ამ ბოლო დროს მედიაში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის შესახებ, რომელიც რაიონში ჰესების მშენებლობას ეწინააღმდეგება. სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით ვესაუბრეთ ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორ ომარ ქუცნაშვილს.
- ბატონო ომარ, რამდენი ჰესი შენდება ყაზბეგის რაიონში და კიდევ რამდენის აშენებაა დაგეგმილი?
- ჩემი ინფორმაციით, მუშაობენ სამ პროექტზე, მშენებლობა მიმდინარეობს დარიალჰესსა (109 მგვტ) და ლარსიჰესზე (19 მგვტ), ხოლო გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროების ნებართვებს ყაზბეგიჰესი (6 მგვტ) ელოდება.
რაც შეეხება ყაზბეგის რაიონის დანარჩენ ჰესებს, ლაპარაკია შვიდ პროექტზე. სავარაუდოდ, აქ შეიძლება ჰიდროელექტროსადგური აშენდეს, მაგრამ მანამდე უნდა გამოჩნდეს ინვესტორი, რომელიც მიმართავს ენერგეტიკის სამინისტროს და შეისწავლის რომელიმე ამ პროექტს. ამის შემდეგ დაიწყება პოტენციური პროექტების დამატებით შესწავლა, ტექნიკურ-ეკონომიკურად დასაბუთება მათი განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ. ჰიდრო ან ნებისმიერი ელექტროსადგურის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი სამუშაო - შესწავლის, დაპროექტების, გადაწყვეტილების მიღებისა და განხორციელების ეტაპები. ჰესების აშენება საპასუხისმგებლო საქმეა, აუცილებელია, ყველა ეტაპის კვალიფიციურად გავლა და შესრულება.
- რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ეს ჰესები ქვეყნის ენერგოსექტორს?
- როგორც ყაზბეგის რაიონში, ასევე მთელ საქართველოში მშენებარე ჰესებზე სახელმწიფოს ინვესტორ კომპანიებთან გაფორმებული აქვს მემორანდუმი, სადაც გაწერილია ასაშენებელი ჰესის სავარაუდო სიმძლავრე, ჰესიდან მისაღები ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი, განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობა. ჰესში, როგორც საინვესტიციო პროექტში, ჩადებული ფული პირდაპირ მიმართულია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი სახელმწიფო ელექტროსადგურიდან იღებს ელექტროენერგიას შეთანხმებული ტარიფის მიხედვით, რაც საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს მზარდი მოთხოვნილების მიუხედავად ელექტროენერგიის ოპტიმალური და ხელსაყრელი ფასი მომხმარებელთათვის.
მაგალითად, მემორანდუმის მიხედვით, დარიალჰესი სახელმწიფოს 2025 წლამდე, 12 თვის მანძილზე, ელექტროენერგიას 9 თეთრად მიაწვდის, მაშინ როდესაც დღეს იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი 8,0 აშშ ცენტია და ეს ფასი მუდმივად მზარდია (გასულ წელს საშუალოდ 6,4 აშშ ცენტი იყო). პროგნოზის მიხედვით, 2025 წლისთვის იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი 15 ცენტზე მეტი იქნება. ასე რომ, ქვეყანაში გენერაციის მოცულობის გაზრდა სახელმწიფოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების ზრდას ნიშნავს.
- რა ეკოლოგიური ზემოქმედების ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს ყაზბეგის რაიონი რეგიონში მშენებარე ჰესების გამო. რა აწუხებს მოსახლეობას ყველაზე მეტად?
- ყაზბეგის რეგიონში მშენებარე ჰესების გამო გარემოზე ზეგავლენა მინიმალური, უმნიშვნელო იქნება. მშენებარე ჰესები დერივაციული ტიპისაა, რაც ნიშნავს წყლის ბუნებრივი ნაკადის მიმართვას ტურბინებზე წყალსაცავის შექმნის გარეშე. მშენებლობის დასრულების შემდეგ მიწის ნაკვეთები არ დაიტბორება.
ყველა ჰიდროპროექტს აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, სადაც გაწერილია შემარბილებელი ღონისძიებები, რომელიც ამცირებს ან ანეიტრალებს გარემოზე ზემოქმედებას. რაც შეეხება მოსახლეობას, მას ყველაზე მეტად დასაქმების საკითხი აწუხებს. გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია, ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს. მოსახლეობას ზოგიერთ საკითხზე ინფორმაციის ნაკლებობაც აქვს. მაგალითად, მოსახლეობაში ხშირად ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს თერგის მთლიანი ხარჯის 90% მილებში მოექცევა და არა საშუალო მრავალწლიური ხარჯის 90%. სწორედ ასეთი მცდარი ინფორმაცია განაპირობებს მოსახლეობის წინააღმდეგობას ჰიდროპროექტების მიმართ.
- რას ნიშნავს მდინარეში დატოვებული წყლის 10%?
- ეს ნიშნავს, რომ მდინარის იმ მონაკვეთზე, რაც არსებობს ჰესის სათავე ნაგებობის გასწორში (ადგილზე, საიდანაც ხდება წყლის აღება), საშუალო მრავალწლიური ხარჯის (მრავალი წლის განმავლობაში ყოველდღიური დაკვირვების შედეგად მიღებული რიცხვების საშუალო არითმეტიკული) 10% მუდმივად მდინარეში უნდა იყოს დატოვებული. მაშინ, როდესაც გაზაფხულზე, წყალდიდობისას, იმავე მდინარეში შეიძლება მოედინებოდეს 245-დან 450 მდე მ3/წმ, ხოლო ჰესი აიღებს, ვთქვათ, 30 მ3/წმ-ში, მდინარეში მოდინებულ წყალს არც ეტყობა დაკლება.
- მოსახლეობის ერთ ნაწილში გავრცელებული აზრით, მდინარე ყუროს ჩამოტანილი ქვები თერგს გააქვს და ჰესის არსებობის შემთხვევაში მდინარეში დატოვებული 10% წყალი ვერ შეძლებს ქვების გატანას, რაც მდინარის ქვებით ამოვსებას და შემდგომში მის ადიდებას გამოიწვევს. რამდენად რეალურია ეს არგუმენტი?
- ვიმეორებ, მოსახლეობა არასწორად არის ინფორმირებული. მდინარე ყურო მართლაც ღვარცოფული ხევია, რომელსაც რეგიონში წყალუხვობის პერიოდში საკმაო რაოდენობით ნატანი გამოაქვს. ყუროს გამონატანი, რომელიც წელიწადში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ შეიძლება მოხდეს, აუცილებლად თანხვედრაშია იმ მომენტთან, როდესაც თვითონ მდინარე თერგი არის წყალუხვი. ხშირად მდინარე თერგში ამ მომენტისთვის 60-70 და ზოგ შემთხვევაში კი 70 პროცენტზე მეტი წყალი რჩება. სხვანაირად რომ ავხსნათ, როდესაც ყუროს მოაქვს ღვარცოფი, თერგიც მაშინაა ადიდებული და აი, ამ დროს მისი ტრანზიტული ენერგია ნატანის გასარეცხად საკმარისზე მეტია. ყაზბეგიჰესის, რომლის განთავსებაც იგეგმება მდინარე ბროლისწყალზე, არც ერთ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას არანაირი კავშირი არ გააჩნია ხსენებულ პრობლემასთან. შესაბამისად, ამ პრობლემაზე მისი ზემოქმედება ნულის ტოლფასია.
- მოსახლეობის მიგრაცია საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან კვლავაც აქტუალურია. ეს პრობლემა ყაზბეგის რეგიონშიც მწვავედ დგას, რასაც ხშირად უკავშირებენ ჰიდროსადგურების მშენებლობას.
- უცნაურია, როცა რეგიონში რაიმე ახლის მშენებლობას მიგრაციას უკავშირებენ. პირიქით, როცა არაფერი ხდება რეგიონში და შემოსავალი არა აქვს, ხალხი ამიტომაც გადადის სხვაგან საცხოვრებლად. ყაზბეგი ულამაზესი ადგილია და ტურისტებშიც საკმაოდ პოპულარულია, თუმცა ამ წლების განმავლობაშიც ყველამ კარგად დავინახეთ, რომ ტურისტების არსებობის შემთხვევაშიც კი, ყაზბეგი მაინც ცარიელდება. მხოლოდ ტურისტულ მარშრუტებზე რეგიონის განვითარების აწყობა გულუბრყვილობაა. როცა რეგიონში არაფერი შენდება, როგორ განვითარდება, სად უნდა იმუშაოს ხალხმა? ჰესების და სხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელების შემთხვევაში კი ბუნებრივად გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. მოსახლეობას გაუჩნდება შემოსავალი და აღარ იფიქრებს სახლ-კარის მიტოვებაზე. სამუშაოს გაჩენას თან ახლავს ირიბი ეკონომიკური ეფექტიც, ვინაიდან იზრდება არაპირდაპირ დასაქმებული ადამიანების რიცხვიც, რაც ბუნებრივი პროცესია.
