება შთაბეჭდილება, ამას იმიტომ მთავაზობენ, რომ უცხოელი ვარ, იქ ბევრი რამ არ ვიცი და არა - იმიტომ, რომ მართლა გემრიელია. ამიტომ ბევრი ისეთი ცნობილი კერძი მიჭამია, რომელიც არ მომწონებია. ლოგიკა იმაში, რომ იტალიაში ჩასვლისას მაინცდამაინც პასტა და პიცა უნდა გასინჯო, ნაკლებადაა. მართალია, იმ ქვეყნის სავიზიტო ბარათია, მაგრამ ნაკლებად ცნობილი კერძებიც უნდა დააგემოვნო, რომლებიც შესაძლოა, ბევრად უფრო გემრიელი აღმოჩნდეს. შესაბამისად, ასე ვიქცევი ხოლმე - ადგილობრივებს ვეკითხები, თვითონ სად დადიან, რა უფრო მოსწონთ და იქ მივდივარ და არა - ტურისტებისთვის პოპულარულ ადგილებში. აქ ჩამოსულ სტუმარსაც იმავეს ვთავაზობ. ხინკალი ყველგანაა, მაგრამ როცა მინდა, ყველაზე გემრიელი შევთავაზო, ქალაქგარეთ მიმყავს. იქ, სადაც ამ კერძის ყველაზე დიდი კულტურაა.

პატარა საქართველო აშშ-ში და ქართულად შეგრძნებული ამერიკა

- მოგეხსენებათ, აშშ ექსპანსირებული ქვეყანაა და წმინდა ამერიკული კერძი არ არსებობს, თუ ინდიელებს არ ჰქონდათ რაიმე. იქ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოა. ადრე, ნიუ-ჯერსის ხუთამდე ქალაქში ვიყავით, საქმიანი ვიზიტი გვქონდა - 12 დღის განმავლობაში 5 კონცერტი და ეს ვოიაჟები იმდენად იყო ერთმანეთზე მიბმული, რომ ამ ქვეყნის ხიბლის შეგრძნება მთლად კარგად ვერ მოვახერხეთ, თან დიდი გუნდი ვიყავით წასული და ჩემს მეგობრებში ვერ გამოვიწვიე ის ემოცია, რომ - მოდით, მე როგორი ამერიკაც ვიცი, ჩემი ამერიკა ვნახოთ-მეთქი. როგორც კი ცოტა თავისუფალ დროს გამოვნახავდით, ზოგი მანჰეტენზე გარბოდა იმ სიდიადის - ქვის ღაღადის სანახავად, ზოგი - სხვაგან. ვინაიდან კულინარიაზე ვსაუბრობთ, მაგალითად მე, დიდი სურვილი მქონდა, ამერიკული ბრენდები გამესინჯა - ტაკო, ბელი, მიკაჰუნა, ბურგერები და ა.შ. მოკლედ, შეძლებისდაგვარად ვითვისებდი იმ ამერიკას, რაც მინდოდა რომ მიმეღო, მაგრამ სინამდვილეში, საპირისპირო მივიღე. იქ ქართველი ემიგრანტები დაგვხვდნენ, ძალიან კარგი ხალხი და ყველაზე მეტად ის მესიამოვნა, რომ მასპინძლობის კულტურა დაკარგული არ ჰქონდათ. იქ ჩასულ ქართველებს შემწვარი გოჭები, მწვადები დაგვახვედრეს. თურმე, ჩვენი მასპინძელი კალიფორნიაში სპეციალურად მიდიოდა ხოლმე ისეთი ყურძნის საყიდლად, რომელიც გემოთი ჩვენს რქაწითელს ჰგავს, - "რეფრეჟერატორს" დატვირთავდა, მოჰქონდა და ღვინოს თვითონ წურავდა. ქართული მარანიც გვაჩვენა. სინამდვილეში, ქართულ ამერიკაში ვიყავით (იღიმის). სიმართლე გითხრათ, ამერიკულ ჰამბურგერებს ჩემში განსაკუთრებული აღფრთოვანება არ გამოუწვევია. თვითონ კვების კულტურა იქ ადამიანის ჯანმრთელობისგან იმდენად შორსაა, რომ არ შეიძლება, რაიმე განსაკუთრებული შეიგრძნო. აი, მაგალითად, მთის კალმახს რომ მიირთმევ და ხვდები, რომ ეს რაღაც განსაკუთრებულია. იქ კი იცი, რომ ათასგვარი პესტიციდით, ქიმიით, გენმოდიფიცირებული "საოცრებებით" შექმნილი კერძია და შესაბამისად, ამას ჭამის მომენტშიც ხვდები.

