"ჩემი განსაცდელი ამ ოთხი უძლიერესი ადამიანის დახმარებით გავიარე, რაც არასოდეს დამავიწყდება. ჩემი და ჩემი ოჯახის ყველა წარმატებას, ყოველთვის მათ ვუმადლი. ესენი არიან: მამა გაბრიელი, მამა გიორგი, მეუფე ილარიონი და ბერი ნიკოლოზი. გწამდეთ მათი და ისინი ყოველთვის დაგეხმარებიან", - ამბობს ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და იქვე განმარტებას აკეთებს, "როდესაც ორსულად ვიყავი და სანამ მე და ჩემი ქმარი შევრიგდებოდით, მამა გაბრიელის საფლავზე მივედი და განსაცდელში მყოფმა მას დახმარება ვთხოვე. სულ მალე, სრულიად შემთხვევით, ჩემამდე მოაღწია წიგნმა, რომელმაც ჯერ მამა გიორგისთან მიმიყვანა, შემდეგ მეუფე ილარიონთან და ბოლოს კი ბერ ნიკოლოზთან. ამ ორ უკანასკნელ მამას უთქმელობის აღთქმა აქვთ დადებული, - არ ლაპარაკობენ, მოსიარულე სასულიერო პირები არიან. სამწუხაროდ, მამა გიორგი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა".
ხატიას ეს ნაამბობი იმაზე მეტყველებს, რომ ნებისმიერ ადამიანს ტაძრამდე მისასვლელი თავისი გზა აქვს.
- ხატია, იქნებ გვითხრა, თითოეულ მამასთან როგორ აღმოჩნდი?
- როცა ჩემ პრობლემებთან ერთად, სულ მარტო დავრჩი და მივხვდი, რომ ცხოვრებაში უდიდეს განსაცდელს გავდიოდი. იმ პერიოდში ჩემ წინ ორი გზა გაიხსნა: - ერთი - მკითხავები, რომლებიც მომავალს მიწინასწარმეტყველებდნენ და მეორე - მამა გაბრიელი, რომლის ბავშვობიდან საოცრად მჯეროდა. მაგრამ მამა გაბრიელი ხომ ვერ დამელაპარაკებოდა? ამიტომ მის მოსასმენად, მხოლოდ საკუთარ რწმენას უნდა დავყრდნობოდი.
როდესაც დავფიქრდი, რომელ გზას დავდგომოდი, ფიქრებში მყოფმა აღმოვაჩინე, რომ უკვე მამა გაბრიელის საფლავთან ვიდექი...
- და მამა გაბრიელს დახმარება შესთხოვე?
- ძირითადად ასე მემართება ხოლმე: ეკლესიაში შესულს, აზრები მეფანტება და არ ვიცი, რა ვთხოვო უფალს. ამიტომ ასეთ დროს მას ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი... იმ მომენტშიც ასე დამემართა. დავიბენი, მაგრამ აზრზე მალე მოვედი და დავიწყე: - მამა გაბრიელ, ვიცი, რომ არაფრის ღირსი არ ვარ, ერთადერთი, რასაც გთხოვ, ეს ბავშვი ჯანმრთელი და ბედნიერი ამყოფე-მეთქი და რომ დაიბადება, შენს სახელს დავარქმევ, სულ რომ ახსოვდეს, ვინ იფარავს-მეთქი.
იმ დღიდან ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა...
სახლის დალაგებისას კარადიდან შვიდგზის ლოცვის წიგნი გადმოვარდა. ეს უფლის ნიშნად მივიჩნიე და დღემდე ვკითხულობ იმ ლოცვებს. ყოველ ღამე 9 თვის განმავლობაში (ფეხმძიმობისას) მუცელზე მამა გაბრიელის კანდელის ზეთს ვისვამდი. ერთხელაც, ახალგაზრდა ექოსკოპისტთან აღმოვჩნდი, პროცედურის დროს იმ გოგონამ (ექიმმა) მამა გაბრიელზე ჩამომიგდო ლაპარაკი და მოაყოლა, რომ მამა გაბრიელის მოსწავლე, მამა გიორგი მოწამეთას მონასტერში მსახურობდა და სასწაულებს ახდენდა. მერე მისი წიგნი მომაწოდა და მათხოვა კიდეც. იმ წიგნში წავიკითხე და გავიგე, თუ რამხელა ძალა ჰონდა მამა გიორგის. ეს ფაქტიც ნიშნად მივიღე და ქუთაისში წასვლა მოვინდომე.
- წახვედი იმერეთში მამა გიორგისთან?
- უფლის გზაზე ძალიან ბევრი დაბრკოლებაა და ვერ წავედი...
ცოტა ხნის შემდეგ ტაქსის მძღოლს მანქანაში მამა გაბრიელის ხატი დავუნახე, გამიკვირდა, რადგან იმ დროისთვის მამა გაბრიელი წმინდანად არ იყო შერაცხული. მერე უეცრად ტაქსის მძღოლი მომიტრიალდა და მითხრა: - მე მამა გიორგის მრევლი ვარ, იცნობთ მას? გავოგნდი. - რა-მეთქი? - კითხვითვე ვუპასუხე. ტაქსის მძღოლმა იმ დღეს მამა გიორგის წიგნის მეორე ტომი მაჩუქა. მაშინ დედაჩემს ვთხოვე, - მოწამეთაში წადი და მამა გიორგის ჰკითხე, - რა უნდა ვქნა-მეთქი? დედა არ იცნობდა მამა გიორგის და არ იცოდა, რომ მას არაფრის ახსნა არ სჭირდებოდა, ყველაფერს ხედავდა...
დედა მასთან რომ მივიდა, სანამ ხმას ამოიღებდა, მამა გიორგი მოუბრუნდა და ჰკითხა, - თვითონ რატომ არ მოვიდაო?! დედაჩემი დაიბნა და უთხრა, - ორსულად არის, მამაოო. კი მაგრამ ავად ხომ არ არის? - უთხრა ბრაზიანად მამა გიორგიმ. ძალიან მკაცრი იყო... მან დედაჩემის პირით გადმომცა: - უთხარი, თავის მამაოსთან მივიდეს და სიმშვიდის პარაკლისი ჩაატარებინოს, მერე მარხვა დაიცვას (მარიამობის მარხვა მოდიოდა) და სჯეროდეს ჩემი, მარხვა რომ დამთავრდება, ყველაფერი კარგად იქნებაო.
მისი დანაბარევი შევასრულე და მარიამობის მარხვის დამთავრებისთანავე მე და ჩემი ქმარი შევრიგდით. ასეთი იყო ჩემი შეხება მამა გიორგისთან და ყოველთვის ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახი მამა გიორგის შექმნილია. როგორ შეიძლება ეს დამავიწყდეს?
- რაც შეეხება მეუფე ილარიონს, - მას როგორ შეხვდი?
- მეუფე ილარიონი კასპის რაიონში ცხოვრობს და ძლივს მივაგენი, რადგან სოფელში არ ცნობენ. მისი სახლი მიწური გახლავთ, მოკლედ, არც იატაკი აქვს, არც - კედლები. იქ რომ მივედი, ერთი საათი ჭიშკართან ვიდექი, რადგანაც ღირსად უნდა გცნოს, რომ დაგენახოს...
ბოლოს იმედი რომ გადამეწურა, დავინახე თეთრწვერა მოხუცი, დაგლეჯილ, გახუნებულ ტანსაცმელში, ფეხშიშველი და ძალიან მორიდებულად მომიახლოვდა, თითქოს თვითონ იყო რამის სათხოვნელად იქ მისული. მისგან იმხელა ძალა ვიგრძენი, ცრემლები ღვარად მომდიოდა. ვიცოდი, რომ უკვე მრავალი წლის განმავლობაში არ ლაპარაკობდა, ამიტომ ძლივს ამოვიღე ხმა და ვუთხარი, - ორსულად ვარ და მინდა, ბავშვი დალოცოთ-მეთქი.
ხელით მიმანიშნა ჭიშკარზე, გვერდით მომიჯდა, ფიცრის ნაჭერი კალთაზე დაიდო და თითით დამიწერა, - ყველაფერი კარგად იქნება, - შენი შვილები ძალიან ბედნიერები იქნებიან. მაშინ პირველ შვილზე ვიყავი ორსულად და გამიკვირდა, ვერც ვიფიქრებდი, რომ შემდეგ წელს უკვე ორი შვილი მეყოლებოდა.
- ბერი ნიკოლოზი როგორ გაიცანი?
- ბერი ნიკოლოზიც წიგნიდან გამაცნო მამა გაბრიელმა. ისიც უთქმელობის აღთქმაშია და ასევე უდიდესი ძალა აქვს. მის სანახავად ორსულობის პერიოდში იმის გამო ვერ ჩავედი, რომ ბორჯომსა თუ წაღვერში ცხოვრობდა, მაგრამ ადამიანს რაც გულით გინდა, თავისით გისრულდება.
ამ ამბიდან 2 წლის შემდეგ, ვაკეში ქუჩაში მივდიოდი, მერე ჩოჩქოლი ატყდა, გზის მეორე მხარეს დავინახე, ბერი ნიკოლოზი მიდიოდი და უკან ხალხი მიყვებოდა. გავიქეცი, ვიფიქრე, გზა რომ მოვჭრა, მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავირბენ და ახლოს მაინც დავუდგები, მადლი რომ გადმოვიდეს-მეთქი. ისე მოხდა, რომ თვითონაც მიწისქვეშა გადასასვლელით ისარგებლა და პირისპირ შევხვდი. მის დანახვაზე ისევე მომაწვა თვალებზე ცრემლები... ეს ადამიანები უდიდესი ძალის მატარებლები არიან...
კიდევ ბევრი პატარა სასწაულები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ალბათ ყველა რომ მოვყვე, წიგნი გამოგვივა...
როდესაც ადამიანი სწორ გზას ირჩევს, ის ეკლიან გზაზე ღმერთს საკუთარი ხელით დაჰყავს.
ასე შემიდგინა პირადი ცხოვრება ამ ოთხმა უდიდესმა სასულიერო პირმა. მინდა, ყველას ვუთხრა, ვინც საკუთარ თავს ღმერთს მიანდობს, ის აუცილებლად იგრძნობს მის ძალას.
- ახლაც აგრძელებ ამ გზით სიარულს?
- რა თქმა უნდა და მადლობას ვუხდი ოთხივე მამას. ჩემს ცხოვრებაში ჯერჯერობით მხოლოდ კარგი ხდება. სანამ სწორი გზით მივდივარ, ასეც იქნება.
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის