რუსეთს 2008 წლისგან განსხვავებით დღეს საქართველოში მეხუთე კოლონა ეგულება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო დღეს საფრთხის წინაშეა.
"არ მინდა, რომ ის, რაც რუსეთმა ქართველი ერის გმირული წინააღმდეგობის გამო 2008 წელს ვერ მიიღო, დღეს შეძლოს. საქართველოს მთავრობის განცხადებებით საფრთხე იზრდება, რადგან რუსეთს 2008 წლისგან განსხვავებით დღეს საქართველოში მეხუთე კოლონა ეგულება",- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოში არის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ღიად ფინანსდებიან რუსეთიდან და რუსულ პროპაგანდას ეწევიან.
"წინა არჩევნებზე 2 მილიარდი მისცეს გამარჯვებული სუბიექტის ლიდერს და ამას არავინ მალავს, მათ შორის არც თავად. ამიტომ მეშინია, მშვიდობიან დროს არ წავაგოთ ის, რაც მათ ვერ მიიღეს ომის, ენერგეტიკული ემბარგოს, ეკონომიკური ემბარგოს და პროვოკაციების გზით. ჩვენ თვითონ ჩავბარდეთ მაშინ, როდესაც საქართველოს აქვს შანსი, გახდეს თანამედროვე, წარმატებული ძალიან წინ წასული სახელმწიფო?! ამ არჩევანს ქართველი ხალხის ნაცვლად ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ გააკეთებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.