უჩვეულო და სახიფათო რიტუალები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კვლავაც არსებობს. მათ შორის განსაკუთრებით უჩვეულო, ძალადობრივი და სასტიკი რიტუალებიც შეგხვდებათ. ამჯერად ყველაზე უცნაურ და გამაოგნებელ რიტუალებს გადავავლოთ თვალი.
კანიბალიზმი - ინდუისტური რელიგიური სკოლის აგჰორის მიმდევრები, რომლებიც ინდოეთის ქალაქ ვარანასიში ცხოვრობენ, იმით არიან განთქმულნი, რომ მკვდრებს ჭამენ. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანის ყველაზე დიდი შიში სიკვდილის შიშია და ეს შიში მის სულიერ განათლებას უშლის ხელს. მკვდრის შეჭმის შემდეგ შეიძლება ამ შიშისგან გათავისუფლება და განათლების გზაზე დადგომა. ინდუიზმის მიხედვით, ხუთი ტიპის ადამიანების კრემაცია არ ხდება: წმინდანების, ბავშვების, ორსულების, გაუთხოვარი ქალების და ასევე იმისი, ვინც რაიმე გადამდები დაავადებისგან მოკვდა. ამ ადამიანებს წმინდა მდინარე განგში უშვებენ, იქიდან კი ბოლოს აგჰორის მიმდევრები იღებენ და რიტუალებისთვის იყენებენ.
მზის ცეკვა - როგორც ცნობილია, ამერიკის ძირძველ მოსახლეობას უამრავი რიტუალი ჰქონდა სულების პატივსაცემად. განსაკუთრებით საინტერესოა მზის ცეკვა, რომლის მეშვეობითაც ადამიანი პირდაპირ კონტაქტში შედის სიცოცხლის ხესთან. რიტუალის მონაწილეს ძელთან აქვს მიმაგრებული მკერდი (მკერდს უხვრეტენ, შიგ თოკს ატარებენ და იმ თოკის მეორე ბოლოს ძელზე ამაგრებენ), თვითონ კი შეიძლება საათების განმავლობაში აქეთ-იქით იმოძრაოს, რომ თავი გაითავისუფლოს.
ნებაყოფლობითი წამება - შიიტური ისლამის მიმდევრები მასობრივი თვითგვემის რიტუალს ყოველ წელს ატარებენ, მუჰარამის წმინდა თვის პერიოდში, რათა ჰუსეინის, წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის მოწამებრივ სიკვდილს მიაგონ პატივი. მამაკაცები რელიგიურ ტრანსში ვარდებიან და ტკივილს ვერ გრძნობენ, ამ დროს სამართებლებით ისერავენ სხეულს.
ძელიდან ხტომა - წყნარი ოკეანის კუნძულზე, სოფელ ბუნპალში, ტარდება რიტუალი სახელად გკოლი. ეს ერთგვარი ბანჯი-ჯამპინგის წინამორბედია. სოფლის მცხოვრებნი მღერიან, ცეკვავენ, მამაკაცები კი სახიფათო ხტომებისთვის ემზადებიან. ფეხებს ბაწრით იკრავენ და ძალიან მაღალი ძელებიდან ხტებიან, რომლებიც სპეციალურად ამ რიტუალისთვის არის მომზადებული. მიიჩნევა, რომ რაც უფრო მაღლიდან გადმოხტება ადამიანი, მით მეტად იქნება ღმერთებისგან დალოცვილი.
ციური დაკრძალვა - ტიბეტში ბუდისტებს უცნაური რიტუალი აქვთ. ბუდისტებს ხელახალი დაბადების წრისა სჯერათ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი სხეულის დაკრძალვა სიკვდილის მერე, რადგან სული უკვე გადავიდა სხვა სხეულში. სხეულისგან რომ რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლდნენ, სპეციალისტები გვამს ჭრიან და მტაცებელ ფრინველებს უმზადებენ, რომლებსაც მოწყალებასავით გადასცემენ გარდაცვლილთა სხეულის ნაწილებს.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია