ბათუმში დაკარგულ გოგონას უშედეგოდ ეძებენ

ბათუმში დაკარგულ გოგონას უშედეგოდ ეძებენ

ბათუმთან ახლოს, ახალშენში მცხოვრებ 17 წლის დარეჯან დიასამიძეს ნათესავები უკვე მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ. დარეჯან დიასამიძე 7 აგვისტოს დილით 10:00 საათზე სოფელ ქვედა სამებაში ბიცოლას სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა დარეჯან დიასამიძის ფოტოები და საკონტაქტო ინფორმაცია ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე, ჯიხურებსა და ავტობუსის გაჩერებებზე გამოაკრეს.

როგორც დარეჯან დიასამიძის ბიცოლა ირინა ბურჯანაძე აღნიშნავს, მოზარდის შესახებ არავითარი ინფორმაცია ოჯახს ამ დრომდე არ აქვს.

"მესამე დღეა, რაც ბავშვი გაუჩინარებულია. რაიმე სახის საიმედო ინფორმაცია არ გვაქვს. დღეს ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ მოვედით, გამოვიარეთ გზა, რომელიც ბავშვმაც გაიარა და არავითარი კვალი არ არის. სამართალდამცველებიც ეძებენ. ქალაქში ფოტოები გამოვაკარით, საკონტაქტო ინფორმაცია მივუთითეთ და იმედი გვაქვს დაგვირეკავენ. შეყვარებული ჰყავდა, რომელიც ჩვენთან ერთად ეძებს", - აღნიშნა ირინა ბურჯანაძემ.

დაკარგული გოგონას მეზობელია საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე. დეპუტატმა, სოფელ ქვედა სამების გზაზე სწორედ იმ დროს ჩაიარა, როდესაც გოგონას ახლობლები იყვნენ შეკრებილი.

როგორც ვიცე-სპიკერმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დარეჯან დიასამიძის საკითხთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრიც ინფორმირებულია.

"ირაკლი ღარიბაშვილთან მისვლამდე ყველას ველაპარაკე. მე მაინც მგონია, რომ ახალგაზრდული მომენტი უფრო არის. ჩვენ ხომ შვილებს ღიად არ ვზრდით, ჩვენ ჩაკეტილ წრეში ვზრდით და ეს არის პრობლემა. ღმერთის ნებით, ყველაფერი კარგად იქნება", - აღნიშნა მურმან დუმბაძემ.

დარეჯან დიასამიძე მე-12 კლასის მოსწავლეა. გოგონას ტელეფონი 7 აგვისტოს, 10:00 საათზე გაითიშა, თუმცა იმავე დღეს 15:10 საათზე მხოლოდ ერთხელ ჩაირთო და ტექსტური შეტყობინება მეგობართან გააგზავნა, თუმცა ამ მოკლე ტექსტური შეტყობინების შინაარსი გახმაურებული არ არის.

როგორც ახლობლები ამბობენ, პოლიციამ დაკითხა ის ადამიანი, თუმცა ჯერჯერობით არავითარი კვალი არ არის.

დარეჯან დიასამიძის დედა წლების განმავლობაში თურქეთში მუშაობს. როგორც ოჯახის ახლობლები აღნიშნავენ, დედამ გაიგო გოგონას დაკარგვის შესახებ და საქართველოში დღეს ბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