დედაქალაქის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე, ირაკლი შიხიაშვილი თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპების, პოლიტიკისა და ამჟამინდელი საქმიანობის, მომავლის გეგმების შესახებ გვესაუბრება.
- ბატონო ირაკლი, სანამ საკრებულოსთან დაკავშირებულ საკითხებს შევეხებით, მოკლედ გვიამბეთ, რას საქმიანობდით პოლიტიკაში მოსვლამდე? უკეთ გაგვაცანით თქვენი თავი.
- ცოტა შორიდან დავიწყებ და ჩემ შესახებ მოკლედ მოგახსენებთ: 9 აპრილს დავიბადე, 1972 წელს. 120-ე საშუალო სკოლა (წარჩინებით) დავამთავრე, რომელიც რუსულ-ქართული იყო და ეროვნული წინააღმდეგობები იქ უფრო გამძაფრებულად იგრძნობოდა. რუსული სექტორის ბავშვებთნ ვმეგობრობდით, მაგრამ ვინაიდან ქართულ სექტორთან ზოგადად კომუნისტურ-შოვინისტური დამოკიდებულება არსებობდა, ბუნებრივია, ეს გაღიზიანებას იწვევდა და პირველად, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობაზე მეც წავედი. 1989 წლის 9 აპრილს, წამოჩიტული, პატარა "არაფორმალი" ვიყავი. საკუთარ დაბადების დღეზე, რა ტრაგედიაც გადამხდა, ბევრ ახსნას არ საჭიროებს. ამ დღეს მეც ძალიან ნაცემი და სიკვდილის პირას მისული ვიყავი. ამის შემდეგ, ეროვნულ მოძრაობაში ჩავები. მაშინ დაიწყო დაძაბულობა ქვემო ქართლში, სამაჩაბლოში, აფხაზეთში და შესაბამისად, 18-19 წლის ბიჭს, გულიც რომ გერჩის და ქვეყანაც გიყვარს, მიგაჩნია, მთებს გადააბრუნებ, თუმცა გულწრფელობითა და სიყვარულით ხშირად პროვოკაციებზეც ბრმად ვეგებოდით. 18 წლის ბიჭის ცნობიერება სხვანაირი იყო და მაშინ მეგონა, რომ ყველაზე კარგად ვაზროვნებდი. სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ იცოდა, დამოუკიდებლობის პირობებში სახელმწიფოს მართვა. ჩვენ საკუთარი ქვეყნის ოპოზიციონერებად ვიქეცით. კინკლაობა გაცხარებაში გადაიზარდა და ალი აინთო, რომელსაც 15 წელი აქრობდა ქართველი საზოგადოება და ქართული სახელმწიფო ძლივს გადარჩა.
- ვის გვერდით იდექით მაშინ?
- ეროვნული კონგრესის მხარეს ვიყავი, თავიდან ირაკლი წერეთელთან, ირაკლი ბათიაშვილთან, თორნიკე ფიფიასთან ერთად, დანარჩენი ლიდერებიდანაც თითქმის ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა. შემდეგ, აფხაზეთის ომშიც ვიყავი და ერთ-ერთი ბრძოლის დროს, სადაც ერთ-ერთ ჯგუფს ვხელმძღვანელობდი, მძიმე ტრავმა მივიღე, კანტუზია მქონდა და საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, წელს ქვემოთ მოწყვეტილს, დახმარების გარეშე გადაადგილება არ შემეძლო. ღმერთს მთელი გულით ვევედრებოდი, - ოღონდ 21 წლის ბიჭი სავარძელში არ დამტოვო-მეთქი და პირობას ვდებ, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ჩემს ქვეყანას, პრინციპებს, ღირსებას არ ვუღალატებ და ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი შემეძლება-მეთქი. თუმცა, ყველას რომ რაღაც ვაპატიო, ჩემი თავისთვის იმ 9 წლის პატიება გამიჭირდება. ქართველმა საზოგადოებამ, რომლის წევრი მეც ვარ, დიდხანს ითმინა, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს... ქართველი მოითმენს სიცივეს, შიმშილს, ტკივილს, პრობლემას, მაგრამ ვერ მოითმენს ნამუსში ჩაფურთხებას, ღირსების შელახვას, შეურაცხყოფას, თავისუფლების გაუპატიურებას. პირველი ოქტომბრის წინ, სიმბოლურად, ყველას ბახტრიონის აჯანყება გაახსენდა - სასულიერო პირის გაუპატიურება ვერ მოითმინეს და ეს იყო ის ნაპერწკალი, რითაც ამბოხი დაიწყო. სიმბოლური იყო ისიც, რომ პირველი ოქტომბერი ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე გახლავთ.