საყვარელი კერძი და მორთმევის კულტურის გავლენა მადაზე

- საერთოდ ის, რაც საყოველთაოა და ყველას მოსწონს, ჩემთვის უკვე დისკრედიტირებულია. ვთვლი, რომ ადამიანს საყვარელი კერძი არ უნდა ჰქონდეს, რადგან თუ კულინარიის სფეროში მუდმივ ძიებაში ხარ, თუ სრულყოფილებისკენ მიდიხარ და გინდა, შენი ცხოვრების ყველაზე მთავარი კერძი გასინჯო, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შესაძლოა, ის ყველაზე უცნაურ ადგილას, სადაც არ ელოდები, იქ მიირთვა. მქონია შემთხვევა, როცა ძალიან ღარიბულ ოჯახში დიასახლისს ისეთი შესანიშნავი, უგემრიელესი კერძი მოურთმევია, რომ იქ სტუმრობა კვლავაც ბევრჯერ მომნდომებია. არ არის აუცილებელი, საჭმელი წყნარი ოკეანის კიბორჩხალებისგან და კანარის კუნძულზე დაჭერილი ცხოველისა თუ ფრინველისგან იყოს გაკეთებული, მთავარია, გემრიელი იყოს. ეს კი "ხელზეა" დამოკიდებული და უფრო მეტად - გამასპინძლების კულტურაზე. ნებისმიერ კერძში, რომელსაც დიასახლისი ამზადებს, მისი განწყობილება ჩანს - როგორ იღებს ის სტუმარს, საკუთარ სითბოს როგორც გამოხატავს, კერძიც ისეთი გემრიელი გამოდის. შენ კი გულით და სულით, ბევრს რომ მიირთმევ, მადლობას და მოწონებას გამოხატავ, დიასახლისს ხომ ეს უხარია. მატრაკვეცულად, ორ პატარა კოვზს რომ გადმოიღებ, შენც იტანჯები და მასპინძელიც. ჩემი აზრით, არ არსებობს გულღრძო, ბოღმა და ბოროტმა ადამიანმა გემრიელი საჭმელი გააკეთოს. ყველა კერძს მისი მომმზადებლის ხასიათი აქვს. ზოგჯერ, დიასახლისები პირდაპირ გაწყობილ სუფრას არ გახვედრებენ, რადგან იმ პროცესს შეესწრო და დაინახო, ამ ყველაფერს როგორ გულიანად ამზადებენ სპეციალურად შენთვის.

ანტიდეპრესანტი საკვები

- რაც უნდა რთულ და სტრესულ სიტუაციაში ვიყო, ჩემთვის ესთეტიკურად მოწოდებული გემრიელი კერძი იდეალური ანტიდეპრესანტია. დედა ყოველთვის ხვდება შვილების განწყობას და შეიძლება მაგალითად, ჩვეულებრივ ხაჭაპურში ისეთი ფეიერვერკი და დღესასწაული მოგიწყოს, რომ ის დღე განსაკუთრებულად აქციოს. სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კულინარიული კაპრიზი მაქვს და არ არსებობს მაინცდამაინც რომელიმე ტრადიციული კერძი, რომელიც სახლში უნდა დამხვდეს. ძირითადად, დღის განმავლობაში მითანხმებენ, რა უნდა მოამზადონ, თუ არა და, ჩემი ოჯახის დიასახლისების კრეატიულობიდან გამომდინარე მზადდება. გამომდინარე იქიდან, რომ კერძებთან დაკავშირებით არასტაბილური ვარ, ჩემი მეუღლეც და დედაჩემიც, შეგუებულები არიან იმას, რომ რაიმე ორიგინალური უნდა მოიფიქრონ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში ძალიან დემოკრატი ვარ, მაინც წუნიას იმიჯი დავიმკვიდრე. შეიძლება არ ვიყო ისეთ ხასიათზე, როგორი კერძიც დამხვდა და ეს გამოვხატო, მლიქვნელობა არ დავიწყო - რა ფანტასტიკურია-მეთქი და პირდაპირ ვთქვა, რომ არ მომეწონა.

სასმელი

- უპირატესობას, რა თქმა უნდა, ქართულ ღვინოს ვანიჭებ. აშშ-ში ჩილესა და პერუს ღვინოებს აქებდნენ, მაგრამ ქართულთან ვერც ერთი ვერ მოვა. სპირტიან სასმელს არ ვსვამ, კონიაკი და ვისკი "ადამიანური" დოზებით, შეიძლება იშვიათად მივირთვა. ისე არასდროს დავმთვრალვარ, რომ გონება დამეკარგა. ლუდი ყველაზე მეტად მომწონს, ჩემი სისუსტეა და სასმელებს შორის იმდენად "დემოკრატიულია", რომ ისინიც კი აღიარებენ, ვისაც არ მოსწონს. ღვინის რეკორდი არასდროს გამიზომავს, ლუდის რეკორდი კი ერთხელ მე და ჩემმა მეგობარმა დავაფიქსირეთ - 54 კათხა. სიტუაცია იყო კარგი და რამდენიმე საათის განმავლობაში დავლიეთ, ერთბაშად - არა. უბრალოდ, ფინალი იყო ის, რომ ჩემი მეგობარი ნახევრად მძინარე მდგომარეობაში, ტყუპისცალმა წაიყვანა სახლში, მე კი კინო "რუსთაველში" წავედი და "ბეჰემოთი" გავახმოვანე (იცინის).

დიეტა

- ზოგჯერ, ჩემს ცხოვრებაში ე.წ. გაცისკროვნების პერიოდებიცაა - როცა ვხვდები, რომ ორგანიზმი გადაიღალა და დასვენებას საჭიროებს. ასეთ დროს, ძირითადად, გავრბივარ დიეტოლოგთან, ენდოკრინოლოგთან, რომელიც ჩემი ანალიზების ნახვის მერე, იმდენად მაშინებს, რომ დიეტას სიცოცხლის შენარჩუნების ფასად ვიცავ ან საკუთარ თავს მე თვითონ ვუკიჟინებ ხოლმე. თუ კვებასთან დაკავშირებით ასკეტურ ზომებს მივმართავ, ძალიან კონკრეტულ შედეგს ვიღებ. მაგალითად, ერთი თვის განმავლობაში შემიძლია 20-25 კილოგრამი დავიკლო და ეს მათამამებს, - გავიფიქრებ ხოლმე, მოდი ამ ცხვარსაც მოვერევი და მერე უცებ დავიკლებ-მეთქი. შინაგანად კი ვხვდები, რომ საკუთარ თავს დათვურ სამსახურს ვუწევ, მაგრამ რა ვქნა. მაგალითად, დიდი მარხვის შენახვა უპრობლემოდ შემიძლია, დიდი გამოცდაა და უფრო "ვეჭიდავები" საკუთარ თავს, მაგრამ მცირეხნიანის - მიჭირს. მოძღვარმა მითხრა, ასე ბევრი ადამიანიაო, არადა, ოთხშაბათსა და პარასკევს მარხვის შენახვით შეიძლება უფრო დიდი მადლი მიიღოო. ზომიერება ჯობია, ვიდრე სამი თვე დიეტა დავიცვა, მეორე სამი თვე კი არანორმალურად ვიკვებო, მაგრამ ქართველი კაცის რეჟიმი ვერ იქნება ნორმალური...

კონტროლიორები რესტორნებისთვის

- ყველა ქართველი ხომ წუწუნებს, სერვისი არ მომწონსო, მიმტანები ისე არ იქცევიან, როგორც საჭიროაო, ზოგ რესტორანში უგემური საკვები გვხვდება და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნების ქვეყანა ვართ, ასეთი პრობლემები მუდმივადაა. ამ მხრივ ძალიან ერთფეროვნებაა და საკმარისია, ერთი რესტორანი მაინც გაჩნდეს განსხვავებული, რომ დანარჩენებისთვის ეს ზანზალაკივით იქნება. კონკურენციას იგრძნობენ. ერთი ძველი ფილმია, სადაც ლუი დე ფიუნესი ინკოგნიტოდ დადის ცალკეულ რესტორნებში და იქაურ საკვებს ამოწმებს, რომ შემდეგ ვარსკვლავები მიანიჭოს. ასეთ ადამიანს ქართულ რესტორნებსაც სიამოვნებით მივუჩენდი. თბილისში ბევრი ადგილი უნდა იყოს ისეთი, სადაც ნებისმიერი რანგის სტუმარს მოხიბლავ და ორჭოფობას არ დაიწყებ, - იქ მიიყვანო თუ ისევ შინაურული გარემო ამჯობინო, სადაც ზუსტად იცი, რომ გემრიელი კერძით გაუმასპინძლდებიან. სხვათა შორის, უცხოელები უცნაური გემოვნების, განწყობილების ხალხია. ზოგი მაკვირვებს, ისეთ უბრალო რამეზე გამოხატავს აღფრთოვანებას, მაგალითად, შემწვარი კვერცხი ლორით და ა.შ. აი, ჩემი იდეა თუ რეალობად ვაქციე, გპირდებით, სანაქებო ადგილი იქნება, აქაურებიც და სტუმრებიც ძალიან ისიამოვნებენ.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები