გარდაცვლილი ლევან კორტავას მამიდა - საგამოძიებო ორგანოები დანაშაულის ჩაფარცხვას ცდილობენ

გარდაცვლილი ლევან კორტავას მამიდა - საგამოძიებო ორგანოები დანაშაულის ჩაფარცხვას ცდილობენ

გეგუთის კოლონიაში მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას მამიდა ხათუნა კორტავა აცხადებს, რომ საგამოძიებო ორგანოები დანაშაულის ჩაფარცხვას ცდილობენ.

როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ხათუნა კორტავა აღნიშნავს, მას უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩნია.

"საქმე გახსნილია, დამნაშავეები დაისჯებიან. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ლევანის ერთი წვეთი სისხლი, მაგრამ არ მჯერა, რომ მთავარი დამნაშავეები გამოაშკარავდნენ. ეს უბრალოდ ლოგიკაშიც არ ჯდება. დავუშვათ ერთმა ჩინოსანმა გაიმეტა, სად იყვნენ დანარჩენები, ციხეში მარტო ერთი კაცი მუშაობს. ამდენ ხანს ამუშავებდნენ ამ ბავშვს და ნუთუ არავის არ ესმოდა? სამსახურეობრივ გულგრილობაში მაინც არ ადანაშაულებთ ამ ადამიანებს? უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელიც არამარტო მე, საზოგადოებასაც აწუხებს. ვფიქრობ, საქმე გვაქვს დანაშაულის ჩაფარცხვასთან. არ მინდა ვიფიქრო, რომ უდანაშაულო ხალხს დაადეს ხელი, მაგრამ ვფიქრობ მთავარი შემკვეთები არ ჩანან და თუ ძლიერი არგუმენტები გაქვთ, დამაჯერეთ ბატონო, წინააღმდეგი არ ვარ", - მიმართავს ხათუნა კორტავა გამოძიებას.

ამასთან, იგი სასჯელაღსრულების სამინისტროს ახსნა-განმარტებას სთხოვს, თუ რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა რუსთავიდან გეგუთის კოლონიაში.

"ვითხოვ სსჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მომცეს ახსნა-განმარტება, რა მიზეზით გადაიყვანა ჩემი შვილი რუსთავის ციხიდან გეგუთში? ადრე იქ მას შეპირდნენ, რომ არ აპატიებდნენ, რომ 2008 წლის ხონის ციხიდან გაქცევის ორგანიზება არ აიღო თავის თავზე. მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ ეს გადაყვანა სპეციალურად მოხდა. გეგუთის ციხის ადმინისტრაცია ცნობილია ,,მაფიოზებად" და ჩემს გაჭირვებულ ბიჭს რამეს შეარჩენდნენ? ვითხოვ სამინისტროს ახსნა-განმარტებას რატომ გადაიყვანეს ლევან კორტავა გეგუთში ასე მოულოდნელად და რატომ არ იყო ეს ფაქტი ცნობილი ოჯახისთვის?", - აცხადებს ხათუნა კორტავა.

პროკურატურამ ლევან კორტავას საქმის გახსნის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა. კორტავას საქმეზე რამდენიმე პირს, მათ შორის გეგუთის კოლონიის 4 თანამშრომელს ბრალი წარდგენილი აქვს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