- პოლიტიკაში როდის ჩაერთეთ?
- პოლიტიკაში 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩავერთე, როდესაც 27 წლისამ "მრეწველთა პარტიიდან" სამგორის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად ვიყარე კენჭი. იქ ჩემი უფროსი მეგობარი - რეზო შავიშვილი იყო, რომელთანაც ისეთი ურთიერთობა მქონდა, როგორც სიძე-ცოლისძმას შეეფერება. ჩვენ ეროვნული მოძრაობიდან ვმეგობრობთ. არჩევნებში რამდენიმე დეპუტატი მონაწილეობდა, ბიზნესმენები. მათ კვალობაზე ძალიან უსუსურად გამოვიყურებოდი, ჩემი ასაკი, გამოცდილება და ფინანსური შესაძლებლობები იმდენად მწირი იყო, რომ სერიოზულად არც განვიხილებოდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ 8 000 ხმა ავიღე და მადლობა იმ ადამიანებს, მაშინაც ნდობა რომ გამომიცხადეს და "მოქკავშირის" კანდიდატის - ცხონებული გიორგი ჯაყელის შემდეგ, მეორე ადგილი დავიკავე. მისი გარდაცვალების შემდგომ დანიშნულ არჩევნებში მიშა მაჭავარიანმა გაიმარჯვა, ცესკოში რამდენიმე საჩივარი უნდა შესულიყო, მაგრამ კატეგორიული წინააღმდეგი წავედი, რადგან ჩავთვალე, რომ აღარ ღირდა. ამის მერე, გავიდა ხანი, რეზო შავიშვილმა შექმნა პარტია - "ლიბერალები", რომლებიც აკეთებენ ბლოკს "ახალ მემარჯვენეებთან" და ამის გამო, ზოგს მათი პარტიის წევრი ვეგონე. მე მუდმივად რეზოსთან ერთად ვმოქმედებდი. იმ გუნდთან ერთად ვიყავი, რომელთან ერთადაც თავიდანვე მოვდიოდი.
- როგორ აღმოჩნდით "ნაციონალურ მოძრაობასთან"?
- დავინახე, რომ არჩევნების დროს, "მოქალაქეთა კავშირი" მიხეილ მაჭავარიანს უსამართლოდ უყალბებდა არჩევნებს, მიშას კი არ მივემხრე, უბრალოდ, სიმართლე დავაფიქსირე, რა და როგორ ხდებოდა. გარკვეული პერიოდის მერე მიშა მაჭავარიანს გაუჩნდა დაახლოების სურვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელიც მაშინ "ნაცმოძრაობას" არ წარმოადგენდა და თბილისის მერი იყო (სხვათა შორის, ის ჩემს პარალელურ კლასში სწავლობდა), სრულიად მოულოდნელად, დიდუბე-ჩუღურეთის გამგებლობა შემომთავაზა. გამოწვევების მიღება ძალიან მიყვარს, მით უმეტეს, როცა საშუალება მეძლევა, კარგი გავაკეთო. თუმცა, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ჩემს კანდიდატურას დიდი აგრესია მოჰყვა. ამბობდნენ, ჩვენი მტერიაო. ამ დროს, მიშა მაჭავარიანმა, სიტუაციის განსამუხტავად, ჩემსავე - სამგორის რაიონში გამგებლის მოადგილეობა შემომთავაზა და იქ 4 წელიწადი გავატარე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არასდროს ვყოფილვარ, რადგან ისეთ რამეებს ვხედავდი, რაც არ მომწონდა. ამ პარტიაში ბევრი კარგი ადამიანიც იყო, ვისაც მართლაც გულწრფელად უყვარდა თავისი ქვეყანა და ცდილობდა, რაღაც კარგი გაეკეთებინა. "ნაცმოძრაობის" პრობლემა იმ მმართველ გუნდში იყო, რომელმაც გახრწნა და ამორალურ ორგანიზაციად გადააქცია პარტია. ხელისუფლება და ძალაუფლება იმდენად შეუყვარდათ, იმდენად დაემონნენ მას, რომ დაიჯერეს, ყოვლისშემძლენი იყვნენ და კიდევ 18 წელი უნდა ებატონათ, რაც ღიმილის მომგვრელი იყო.
