ზესტაფონში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ზესტაფონის სამოქალაქო დარბაზის" წევრებმა დღეს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის კახა ბენდუქიძის წინააღმდეგ გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები ზესტაფონში, სოფელ საქარის ისტორიული ღვინის მარნის გაუქმებასა და 1905 წლიდან დათარიღებული ღვინოების გაყიდვას აპროტესტებენ.
როგორც "ზესტაფონის სამოქალაქო დარბაზის" წევრმა ნაზი ცქიტიშვილმა განაცხადა, 130 წლის წინ დაარსებული ღვინის მარანი წინა ხელისუფლებამ აგრარულ უნივერსიტეტს დაუქვემდებარა. მისივე თქმით, უნივერსიტეტის მეპატრონე კახა ბენდუქიძემ მარანი გააუქმა და ღვინოების თითო ბოთლი 19 თეთრად შეიძინა, მაშინ, როცა ერთი ბოთლის ფასი 1000-დან 3000 დოლარამდე მერყეობს.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, 17 000 ბოთლი გასატანად უკვე გამზადებულია, რასაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან.