ჟურნალ "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა გადაცემა "ღია ეთერის" წამყვან ვახო სანაიას კომენტარს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე უპასუხა.
"ბ-ნი ვახო სანაია გამომეხმაურა. ოღონდ არა მის შესახებ სტატუსის ქვეშ, არამედ თავის კედელზე. როგორც ჩანს, ასე ურჩევნია. ვითვალისწინებ მის სურვილს და მეც ჩემს კედელზე ვპასუხობ.
ამ ბატონმა ჩემი სტატუსის ბოლო წინადადება აიღო და თავისი აზრი დაუპირისპირა:
"ამ გადაცემიდან მხოლოდ ერთი დასკვნა გამოვიტანე - ვახო სანაიას საკუთარი პროფესიაც და თავმოყვარეობაც ფეხზე ჰკიდია".
----------
ამ სტატუსიდან მეც გამოვიტანე ერთი დასკვნა: ამის დამწერი დილეტანტია ჟურნალისტიკაში და სტუდიაში დევნილების მოწვევა უთავმოყვარეობა და ცირკი ჰგონია." (c) სანაია
თავისთავად, სტატუსის ასე გაჭრაც მეტყველებს ვახო სანაიას პროფესიულ სტანდარტზე - მას სურს თავისი გვერდის მკითხველებს აჩვენოს, თითქოს მე დევნილების სტუდიაში მიწვევა მივიჩნიე ცირკად და არა ის, რომ გადაცემის ავტორმა არ იზრუნა იმაზე, რომ რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე, დაღუპული ჯარისკაცების დედები, ასევე გაუბედურებული ადამიანების მხრიდან შეურაცხყოფის საგნად არ ექცია.
ბატონო ვახო, ჟურნალისტიკა მრავალგვარი არსებობს და გეთანხმებით, მე დილეტანტი ვარ იმ ჟურნალისტიკაში, რომელიც სენსაციას ისახავს თვითმიზნად და არა მაყურებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას და დილეტანტად დავრჩები.
ამის მიზეზი ისაა, რომ მე საკმარის პატივს ვცემ მაყურებელს იმისთვის, რომ იაფფასიანი JUNK FOOD-ით არ ამოვუყორო მუცელი", - წერს ჩერგოლეიშვილი.
ჩერგოლეიშვილის პასუხი უკომენტაროდ ისევ არ დატოვა ვახო სანაიამ.
"დღეს ქალბატონი ჩერგოლეიშვილი (ბატონოთი მომმართა და ამიტომ ვიცავ მიმართვის ფორმას) აღნიშნავდა თავის გვერდზე, სანაია შეურაცხმყოფელ კომენტარებს არ შლისო. რა გავაკეთო, როცა კომენტარების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემს ყველა გვერდზე მისთვის მეტად არასასიამოვნო იქნებოდა. ვშალე, ვშალე და ბოლოს მივხვდი, აზრი არ ჰქონდა. მგონი აჯობებს, ყველა თავად დაფიქრდეს, რატომ წერენ მასზე ასეთ კომენტარებს, დაფიქრდეს ამ თემაზე და ნუ დახარჯავს ჩემთან დისკუსიაში დროს. თორემ მე, რა თქმა უნდა, არ ვემხრობი შეურაცხყოფას და არც ძალას დავიშურებ წასაშლელად (სანამ მეყოფა ენერგია)... ძვირფასო სააგენტოებო და ფრენდებო, აქვე გეტყვით, რომ ახლა ამ უინტერესო დისკუსიის ბოლო მონაკვეთი წაიკითხეთ. უკაცრავად, რომ ამის წაკითხვაც მოგიწიათ :))", - წერს სანაია.
თამარ ჩერგოლეიშვილი გუშინ სოციალურ ქსელში "ღია ეთერის" 8 აგვისტოს გამოშვებას გამოეხმაურა. მან გადაცემის წამყვანი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა.
ვახო სანაიას ბოლო "ღია ეთერი" რუსეთ-საქართველოს ომიდან მეხუთე წლისთავს მიეძღვნა. გადაცემაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან ერთად ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილები, ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ.
გადაცემის ეთერში გაშვების შემდეგ თამარ ჩერგოლეშვილმა სოციალურ ქსელში ვახო სანაია არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა. ჩერგოლეიშვილის პოსტს სანაიამ უპასუხა და "ტაბულას" რედაქტორი ჟურნალისტიკის დილეტანტად მოიხსენია.