საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჰაერი, რომლის გარეშე ადამიანს არსებობა არ შეუძლია, ჟანგბადთან ერთად მავნე ნივთიერებებსაც შეიცავს. წესით, ამ ნივთიერებების რაოდენობა დაშვებულ ზღვარს არ უნდა აჭარბებდეს. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის კვლევის შედეგად კი აღმოჩნდა, რომ საქართველოს დიდ ქალაქებში ჰაერის დაბინძურების დონე ძალიან მაღალია: მავნე ნივთიერებების დასაშვები რაოდენობა ნორმას რამდენჯერმე აჭარბებს. რაც შეეხება თბილისს, აქ მტვრის კონცენტრაცია ნორმას 3,3-ჯერ აღემატება. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ წლების განმავლობაში დედაქალაქში მოიჭრა უამრავი ხე და თითქმის აღარ არსებობს მწვანე საფარი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ამითაც არის გამოწვეული სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი და მძიმე დაავადებები, რომლებიც ჩვენი ყოველდღიურობის განუყრელი ნაწილი გახდა. სწორედ ამ პრობლემებზე ვესაუბრეთ მწვანეთა მოძრაობა - "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს.
- ქალბატონო ნინო, რა შეიძლება ითქვას კვლევაზე, რომლის მიხედვითაც მტვრის კონცენტრაცია თბილისში ნორმას 3,3-ჯერ აღემატება?
- ჩვენი ქალაქების, განსაკუთრებით კი, თბილისის მდგომარეობა ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით მართლაც რომ სერიოზულია: თუ 1990-იან წლებამდე დაბინძურება სამრეწველო ობიექტებით იყო გამოწვეული, დღეს ეს უკვე ტრანსპორტის ბრალია, რაც სერიოზული პრობლემაა. ვინც დილით, ადრე ასულა მთაწმინდაზე, აუცილებლად დაინახავდა ნაცრისფერ ზოლს ქალაქის თავზე, რომელიც ერთი შეხედვით, ნისლს მოგაგონებთ, თუმცა ეს სულაც არ არის ნისლი - მტვერია. ყველაფრიდან აშკარად ჩანს, რომ მტვრის შემცველობა ჰაერში მართლაც მაღალია.
- რას უნდა დავაბრალოთ ეს უსიამოვნო მოვლენა?
- პირველ რიგში ტრანსპორტს: დედაქალაქის გზები გადატვირთულია და საწვავის ხარისხიც არ არის შესაბამისი, რაც ნებისმიერ შემთხვევაში იწვევს ჰაერის დაბინძურებას. მესამე მიზეზი კი გაუმართავი გზებია - ქალაქის ცენტრში უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ პერიფერიებში ამ მხრივ ძალიან რთული სიტუაციაა. კიდევ ერთი მიზეზი არასწორად დაგეგმილი შუქნიშნების სისტემაა, რაც ტრანსპორტის არასწორ მოძრაობას და საცობებს იწვევს. ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ გამწვანებული ტერიტორიები თბილისში კატასტროფულად მცირდება, წლების განმავლობაში მშენებლობები მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს ჩვენი პარკებისა და სკვერების ხარჯზე, გამწვანების გარეშე კი სუნთქვა შეუძლებელია, იმიტომ, რომ მცენარეს შეუძლია შეაკავოს, დაილექოს მტვერი და შეამციროს ჰაერში მავნე ნაწილაკების რაოდენობა. ნებისმიერი ქალაქისათვის აუცილებელია მწვანე საფარი - წესით, ერთ სულ მოსახლეზე რამდენიმე კვადრატული მეტრი გამწვანებული ფართობი უნდა მოდიოდეს, ჩვენს პარკებში კი, ხეებისა და მცენარეების ნაცვლად, კორპუსებია წამოჭიმული. ეს ყველაფერი ერთად, გახდა მიზეზი იმისა, რომ შარშან თბილისი ერთ-ერთ არასასურველ ქალაქად მიიჩნიეს ცხოვრების პირობების მიხედვით, სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით - ეს სწორედ ჰაერის დაბინძურების გამო მოხდა.
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)