- რატომ არ გამოხატავდით პროტესტს, თუ ბევრ რამეს ხედავდით და არ მოგწონდათ?
- ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მაშინ ჩემს ჭიჭყინს შედეგი არ მოჰყვებოდა, ჯობდა, საქმე მეკეთებინა. "ნაცმოძრაობამ" საზოგადოების უმეტესი ნაწილის დამშევას იმ დონეზე მიჰყო ხელი, რომ ხალხმა ხვეწნა დაიწყო, ელემენტარული არსებობისთვის, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა რიგებში ყოფილიყვნენ. ასეთ გარემოში კი რთული იყო, რაიმე შედეგის მომტანი, სამართლიანი ამბოხის გამოხატვა. ყოველგვარი ფამილარობის გარეშე ვამბობ, რომ არა - ღვთის ნება, პატრიარქი და ბიძინა ივანიშვილი, ხალხი ვერ მოახერხებდა ამ მშვიდობიან ამბოხს, ძალადობის, სისასტიკის, უზნეობის წინააღმდეგ გამთლიანებას. 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში გადავწყვიტე, რომ ამ რეჟიმის დამხობაში მონაწილეობა მეც უნდა მიმეღო. როდესაც აშშ-დან ჩემი შვილის ნათლია, ნიკოლოზ ჩხეიძე ჩამოვიდა და მითხრა, - ამ თვალხილული სისასტიკის წინააღმდეგ მოძრაობას ვიწყებთო, ჩავთვალე, რომ "ნაცებთან" ყოფნას არათუ აზრი აღარ ჰქონდა, დანაშაულიც კი იყო. მათ რიგებს ბევრი ადამიანი ტოვებდა და ხალხს უერთდებოდა. საკრებულოს დეპუტატებს შორის, "ნაცმოძრაობის" მხრიდან ყველაზე დიდი აგრესია ჩემსა და მიშა ქავთარაძის მიმართ მოდიოდა, ძალიან გამწარებულები იყვნენ. არ მინდა, საზოგადოებამ ჩათვალოს, თითქოს ვინმეს მიმართ გაბოროტებული და დაბოღმილი ვიყო. არა. ჩემი დღევანდელი პასუხისმგებლობა ბოლომდე მაქვს გასიგრძეგანებული, საკრებულოს თავმჯდომარე უნდა ვიყო და არა - შურისძიებით აღვსილი პირი, რომ ვიღაც დავამარცხო. მათი დამარცხება უკეთესი საქმეების კეთებით მიმაჩნია და ამას შევძლებ კიდეც, თბილისელების გამარჯვებით.
- თუმცა, საზოგადოების ნაწილმა მედროვეებად შერაცხა ის ადამიანები, ვინც ჯერ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად მოქმედებდა, შემდეგ კი საერთო ენა "ქართულ ოცნებასთანაც" კარგად და დროულად გამონახა. საკრებულო ამის ერთ-ერთი მაგალითია. თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ და მათთვის სულერთია, რომელ ძალას მიემხრობიანო, ამბობენ...
