საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინს ტერიტორიების სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანებასა და აშშ-სთან მეგობრობაზე უარის თქმას დაჰპირდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, პუტინმა დაუფიქრებლად უპასუხა, რომ "საქართველოს ტერიტორიებს მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციაზე ვერ გაცვლის".
პრეზიდენტის ინფორმაციით, ამის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთში შეიყვანა 26 ეშელონი, მათ შორის "გრადის" და "სმერჩის" ტიპის სისტემები, ოჩამჩირეში, გალსა და ჯავაში კი ბაზების მშენებლობა დაიწყო.
"ჩვენ ეუთო-ს მექანიზმების ჩართვა მოვითხოვეთ, რაც რუსეთმა დაბლოკა", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინისთვის მიწერილი წერილიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკება შესთავაზა, თუმცა პასუხად დამცინავი უარი მიიღო.
"მაისში ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რის შემდეგაც რკინიგზელების მეორე ბატალიონი შევიდა აფხაზეთში. ამის შემდეგ მივწერე მედვედევს წერილი, რომელიც ვფიქრობ, ისტორიკოსების კამათის საგანი გახდება. ჩვენ მათ ლტოლვილების შეყვანის სანაცვლოდ კოდორის ჩრდილოეთით გადანაცვლება შევთავაზეთ. ლტოლვილები შევიდოდნენ საერთაშორისო ადმინისტრაციის ქვეშ, სამაგიეროდ დავპირდით, რომ დავუკანონებდით ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრასა და სოხუმში, სოხუმის აეროპორტს, რკინიგზას, ანუ დე-ფაქტო ვაკანონებდით მათ ინტერესებს საქართველოს მნიშვნელოვან ნაწილში. მათ უარი განაცხადეს და მედვედევმა მომწერა, დაივიწყეთ ლტოლვილები და ტერიტორიაო", - განაცხადა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციით, ამის შემდეგ მედვედევს პეტერბურგში შეხვდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი მის მოხიბვლას ცდილობდა, თუმცა მაინც ეტყობოდა, რომ "ტყემალზე იჯდა".
"რუსეთის ისტორიაში ხშირად იყო, რომ საიდანღაც მოჰყავდათ არარაობა, რომელიც ყველას აჯდებოდა თავზე. ამიტომ ჩვენ მის ამბიციებს ვახალისებდით. ერთი-ორჯერ გაჰკრა კბილი პუტინს შეხვედრაზე, თუმცა ეს მარტივად მისახვედრი ფორმალობა იყო", - აღნიშნა სააკაშვილმა.