- ცნობილია, რომ ყაზბეგის რაიონს ტურისტულ მარშრუტებში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ბუნებაზე ზემოქმედება გამოიწვევს თუ არა რაიონის ტურისტული მიმზიდველობის დაქვეითებას, რა ელის დაცულ ტერიტორიებს?
- ყაზბეგს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს: თვალწარმტაცი ბუნება, ბიომრავალფეროვნება, ისტორიულ-კულტურული ძეგლები, მაგრამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ხელს კი არ შეუშლის ტურიზმის განვითარებას, არამედ დამატებით ინფრასტრუქტურას შექმნის. ამის მაგალითად შვეიცარიისა და ავსტრიის მაგალითი გამოდგება. ტურისტები სადგურებს, კაშხლებსა და წყალსაცავებსაც ათვალიერებენ. ყველა ჰიდროლოგიური სადგური ისეთ ადგილზეა და მათ მიერ დაკავებული ფართი იმდენად მცირეა, რომ ტურისტების მიმოსვლას ხელს ვერ შეუშლის. რაც შეეხება ჰესის მშენებლობას დაცულ ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, სანამ მშენებლობა დაიწყებოდა, სახელმწიფოს უკვე ამოღებული ჰქონდა ტერიტორია ყაზბეგის ეროვნული პარკის ფარგლებიდან.
- ოპონენტების თქმით, შეუსწავლელია მდინარის ჰიდროგეოლოგიური რეჟიმი, აგრეთვე ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ბიომრავალფეროვნებაც.
- ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დარიალჰესის შემთხვევაში, მდინარე თერგის საშუალო მრავალწლიური ხარჯი 1928-1940 და 1953-1986 წლების დაკვირვების შედეგებს ეყრდნობა, რაც ჰიდროლოგიური მეცნიერებისა და საპროექტო-სამშენებლო პრაქტიკისთვის სავსებით საკმარისია.
რაც შეეხება ზემოქმედებას ბიომრავალფეროვნებაზე. ყველა გზშ-ს ანგარიშში განხილულია ფლორისა და ფაუნისთვის მიყენებული ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებები, განხილულია ასევე ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების გზებიც. ამ დოკუმენტებში ჩადებული ღონისძიებების გატარების შემთხვევაში გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ან საერთოდ განეიტრალებული.
- რა სარგებელს მიიღებს უშუალოდ ყაზბეგის მოსახლეობა?
- როგორც მოგახსენეთ, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისას საქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. შემცირდება მიგრაციაც. ასევე ჰესის მშენებლობა და ოპერირება დიდ წვლილს შეიტანს ყაზბეგის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. შეიქმნება მაღალანაზღაურებადი დროებითი და მუდმივი სამუშაო ადგილები. ქონების გადასახადის სახით ადგილობრივ ბიუჯეტში შევა მნიშვნელოვანი რესურსი, რაც იმაზე მეტი იქნება, ვიდრე დღეს იღებს რაიონი ცენტრიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერის მეშვეობით. რაიონის გაზრდილი ბიუჯეტი უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტების უკეთ მუშაობას. რაც მთავარია, ჰესების მშენებლობისა და საზოგადოდ, ენერგეტიკის განვითარების გარეშე ეკონომიკის წინსვლა წარმოუდგენელია, ხოლო ეკონომიკის განვითარების გარეშე მოსახლეობის კეთილდღეობასაც ვერ მივაღწევთ.
- და ბოლოს, რას გვეტყვით ენერგეტიკისა და გარემოს ეროვნული ასოციაციის შესახებ?
- ეს ასოციაცია დაახლოებით ორი თვეა რაც შეიქმნა და გარდა კონკრეტულ ენერგეტიკულ პრობლემებზე მუშაობისა, მიზნად ისახავს საზოგადოებამდე ენერგეტიკასთან დაკავშირებული საკითხების სწორად მიტანას, მოსახლეობის მეტ ინფორმირებას დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ამოსავალი წერტილია, რომ ენერგეტიკის განვითარება აუცილებლად უნდა მოხდეს გარემოსთან ჰარმონიაში და არა მის ხარჯზე, არ შეიძლება ეს ორი სფერო იყოს ერთმანეთთან დაპირისპირებული და ურთიერთგამომრიცხავი, დღეს გარკვეულწილად შეინიშნება ასეთი სიმპტომები, რის გამოც ენერგეტიკის გარკვეული საზოგადოებრივი ლობირება აუცილებელია. კარგია, რომ ასოციაციაში წევრიანდებიან სფეროში მოქმედი კომპანიები და უამრავი ცალკეული სპეციალისტი. ვფიქრობ, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ენერგეტიკისა და ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანას.
ნინო ლაღიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)