დასავლური პრესა და მუსიკოსები მას "მომავლის პიანისტს" უწოდებენ. არაერთი პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალის მონაწილე 25 წლის ხატია ბუნიათიშვილი, ივლისის ბოლოს შვეიცარიის კურორტ ვერბიერში ცნობილ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს Verbier Festival 2013-ს სტუმრობდა. ზედიზედ მესამე წელია, ბუნიათიშვილი ფესტივალის საპატიო სტუმარია.
"ხატია ვერბიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. 25 წლის ასაკში, ახალგაზრდა ქართველ პიანისტს არნახული კარიერა აქვს. მისი ვირტუოზული შესრულება, წარმოსახვისა და იმპროვიზაციის უნარი ერთნაირად ანცვიფრებს კრიტიკოსებსა და მსმენელს", - ვკითხულობთ ფესტივალის ოფიციალურ გვერდზე.
ვერბიერში გამართულ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილმა ლისტის, შუბერტის, შოპენისა და რაველის ნაწარმოებები შეასრულა და ფესტივალის ტელევიზიის ჟურნალისტთან ბლიც-ინტერვიუსთვისაც მოიცალა.
კითხვაზე, საკონცერტო ტურნეს დროს, რა არის მისი საყვარელი საჭმელი, პიანისტმა დაუფიქრებლად უპასუხა: "საყვარელი კერძი არ მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი და შეუცვლელი რაც მჭირდება - ეს წყალია". ხოლო კითხვაზე: რა მუსიკით მოიგერიებდა დათვ გრიზლის, ხატიამ უპასუხა: "ალბათ, სტრავინსკის "პეტრუშკას" დავუკრავდი. იქ არის რუსული თემები, რომელიც ხშირად აგრესიულადაც ჟღერს, რაც შესაძლოა შემაშინებელი იყოს... საერთოდ, რუსული აგრესია საშიშია, ასე რომ შეიძლება დათვიც შეშინდეს სტრავინსკით".