ამერიკული გამოცემა World Politics Review საქართველოს შესახებ მაიკლ სესირეს სტატიას აქვეყნებს. როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ხუთი წლის წინ, როცა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია გადაკვეთეს და დე-ფაქტო საზღვრის გასწვრივ მდებარე სოფლებში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ თავდასხმების აღკვეთას და სადავო ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენას შეეცადნენ, რუსეთმა პასუხი არ დააყოვნა: მისი ჯარები ე.წ. სამხრეთ ოსეთში შეიჭრნენ და ქართველი სამხედროები გააძევეს. მცირეხნიანი, მაგრამ სასტიკი ომის შედეგად, ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, ათობით ათასი მოქალაქე კი დევნილობაშია.
"მართალია, მსოფლიო თანამეგობრობამ უარი თქვა მიებაძა მოსკოვისთვის და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ომმა ის მცირე იმედიც კი დაასამარა, რომელიც თბილისსა და სადავო ტერიტორიებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის არსებობდა. ბევრისთვის კი, ომი ერთი ეპოქის დასასრული და ახალი ეპოქის დასაწყისი აღმოჩნდა. ცივი ომის დასრულებიდან პირველად, რუსი სამხედროები სხვა სახელმწიფოში შეიჭრნენ", - აღნიშნავს მაიკლ სესირე.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ მოსკოვის გადაწყვეტილებამ - ცალმხრივად განეხორციელებინა საკუთარი მიზნები საქართველოში, ევროპის საზღვართან, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის უპირატესობის საფუძვლები, რომელიც ნატო-ს უდავო დომინირების დაუწერელ და ხელშეუხებელ წესებს ეფუძნებოდა.
"საქართველოში რუსეთის შეჭრამ არა მხოლოდ წარმოაჩინა ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ხარვეზები, რომელმაც ვერ შეძლო ეფექტური პასუხის გაცემა დაწყებულ ომზე, არამედ აჩვენა ისიც, რომ ვერ დაუპირისპირდა მას. მაშინ, როცა დღემდე მიმდინარეობს დავა იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე ამ ომში - ევროკავშირის საგარეო კომისიამ, შვეიცარელი დიპლომატის, ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით დაასკვნა, რომ კონფლიქტი რუსეთის პროვოკაციების ბუნებრივი შედეგი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ "პირველი გასროლა" საქართველოს მხრიდან მოხდა - მოსკოვის ქმედეგები მისი საგარეო პოლიტიკის "რეიმპერიალიზაციაზე" მიუთითებს", - აღნიშნავს მაიკლ სესირე.
როგორც სტატიაშია ნათქვამი, იმ დროს, როცა ბევრი შეშინდა, რომ რუსეთი აღადგენდა საკუთარ გავლენას რეგიონში და მის მიღმა, 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთის "ხელახალი იმპერიალიზაციის" პროექტის შესაძლებლობის ზღვრად მიიჩნევა.
"მაშინ, როცა ომი მოსკოვის მხრიდან ერთგვარი სიგნალი იყო, რომ ის ზესახელმწიფოს სტატუსს დაუბრუნდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთის გავლენა და ძალაუფლება არ გაზრდილა. სინამდვილეში, შავი ზღვის რეგიონი, ჰეგემონიისკენ რუსეთის მისწრაფების მთავარი ადგილი, შესამჩნევად პრორუსული ან მისდამი განსაკუთრებით ლოიალური არ გამხდარა. პირიქით, მოსკოვს დღეს იმაზე ნაკლები გავლენა აქვს რეგიონში, ვიდრე ხუთი წლის წინ ჰქონდა", - აღნიშნავს მაიკლ სესირე.
სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთმა საქართველოში თავისი ყველაზე ძლიერი ბერკეტები დაკარგა და მცირედი გავლენა დაიტოვა საზღვარზე პერიოდული პროვოკაციებით.
"მიუხედავად გასული წლის საპარალამენტო არჩევნებში ქართველი ამომრჩევლის მტკიცე უარისა "ნაციონალური მოძრაობისთვის", რომელიც ახლა ოპოზიციაშია, საქართველოს ახალი ხელისუფლება ტაქტიკურად მეტად პრაგმატულია, თუმცა საბოლოოდ ისიც ეწინააღმდეგება რეგიონში რუსეთის მიზნებს", - ნათქვამია სტატიაში.
მაიკლ სესირე ასევე აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი, რომელსაც რუსეთთან ტრადიციული, ინტერესებზე დაფუძნებული კავშირი ჰქონდა, მოსკოვთან გრილი ურთიერთობების ფაზაში შედის, რადგან ორ ქვეყანას შორის საგარეო პოლიტიკურ ხედვაში მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები გაჩნდა. სომხეთმა კი დაიწყო ფიქრი იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებულია ის რუსეთზე, რომელიც დომინირებს ამ კავკასიურ სახელმწიფოში, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს არც გეოპოლიტიკურად, არც ეკონომიკურად.
რაც შეეხება უკრაინა-რუსეთის ბოლოდროინდელ ურთიერთობას, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინის პროდასავლურ მთავარობას 2010 წელს ამომრჩეველმა უარი უთხრა, როდესაც ხელისუფლებაში ვიქტორ იანუკოვიჩის პრორუსული "რეგიონების პარტია" მოიყვანა. ახალმა მთავარობამ სერიოზულად გადახედა წინამორბედის პოლიტიკას და ოპოზიციის ლიდერი იულია ტიმოშენკოც კი დააპატიმრა შეთითხნილი ბრალდებებით, მაგრამ რუსეთის პოლიტიკა უკრაინის მთავრობასაც კი აღიზიანებს.
"ვილნიუსის სამიტი რუსეთის "ხელახალი იმპერიალიზაციის" ინიციატივის მარცხზე მიუთითებს. როდესაც საქართველო და რუსეთის ორი თითქოს უახლოესი მოკავშირე ევროკავშირში ინტეგრაციის სასარგებლოდ, ფაქტობრივად, უარს ამბობს მის საბაჟო კავშირსა და ევრაზიის კავშირის პროექტებზე, შავი ზღვის რეგიონში პოსტრუსული სისტემის საწყისები ჩნდება. აღმოსავლეთ პარტნიორობა მოსავლის აღებას იწყებს, ევრაზიის კავშირი კი სირთულეების განცდას. თურქეთი კი, მიუხედავად საკუთარი პრობლემებისა, გავლენის დამყარებას იწყებს შავი ზღვიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით კასპიის ზღვამდე. რუსული ენერგეტიკული მილსადენის პარადიგმა, დიდი ხნის გასაღები ეკონომიკური სტაბილურობისა და გეოპოლიტიკური გავლენისთვის, სწრაფად ნადგურდება, რადგან შავი ზღვის სახელმწიფოები ზღუდავენ მოსკოვზე თავიანთ დამოკიდებულებას", - წერს მაიკლ სესირე და დასძენს, რომ 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომის მემკვიდრეობა უფრო მკაფიო ხდება: 2008 წლის ომი შესაძლოა, მეხსიერებაში დარჩეს არა როგორც რუსეთის ძლევამოსილების მაჩვენებელი მის სამეზობლოში, არამედ როგორც პიკი, რომელმაც მისი ძლევამოსილების დაცემა გვაუწყა.
მომზადებულია World Politics Review-ის მიხედვით.