სათვალის უამრავი ბრენდი არსებობს, თუმცა ეკოლოგიურად სუფთა, ნატურალური მასალის - ხისგან მისი დამზადება მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დაიწყო. მხოლოდ მათ გადაწყვიტეს სათვალის ფორმისა და ხარისხის ხელოვნებად ქცევა. ერთი-ერთი კი სამხატვრო აკადემიის ქართველი სტუდენტი ლევან ლაშქარაშვილია, რომელმაც სათვალის ბიზნესში თავისი ბრენდი "ლაშქო" შექმნა. "ყველა სიახლე" დაინტერესდა, თუ საიდან გაუჩნდა სამხატვრო აკადემიის სტუდენტს ხის სათვალეების დამზადების იდეა და რატომ შეიძლება იქცეს მისი ნამუშევრები ოჯახურ რელიკვიად.
- სამხატვრო აკადემიაში, სანამ არქიტექტურაზე გადავიდოდი, რაღაც პერიოდი ავეჯის დიზაინს და ხეში კვეთას ვსწავლობდი. საკურსო ნამუშევარს ვამთავრებდი, როცა სათვალე გამიტყდა და მის შეკეთებას შევეცადე. სწორედ მაშინ დამებადა ხისჩარჩოიანი სათვალის დამზადების იდეა. ეკოლოგიურად სუფთაა, თან მსუბუქი და ძალიან ლამაზი. ამასთან, ხეს სულ სხვა ღირებულება აქვს, მით უმეტეს, თუ ძვირფასი ხისგან ამზადებ, რაც უფრო მეტი წელი გადის, მით უფრო ღირებული ხდება, ღვინოსავით. ხშირად ორი სახეობის ხის მასალით ვაკეთებ და ორი ფერის კონტრასტს ვქმნი. ძალიან ლამაზი გამოდის. ხეზე კვეთასაც დავეუფლე და ნებისმიერი სახის ორნამენტს ვატან. წარწერასაც, ინიციალებსაც. გააჩნია, სათვალის შემკვეთს რა სურს.
- თქვენ გარდა აქამდე არავის უცდია სათვალის ხისგან დამზადება?
- როცა ეს იდეა გამიჩნდა და მუშაობა დავიწყე, ეგ კითხვა მეც დამებადა. ამიტომ ინტერნეტში დავიწყე ძებნა და აღმოვაჩინე, რომ ერთი გერმანელი, ვინმე ჰერლიხტი ამზადებს ასეთ სათვალეებს. გული დამწყდა, რომ ჩემი გამოგონება არ იყო, მაგრამ რას ვიზამ, მეორე ხომ მაინც ვარ (იღიმის). ჩემგან განსხვავებით, ის უკვე ძალიან გამოცდილია ამ საქმეში და სათვალეებს ცნობილი და გავლენიანი ადამიანების დაკვეთით ამზადებს. რამდენიმე ცნობილმა დიზაინერმა სათვალეების მთელი კოლექციები დაამზადებინა და თავისი ბრენდით გაყიდა. მისი ერთი სათვალე ათასობით დოლარი ღირს. ძალიან ძვირად ღირებული ბრენდი HERLICHT-ი აქვს შექმნილი.
- საქართველოში თუ დაინტერესდა ვინმე თქვენ მიერ დამზადებული სათვალეებით?
- უფრო ინდივიდუალურ შეკვეთებს ვიღებ, მაგრამ ცოტა ხნის წინ ორი ახალგაზრდა დამწყები დიზაინერი დამიკავშირდა. საათვალეების დიზაინზე მუშაობენ, 10 ახალი მოდელი შექმნეს. გადაწყვიტეს, ხისგან დაემზადებინათ და მე დამიკავშირდნენ. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. როგორც მითხრეს, საზღვარგარეთ აპირებენ მის გატანას.
მარი ონეზაშვილი
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)