- საზოგადოებას უფლება აქვს, საკუთარი მოსაზრება იქონიოს. ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ მამა ღმერთის გარდა, წინასწარ ვინმემ იცოდა, რა შედეგით დასრულდებოდა ოქტომბრის არჩევნები. ერთი დღით ადრეც კი ისეთი დაძაბულობა იყო, რომ ვერავინ გამოიცნობდა, რა მოხდებოდა. როგორც მოგახსენეთ, გადაწყვეტილება გაცილებით ადრე მივიღე. მახსოვს, ნიკა ჩხეიძეს ჟარგონით ვუთხარი: - ერთი რამ გვახსოვდეს, მე პატარა ჯარი მყავს. პატარა იარაღი და ცოტა ტყვიები მაქვს, ჰაერში არ გამასროლინო, თუ ვაკეთებთ, ბოლომდე ვაკეთებთ და უკან დახევა არ მოსულა-მეთქი. განცხადება რომ არ გამეკეთებინა, ამისთვის ცა და დედამიწა შეძრეს, ოღონდ ქვეყანამ ეს არ იცის.
- ახლა აღარაფერია დასამალი.
- ეს რომ მოგიყვეთ, ჩვენი ინტერვიუ შტირლიცის ცხოვრებას დაემსგავსება და არ ღირს. რისი გაკეთებაც მინდოდა, უფალმა შემაძლებინა, ჩემი სამეგობროს დახმარებით. განცხადება 21 სექტემბერს უნდა გამეკეთებინა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო, საფრთხე გაჩნდა ასევე, ჩემი შვილის წინაშე. მოვახერხე ის ქვეყნის გარეთ გამეყვანა იმის გამო, რომ არ ყოფილიყო რაიმე საბელი, რითაც ჩემი "გაკავება" იქნებოდა შესაძლებელი. ზუსტად ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯს უკან ვერავინ გადამადგმევინებდა, გამორიცხული იყო და როცა მართალი ხარ, ყველაფერი გამოგდის. მე და მიშა ქავთარაძე საკრებულოში რომ შემოვედით, ადამიანების გარკვეული ჯგუფი მაშინვე შემოგვიერთდა. საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ არ არის კარგად ცნობილი, თუ რამდენ მექანიზმს მიმართავდა "ნაცმოძრაობის" ეს დახვეწილი სტრუქტურა, რომ მათი რიგების რღვევა ყველანაირი ბერკეტით შეეჩერებინა. საკუთარ თავს მთელ ქვეყანასთან აიგივებდნენ და თუ მათ ვინმე ღალატობდა, სამშობლოს, ერის მოღალატედ თვლიდნენ. ვიცოდი, რომ სხვა პოლიტიკურ ძალასთან გადასვლა შეიძლებოდა, სიცოცხლის ფასად დამჯდომოდა. მადლობა ღმერთს, რომ ხელისუფლება შეიცვალა, თორემ ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა რისკის ქვეშ დგებოდა ყველა?
- საკრებულოს ბევრი ფუნქცია აქვს ჩამორთმეული. რა ბერკეტები აქვს ამჟამად? კონკრეტულად რა გევალებათ?
- ჩვენ თბილისელების მიერ ვართ არჩეულები და გვევალება, მათი ინტერესები გავატაროთ და მერიას რეალური ზედამხედველობა და არა - მტრობა გავუწიოთ. ჩვენი გეგმები შემდეგია: საკრებულო სერიოზულ მუშაობას დაიწყებს, რომ სამართლიანობა, რომელიც მთელ რიგ შემთხვევებში დარღვეული იყო, აღდგეს. ყველა კომისია, რომლებიც ფაქტობრივად, არ არსებობდა და მხოლოდ ქაღალდზე იყო დაფიქსირებული, აქტიურად იმუშავებს. ქალაქს ჰყავდა თბილისის მერი, გიგი უგულავა და საკრებულოს თავმჯდომარე, "გიგი უგულავა". პროცესებს ყველგან თვითონ მართავდა. ჩვენ ასეთი მესიჯი გვაქვს - საკრებულო გაცოცხლდა! აქ ცხოვრება დაიწყო და ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ეს დღეები მაჩუქა. ათეულობით ადამიანს ვხვდები და ეს მიღებები ყოველ ხუთშაბათს გაგრძელდება, საჭიროების შემთხვევაში - ძალიან გვიანობამდეც. პირველი პირიდან მიღებული ინფორმაცია ყველაზე მნიშვნელოვანია.
- ძირითადად, რა პრობლემებით მოდიან დედაქალაქის მკვიდრნი?
