პოეტი, მთარგმნელი და ირანული კულტურის დიდი ქომაგი გიორგი ლობჟანიძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: "ჩემი ირანი სწორედ ასეთი ხალხია - ჩუმი, თავდახრილი, ღრმა და გულმართალი, კვეხნის მოძულე, საქმის მოყვარული. მათთან ურთიერთობამ განმიმტკიცა რწმენა, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია. ალბათ ძნელად თუ შეგხვდებათ ამაზე უფრო თბილი, მოსიყვარულე და განსხვავებულის მიმართ ასე კეთილგანწყობილი ერი". გიორგი ლობჟანიძის ცხოვრება წიგნებთან, ლიტერატურასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, თუმცა აღმოსავლური პოეზია მისთვის მაინც გამორჩეულად ძვირფასი და ახლობელია.
- ბატონო გიორგი, ალბათ, ეთანხმებით მოსაზრებას, რომ აღმოსავლურ პოეზიას აქვს ის განუმეორებელი ხიბლი, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს და არაფრით ჩამოუვარდება დასავლურს?
- რასაკვირველია. მსოფლიო ლიტერატურის საგანძურში აღმოსავლური პოეზია, აღმოსავლური ლიტერატურა დიდი განძია, მაგრამ მე არ შემიძლია ამგვარი დაყოფა: ადამიანები არ იყოფიან აღმოსავლელებად ან დასავლელებად, იგივე შეიძლება ითქვას ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და ისევე აუცილებელია ჩემთვის, როგორც ჰაერი.
- თუ გახსოვთ წიგნი, რომელიც თქვენი პირველი მეგზური გახდა ლიტერატურის მშვენიერ სამყაროში?
- პოეზია ჩემი სიცოცხლეა. არც კი ვიცი, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე, ან როგორ უნდა მეარსება ამქვეყნად. ძალიან რთულია ლაპარაკი იმაზე, თუ რომელმა პოეტმა გააღვიძა ჩემში პოეზიის სიყვარული, მაგრამ დღემდე მახსოვს: პირველი ლექსების კრებული, რომელმაც ბიძგი მომცა პოეზია შემყვარებოდა, იყო გივი ჭიჭინაძის "შადრევანი მღერის". როცა წავიკითხე, ძალიან პატარა ვიყავი, სკოლაშიც კი არ დავდიოდი, მაგრამ ახლაც მახსოვს, როგორ იმოქმედა ამ წიგნმა ჩემზე. იმ დღის შემდეგ ჩემი თავი საერთოდ არ მახსოვს წიგნის გარეშე. რაღაცნაირი, წუხილისა და შიშის მსგავსი განცდა მიპყრობს, როცა ჩემს ირგვლივ წიგნები არ არის. უწიგნურ ადამიანებთან ურთიერთობაც ძალიან მიჭირს. არ მესმის იმ ადამიანისა, რომელმაც წიგნის ფასი არ იცის, ყოველ შემთხვევაში, ასეთ ადამიანს ჩემთან ურთიერთობა ძალიან გაუჭირდება.
- უწიგნურ ქალზე რა აზრისა ხართ?
- ამ შემთხვევაში მე ადამიანებს ქალებად და კაცებად ნამდვილად ვერ დავყოფ. წიგნის კითხვა აუცილებელია როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვისაც. ასე რომ, უწიგნურ ქალთან ურთიერთობა ჩემთვის ისევე მიუღებელია, როგორც უწიგნურ კაცთან. ასევე გაუგებარია ჩემთვის გამოთქმა "ქალური ლიტერატურა". ვერ ვხვდები, რატონ ყოფენ ასე, ან რას გულისხმობენ მაგალითად, "ქალურ პოეზიაში".
- თუ შეგიძლიათ დაგვისახელოთ ლექსი, რომელიც გამორჩეულად გიყვართ?
- ძნელია გამოვარჩიო ერთი რომელიმე ლექსი, რადგან სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვა ლექსი მომწონდეს ჩემი განწყობილებისა და ბუნების შესაბამისად. ამჟამად ასეთი ლექსია გალაკტიონის "შემოდგომა "უმანკო ჩასახვის" მამათა სავანეში":
- ვეწვევი განდეგილ მამათა "უმანკო ჩასახვის" სავანეს:
იქ შავი თოვლივით დამათოვს ჭვარტლი და ბურუსი თავანის.