- მოგეხსენებათ, პრობლემა ძალიან ბევრია, მაგრამ უმეტესობა საცხოვრისთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს. ხვალ შეიძლება ქალაქში სავალალო მდგომარეობა მივიღოთ, ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანს საკუთარი ბინა ჰქონდეს და აუცილებლად უნდა შეიქმნას საბინაო ფონდი, რომელიც არ არსებობს. 37 წლის ადამიანი 5 წელია, ვერის ბაღში დედასთან ერთად, მუყაოს ყუთში ცხოვრობს. მისი ღვთისმოსაობით, სიმშვიდითა და სიძლიერით აღფრთოვანებული დავრჩი. ერთი არ დაუწუწუნია, აქეთ დამლოცა და მითხრა, - ღმერთმა მოგცეს იმის შესაძლებლობა, რომ დამეხმაროო.
- როგორ აპირებთ უგულავასთან თანამშრომლობას?
- მას თუ პრობლემა არ აქვს, მე არ გამიჭირდება. ხელს ვერ შემიშლის, რადგან ჩემი საქმე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ გიგი უგულავა ხელის შეშლას შეეცდება, ამის საშუალებას არ მივცემთ. ყველა საქმის გაკეთებას უკეთესად მოვახერხებთ, თუ თბილისის მერია "ნაცმოძრაობის" ბასტიონი აღარ იქნება და მოქალაქეების პრობლემებზე ისე იზრუნებს, როგორც საჭიროა.
- გამოდის, რომ უფუნქციო საკრებულოში მომუშავე ადამიანები ამ ხნის განმავლობაში ხელფასს ტყუილად იღებდნენ?!
- დამხმარე მუშების ფუნქციას ასრულებდნენ, გარკვეულ სამუშაოს აძლევდნენ, მაგრამ არა იმ მიზნით, რომ საკრებულოს ეფუნქციონირა. მოკლედ, ყველაფერს უგულავა განაგებდა.
- "ქართუს" თემასაც შევეხოთ. საერთოდ რატომ გაჩნდა თქვენი სახელი ამ თემის ირგვლივ, რა კავშირი გქონდათ "ქართუსთან"?
- ყველაზე მახინჯი ფორმები, რითაც კი შეიძლება ადამიანს ცილი დასწამო, "ნაციონალების" ტვინში იხარშებოდა. ყველამ კარგად იცის, რომ ირაკლი შიხიაშვილს "ქართუდან" სესხი არც გამოუტანია და არც არასდროს უსარგებლია. ეს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმაც ზუსტად იცოდა. თავიდან, ვითომ ბრალდებული ვიყავი, არადა, მოწმის სახით დამკითხეს. ამას ზურაბ ადეიშვილის დავალებების აღმსრულებელი - ნიკა მელია ავრცელებდა. "ქართუს" გაკოტრების თემა მისგან გვერდის ავლით არ მოხდებოდა. ტალახის, რომელიც თვითონ ესვა ხელზე, ჩემთვის შეწმენდა მოინდომა. იმის გამო, რომ ძალაუფლების დაკარგვას ვერ ეგუებიან, ყველაფერს იკადრებენ. "ქართუს", მის მფლობელს პრეტენზია არა აქვს და დამნაშავე რომ ვყოფილიყავი, ვინმე დამინდობდა? "ნაციონალები" უკვე წაქცეულები არიან და წაქცეულთან ჭიდაობა კაცის საქმე არაა. ვინ იყო მართალი და ვინ - არა, ამას დრო იტყვის. მე რაც შემიძლია, თბილისისთვის ბოლომდე გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს, უკან არ დავიხევ და ღმერთმა დამიფაროს, საკრებულოში დავასრულო ცხოვრება. არც ერთ სკამს არა აქვს ისეთი მიმზიდველობა, როგორიც - თავისუფლებას. როგორც კი თბილისელები ჩათვლინ, რომ მე აქ არ უნდა ვიყო, აღარ ვიქნები, სკამის შესანარჩუნებლად არანაირ მექანიზმს არ გამოვიყენებ.
თამთა დადეშელი
(გამოდის ხუთშაბათობით)