სიმკაცრით შემხედავს საშვენი თვალები შეკრული კამარის:
ჯვარს ეცვი, თუ გინდა, საშველი
არ არის, არ არის, არ არის!
- ქართველ პოეტებს შორის ალბათ ყველაზე მეტად გალაკტიონი გიყვართ.
- თუ არჩევანზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა, გალაკტიონს ამოვარჩევ, მაგრამ აქვე უნდა დავასახელო ვაჟა-ფშაველაც. რაც შეეხება პროზაიკოსებს, ჩემი უსაყვარლესი მწერალია მიხეილ ჯავახიშვილი, თანამედროვე ქართულ პროზაში კი ყველაზე მეტად ნაირა გელაშვილი მომწონს.
- სხვათა შორის, მყავს ნაცნობი, რომელიც ნაირა გელაშვილზე ამბობს: როდესაც მას კითხულობ, გრძნობ, რომ ადამიანი ხარო.
- სწორედ ეს არის მთავარი: კარგი ლიტერატურა ყოველთვის გაგრძნობინებს, რომ ადამიანი ხარ და საერთოდ, როცა მწერლის შემოქმედებაში არ იგრძნობა, რომ ის ადამიანისთვის და ადამიანზე წერს, მე მაგალითად, ასეთი ხელოვანი არ მაინტერესებს. თუ ხელოვნება შენში ადამიანობას არ აღვიძებს, ის ფუჭია.
- უცხოელ ავტორებს შორის თუ გყავთ რჩეული?
- ჩემი რჩეული შვედი პოეტი თომას ტრანსტრიომერია, რომლის პოეზიამაც ამ ბოლო დროს განსაკუთრებით მომხიბლა: ეს არის საოცრად განსხვავებული და სიღრმისეული პოეტი. მსოფლიო ლიტერატურაშიც ძალიან ბევრი საყვარელი ავტორი მყავს და ამიტომ, რომელიმე უცხოელი პოეტის დასახელება ძალიან მიჭირს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვყო ჯალალ-ედ-დინ რუმი, რომელიც ჩემი საყვარელი ავტორია. მე მას ორიგინალში ვკითხულობ და ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ჩემზე, მით უმეტეს ახლა, როცა მის პოეზიას ვთარგმნი. ექვსი წიგნიდან პირველი წიგნის თარგმნმა უკვე დავასრულე, ახლა კომენტარებს ვუკეთებ და გაოგნებული ვარ მისი სიღრმეებით, პოეტური წვდომითა და იმ ღირსებებით, რაც საერთო ჯამში პოეტს უნდა ჰქონდეს.
- და ბოლოს, დაგვისახელეთ წიგნები, რომლებსაც ვერ იშორებთ და ხშირად უბრუნდებით.
- რასაკვირველია, პირველ რიგში ეს არის ბიბლია და სახარება. სახარება ჩემთვის არის სამაგიდო, სასასთუმლე და საერთოდ - წიგნების წიგნი. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ვერ წარმომიდგენია როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი ცხოვრება გალაკტიონის გარეშე, რადგან ეს არის საოცრება, სასწაული. ასევე ვერ წარმომიდგენია ჩემი არსებობა ნებისმიერი კარგი პოეტის გარეშე. ამას აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით. გალაკტიონი რომ ვახსენე, აქვე გავიფიქრე, ვაჟას გარეშე გავძლებდი? - ალბათ ვერა. ასევე ვერ გავძლებდი დავით გურამიშვილისა და შოთა რუსთაველის გარეშეც. "ვეფხისტყაოსანს" რამდენჯერაც უნდა დავუბრუნდე, მასში ყოველთვის ახალ-ახალ სიღრმეებს აღმოვაჩენ ხოლმე. ბოლოს კი, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემთვის უპირველესი მაინც პოეზია და რელიგიური წიგნებია, არჩევანის წინაშე რომ დამაყენონ, ალბათ პროზას უფრო შეველეოდი, თუმცა ძალიან მიხარია, რომ ასეთი არჩევანის გაკეთება ჯერ არ დამჭირვებია.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)